ინტერაქტიული მულტიმედია
წყლის ავსება დასწრებით - ზანავში, წყალს და საკანალიზაციო სისტემას ითხოვენ
ზანავი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პატარა სოფელია, ქალაქიდან 9 კმ-ში მდებარეობს და აქ დაახლოებით 120-მდე ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივებს ბევრი პრობლემა აქვთ, თუმცა განსაკუთრებით აწუხებთ წყლის და საკანალიზაციო ქსელის პრობლემა, რომელიც სოფელში უკვე წლებია მწვავედ დგას.



55 წლის ქეთევან რაზმაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც წყლის პრობლემა აწუხებს. ყოველ დილით, წყალს შესაბამის ჭურჭელში იმარაგებს, რომ ტექნიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. სასმელად მისართმევს კი ბოთლებში ავსებს. წყალს წინასწარ იმიტომ იმარაგებს, რომ იცის რამდენიმე საათში წყალი შეწყდება და მთელი დღის განმავლობაში ოჯახი უწყლოდ დარჩება.

„დილით მოდის 1-2 საათით. თუ მოვასწარით ავსება, ხომ კარგია თუ არა და მერე ვართ ცოდოები. იმდენი „ცისტერნაც“ სად გვაქვს, რომ მთელი დღის საყოფი წყალი ავავსოთ. დღის მეორე ნახევარში მარაგი რომ ამოგვეწურება, მერე ვეზიდებით ხან საიდან, ხან საიდან“ - გვიყვება ზანავის მკვიდრი ქეთევან რაზმაძე.



იგივე პრობლემა აწუხებს ქეთევანის მეზობელს, რუსუდან რაზმაძესაც. ისიც ანალოგიურად, დილიდან ზრუნავს წყლის მომარაგებაზე. დილის შემდეგ, წყალი ყველა ოჯახში წყდება და ვინც ავსებას ვერ ასწრებს, რჩება უწყლოდ.



76 წლის ქალბატონი ამბობს, რომ წყლის ავზში არ არის საკმარისი რაოდენობის წყალი, დებეტი არ ჰყოფნის და წყალი წყდება.

„დაცხება თუ არა, წყალი წყდება. აკეთებენ, აკეთებენ 2-3 წელია და იქ არაფერი გაკეთებულა, მოდის მღვრია და უბედური წყალი, რაც ღელეში მიედინება. აბანო გვაქვს და წყალი არა, ვართ ასე საცოდავად“ - წუხს რუსუდან რაზმაძე.




ზანაველები იმასაც ამბობენ, რომ სოფლიდან აღარც ადგილობრივები გაიქცეოდნენ და მეტი დამსვენებელიც დარჩებოდა აქ, წყალი რომ მოდიოდეს. ამას ემატება საკანალიზაციო სისტემის პრობლემა, რაც არანაკლებ აწუხებს მოსახლეობას. ჭურჭლის, სარეცხის და სხვა ტექნიკური მიზნებისთვის გამოყენებულ წყალს ღელეში უშვებენ. უკვე წლებია, აქ მაცხოვრებლებს ეს პრობლემა აწუხებთ.

„სოფელში, სადაც 120 კომლი ცხოვრობს, კანალიზაცია არსად არ არის. აი ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა“ - გვეუბნება ამ სოფლის მაცხოვრებელი.




„ჩემს ეზოში მაქვს ორმო გაკეთებული, ჭურჭელს რომ ვრეცხავთ და აბანოს წყალს, მანდ ვუშვებთ. საპირფარეშოები გვაქვს ორმოებზე გაკეთებული“ - ამბობს ლენა კიკაძე.



ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში ორივე პრობლემა კარგად ნაცნობია. ადგილობრივ ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ ზანაველებს წყლის პრობლემა მალე მოუგვარდებათ. რაც შეეხება საკანალიზაციო სისტემას, მერის მოადგილე ბუბა ბერიძე, ამ პრობლემის მოგვარების ვადებზე ამ ეტაპზე ვერ საუბრობს და ვერც კონკრეტულ დაპირებას იძლევა.

„სასმელ წყალთან დაკავშირებით, ხელშეკრულება უკვე მზადაა. ველოდებით ნებართვას დაცული ტერიტორიების სააგენტოდან, რომ მოხდეს აღნიშნული სამუშაოების ჩატარება, რაც გაზრდის წყლის დებეტს და მოსახლეობას ექნება სუფთა სასმელი წყალი. ეს კი მოაგვარებს ზანაველების მრავალწლიან მნიშვნელოვან პრობლემას. საკანალიზაციო სისტემასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე გამიჭირდება ხალხისთვის დაპირების მიცემა და კონკრეტულ ვადებზე საუბარი. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ იქ სადაც დაგეგმილი გვაქვს გზის რეაბილიტაცია, აუცილებლად მოხდება მიწისქვეშა კომუნიკაციის მოწესრიგებაც. შესაბამისად, ეტაპობრივად მოხდება ზანავში საკანალიზაციო ქსელის მოწყობაც“ - აცხადებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე.



ფაქტია, რომ ზანაველებს ლოდინი ისევ მოუწევთ, ყოველ დილით წყლის ავსებაზე, სამომავლოდ კი ორი უმთავრესი პრობლემის მოგვარებამდე. წყლის და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების შემდეგ კი ადგილობრივები იმედოვნებენ, რომ ზანავი ტურისტულ სტატუსსაც შეიძენს და ზაფხულობით დამსვენებლები მათ სოფელსაც ესტუმრებიან.



FaceBook Twitter