ინტერაქტიული მულტიმედია
მაღალმთიან ზონაში ბავშვები გასართობების გარეშე
ბორჯომის მაღალმთიან ზონაში, ბავშვების სიმცირეს არ უჩივიან, ირგვლივ მათი ჟრიამულის ხმა ისმის, თუმცა გასართობები მხოლოდ მოლითშია. ამ სოფელში საბაზისო, 9 კლასიანი სკოლაა, სადაც 23 მოსწავლე ირიცხება. ამ სკოლასთან კი ეს ერთადერთი ატრაქციონია, რომელზეც პატარებს თამაში და დროის გატარება შეუძლიათ. 



თუმცა, მოლითელი ბავშვები ამბობენ, რომ სოფელში ვერ ერთობიან. ფეხბურთის თამაშის მსურველებს არც ბურთი აქვთ და არც მოედანს აქვს ნორმალური ბადე. შესაბამისად თამაშობენ, ქუჩაში ღია ცის ქვეშ და ცდილობენ დრო რამენაირად გაიყვანონ.




„ბურთი არ გვაქვს, ბადე არ არის ხელბურთისთვის. სპორტდარბაზი გვინდა რომ იყოს, შევიდოდით და ვითამაშებდით“ - ამბობს მოლითში მცხოვრები 12 წლის გია არუთუნიანი.



„საფეხბურთო მოედანი ნორმალური არ არის, ბურთი არ გვაქვს, ბადეც დაზიანებულია. გვინდა რომ მოეწყოს და შევძლოთ ნორმალურად თამაში. ერთი ატრაქციონია და იმაზე მე ვერ გავერთობი. ჩვენთვისაც ხომ უნდა იყოს რამე სოფელში“ – წუხს 20 წლის სერგო არუთინიანი.

იმის გამო, რომ მოზარდებისთვის გასართობი ადგილი მოლითში ნაკლებად არის. ახალგაზრდები სოფლის ბირჟაზე იკრიბებიან და დრო საუბარში გაჰყავთ.



სოფლის ბიჭები თუ ბირჟაზე დგანან, გოგონებს სახლში მოფუსფუსეებს დაინახავთ და საოჯახო საქმეების კეთებაში დაკავებულებს. სოფელში გართობის ნაცვლად, ისინი მშობლებს ეხმარებიან.



ყველა ცდილობს დრო გაიყვანოს, ზოგი საქმეში ერთვება, ზოგი კი თავისებურად ერთობა.






მეზობელ სოფელში, ჭიხარულაში საბავშვო ბაღი არ არსებობს. სკოლა 4 კლასამდეა, ამის შემდეგ კი მოსწავლეები სწავლას მე-12 კლასის ჩათვლით, ბალანთაში აგრძელებენ. სომხურ სექტორზე 67 მოსწავლეა, ქართულ სექტორში კი 15 ბავშვი ირიცხება. სკოლის შემდეგ, ამ ბავშვებს გასართობი ფაქტობრივად არაფერი აქვთ. ჭიხარულაში, უნანიანების საცხოვრებელი ეზო, სოფლის ბავშვებისთვის მთავარი გასართობი ადგილია.



ბაბუამ, შვილიშვილს და მეზობლის ბავშვებს, საკუთარი ხელით აწყობილი გასართობები მოუწყო. აქ ბავშვები ხშირად იკრიბებიან და გოგონები განსაკუთრებით ხან ტორტს აცხობენ, ხან კიდევ კერძებს ამზადებენ.



შესაბამისად, ამ გოგონებისთვის ეს ეზო გასართობი ადგილიცაა და მათი „სამზარეულოც“, სადაც შეუძლიათ თავიანთი კულინარიული შესაძლებლობები გამოავლინონ. მათ მაგიდაზე უამრავ „ინგრედიენტს“ შენიშნავთ, რაც კერძების მოსამზადებლად თუ ნამცხვრების დასაცხობად სჭირდებათ.



„ეზოში ვაცხობთ ტორტებს, კერძებს, ერთად ვიკრიბებით მეგობრები და ასე გაგვყავს დრო“ - გვეუბნება 6 წლის ლეილა უნანიანი და მას ეთანხმება მისი მეგობარი ანა აკოფიანიც.

„სულ გვპირდებიან რომ გავაკეთებთ, გავაკეთებთო, მაგრამ დღემდე არაფერი გაკეთებულა ბავშვებისთვის“ - ამბობს 6 წლის ლეილას ბაბუა - ცოლაკან უნანიანი.

ბალანთაშიც და ტაბაწყურშიც გასართობების გარეშე არიან დარჩენილი ახალგაზრდები. სომხურ თემში მაცხოვრებლები ამბობენ, რომ სკოლის საფეხბურთო მოედანი, ერთადერთია სადაც გართობას ახერხებენ. წვიმიან ამინდში კი სკოლის დარბაზში შედიან და იქ აგრძელებენ თამაშს.



ტაბაწურში, ბავშვები ამბობენ, რომ სოფელში საბავშვო ბაღი არ არის, საფეხბურთო მოედანზე კი ინფრასტრუქტურა განახლებას საჭიროებს, რადგან აქ არც ხელოვნური ბალახია და თამაშის დროს ისინი ხშირად შავდებიან. სურვილი ბევრი აქვთ, თითოეული მათგანი გვიყვება თუ რა სურს სოფელში.

„სიმღერის სტუდია მინდა რომ იყოს, ასევე ვივლიდი ფიტნესზე და იოგაზე“ - გვეუბნება 13 წლის ირინა მარტიროსიანი და მის გვერდით მდგომი ედიკ ხაჩატურიანიც ამატებს - „მე მინდა რომ კარატეს, ბოქსის და ძიუდოს წრეები იყოს სოფელში, აუცილებლად ვივლიდი“. საუბარში ჩაერთო მათი თანატოლი ვართანუშ არუთინიანი, რომელმაც შემოგვჩივლა, რომ დღესაც დაშავდა ამ საფეხბურთო მოედანზე და მის მსგავსად ბევრი წაქცეულა. „კარგი საფეხბურთო მოედანი გვინდა, რომ ხელოვნური ბალახი იყოს, თორემ დღესაც წავიქეცი და დავშავდი, ასე არიან სხვებიც. არც ბადე ვარგა, ბურთი იქით გვივარდება ხოლმე, გასაკეთებელია“.



ასეთია ბორჯომის მაღალმთიან ზონაში, ბავშვების და ახალგაზრდების ცხოვრება. სკვერების, ატრაქციონების და ყოველგვარი გასართობი ადგილის გარეშე დარჩენილ სოფლებში, ისინი თავად ფიქრობენ, როგორ გაიყვანონ დრო მთელი დღეების განმავლობაში.



ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში, აცხადებენ რომ ტაბაწყურში მცხოვრებ ბავშვებს მალე ახალი სპორტული მოედანი ექნებათ. ასევე მოეწყობა „ტრენაჟორები“. მერის მოადგილის, ბუბა ბერიძის განმარტებით, ბალანთასა და ჭიხარულაში წელს სხვა პროექტების განხორციელება მიმდინარეობს, ბავშვებისთვის ატრაქციონების და სხვა გასართობი ადგილების მოწყობას კი მომავალი წლიდან გაითვალისწინებენ.

FaceBook Twitter