ინტერაქტიული მულტიმედია
არქიტექტორ-რესტავრატორმა ბიზნესი დედაქალაქის ნაცვლად მშობლიურ მხარეში განავითარა
ხატია კაკაჩაშვილი წარმოშობით ვალედან არის. უმაღლესი განათლება თბილისში მიიღო, პროფესიით არქიტექტორ-რესტავრატორია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, შეეძლო დედაქალაქშივე ემუშავა და მოეწყო კარიერა, თუმცა გადაწყვიტა მშობლიურ მხარეში დაბრუნება და ბიზნესის დაწყება.



თავდაპირველად, სამოყვარულო დონეზე კერავდა საოჯახო თეთრეულს. კერვა ბავშვობიდან უყვარდა და ყოველთვის სურდა, ტანსაცმლის მოდელირების ხაზისთ წასვლა. 2016 წლიდან სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსდა და სამუშაოდ მოტივაცია აუმაღლდა. საკუთარ სახლში, პატარა კუთხე მოიწყო, სადაც დაფინანსებული თანხით საკერავი მანქანები შეიძინა. მაშინ ახალი წელი ახლოვდებოდა და ფიქრიც ახალ კოლექციაზე დაიწყო.

„ახალ წელს, ახალი რამ უნდა შემეთავაზებინა მომხმარებლებისთვის და ეს იყო საახალწლო სუფრები“ - იხსენებს ხატია ჩვენთან საუბრისას.




იმ დღიდან, სადღესასწაულო სუფრების შეთავაზება მომხმარებლებისათვის გააგრძელა, თუმცა სიახლეებიც შეიტანა. საწყის დონეზე, შეკერა საბავშვო თეთრეული და გამოსაყვანები. ამ ყველაფერთან ერთად, ახალ გამოწვევასაც შეეჭიდა და საბავშვო კარვების კერვაც დაიწყო. პირველი კარავი 2017 წელს, დიშვილებისთვის შეკერა და სწორედ ამან გადააწყვეტინა, რომ კარვები სხვა ბავშვებისთვისაც უნდა შეეკერა.

„პირველი კარავი ჩემი დიშვილებისთვის შეიკერა. რომ დაინახეს, იმდენად გაეხარდათ და იმხელა ემოცია დავინახე მათში, მივხვდი რომ ეს საქმე უნდა გამეგრძელებინა და სხვა ბავშვებიც გამეხარებინა“



ერთ წელიწადში კარვების შეკერვა აქტიურად დაიწყო და ხელი იმდენად გაიწაფა, რომ დღის განმავლობაში 3 საათი სჭირდება ერთი კარავის შესაკერად. ბიზნესი ნელ-ნელა განავითარა. სახელმწიფო პროგრამით მეორედაც დაფინანსდა და საკერავი მანქანები დაამატა.



ახდენილ ოცნებას თავისი სახელის და გვარის ინიციალები K&K უწოდა, სოციალურ ქსელში გვერდი შექმნა და შეკვეთების მიღება Facebook-ით დაიწყო. მსურველები საქართველოს მასშტაბით ჰყავს, თუმცა როგორც თავად ამბობს, შედარებით აქტიურია ბათუმი, ქუთაისი და თბილისი. ახლა ცდილობს, ზაფხულის პერიოდში სეზონს მოარგოს თავისი ნამუშევარი და კარვებს ისეთ ფერებში კერავს, როგორიც ზღვას და მთას მოუხდება.




ხატია კაკაჩაშვილი, ერთადერთია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ვინც ბავშვებისთვის კარვებს კერავს.




ხატია ამბობს, რომ კარვები ბავშვებისთვის არამხოლოდ ზღვაზე და მთაში ყოფნის დროს არის კარგი, არამედ სახლშიც შესაძლებელია მისი განთავსება და პატარებისთვის ცალკე, მყუდრო სივრცის მოწყობა. მკერავის თქმით, ბავშვებს წიგნების წაკითხვა და მეცადინეობა, მშვიდ გარემოში შეეძლებათ, რაც ეხმარებათ გარკვეული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.



მიუხედავად იმისა, რომ ხატია კერვით აქტიურად არის დაკავებული, არც საყვარელი პროფესია მიუტოვებია. ახალციხის მერიაში, არქტიტექტორ-რესტავრატორად მუშაობს და პარალელურად ცდილობს ბიზნესის განვითარებასაც, რაშიც მას აქტიურად ეხმარებიან ოჯახის წევრები.

გარდა იმისა, რომ ბიზნესი დაიწყო თავის პატარა მშობლიურ მხარეში, დაასაქმა 3 ადამიანიც, რომელიც კარვების კერვაში ეხმარება და ახლა არა სამ საათში, არამედ უფრო მალე და უფრო მეტი კარავი იკერება ნაკლებ დროში. ხატიას საკმაოდ დიდი გეგმები აქვს სამომავლოდაც. გადაწყვიტა ვალეში სამკერავლო გახსნას, სადაც თან შეკერავს და იქვე გამოყოფილ სივრცეში გამოფენა-გაყიდვას მოაწყობს. ახალი ფართი უკვე შეიძინა და ერთი სული აქვს როდის გააგრძელებს მუშაობას ახალ გარემოში.



„მინდა რომ showroom მოვაწყო. საკმერვალოში მოსულ ადამიანს, შეეძლება შეკვეთის მოცემაც და უკვე არსებულის დათვალიერება და სურვილის შემთხვევაში მისი შეძენა. ასევე ვაპირებ, რომ დედა-შვილის ხაზით დავიწყო ტანსაცმელების შეკერვა ზომების მიხედვით. ანუ კოლექცია გამოვუშვა და არა ზომები ავიღო და ისე დავიწყო კერვა. თვის ბოლოდან ახალი კარვების შეთავაზებასაც ვაპირებ ჩემი მომხმარებლებისთვის“ - ამბობს ხატია კაკაჩაშვილი.

იხსენებს იმასაც და გულდაწყვეტით გვიყვება, რომ ემიგრანტები მას ხშირად ეკონტაქტებიან, ჰგონიათ რომ დიდი საწარმო აქვს რეგიონში და დასაქმებას სთხოვენ. ახალგაზრდა მკერავს სურვილი აქვს რომ ბიზნესი ისე განავითაროს, რომ საქართველოდან წასული მოქალაქეები მშობლიურ ქვეყანაში დააბრუნოს და თავის სამკერვალოში დაასაქმოს.



„ხშირად მოუწერიათ ემიგრანტებს, სოციალურ ქსელში K&K "ქეი&ქეი"-ს გვერდზე, რომ უნდათ საქართველოში დაბრუნება და სხვა ქვეყანაში, სხვა საწარმოში მუშაობას ურჩევნიათ თუ მშობლიურ ქვეყანაში იმუშავებენ ასეთივე ან მსგავს საწარმოში. შორიდან, ალბათ ბევრს ჰგონია რომ დიდი სამკერვალო მაქვს, არა და ახლა ერთი პატარა ოთახი მაქვს სახლში გამოყოფილი და ჯერ-ჯერობით საკუთარი თავის შენახვას ახერხებს ეს ბიზნესი. თუმცა, სამომავლოდ მაქვს სურვილი, რომ ბიზნესი კიდევ უფრო განვავითარო, დიდი სამკერვალო გავხსნა ჩემ მშობლიურ ვალეში და ის ემიგრანტებიც, მშობლიურ ქვეყანაში დავაბრუნო“ - ხატია.



FaceBook Twitter