ინტერაქტიული მულტიმედია
პატარა სოფლის დიდი პრობლემა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი ბეშეთი მდინარე მტკვრის მეორე ნაპირზე მდებარეობს. სოფელს ცენტრალურ გზასთან საფეხმავლო ხიდი აკავშირებს. სოფლამდე სამანქანო გზა მეზობელი სოფლიდან-კორტანეთიდან მიდის. გზა სახიფათოა. კლდის ძირში გადის, საიდანაც ხშირად ქვები ცვივა.

„კლდიდან ქვები ცვივა, გასაწმენდია, შეიძლება ბავშვი მოდიოდეს სკოლიდან, ქვა მოხვდეს თავში“-ამბობს სოფელში მცხოვრები ნანული ლომიძე.




ბეშეთში სულ 30-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათი საერთო პრობლემა-გზა სოფლის შიგნითაც გრძელდება. რამდენიმე ათეული წელია შესაკეთებელია ცენტრალური და შიდა გზები. მდგომარეობა განსაკუთრებით წვიმის დროს რთულდება. ტალახიან გზებზე სიარული უჭირთ, ამიტომ გამოსავალი მოძებნეს და ლიანდაგზე დადიან, რომელიც ასევე სახიფათოა.




„ტრანსპორტი ვერ მოდის, ჩვენც გვიჭირს გადაადგილება. ვსარგებლობთ რკინიგზით. საშიშროებაა, რომ მატარებელი ბევრჯერ მოგვდგომია. ჩვენი ერთადერთი პრობლემა არის გზა. წვიმის დროს საშინელებაა. შეუძლებელია. დაბლა ვერ დავდივართ და რკინიგზით ვსარგებლობთ“- ამბობს მთავრისა გუდაძე.




„სასწრაფო რომ გვჭირდებოდეს ფიზიკურად ვერ გადმოდის. ნაწვიმი თუ არის ჩავარდება და სასწრაფო აქეთ უნდა ატარო. რამდენჯერ არ გამოგვიძახია, რომ აქეთ უნდა დავეხმაროთ სასწრაფოს.
გზა რომ იყოს კარგი, ტაქსით მიხვალ, მიიტან. აქამდე რომ მოგვაქვს, აქედან ხელით ვათრევთ. ნორმალური გზა რომ გვექნება არც ჩვენ ვიწვალებთ და არც მანქანა“
-ლელა ოქრომელიძე.

ე.წ. ზედა უბანში 5 ოჯახი ცხოვრობს. ეს უბანი წვიმის დროს სოფელს მოწყვეტილია. აქ მანქანით გავლა შეუძლებელია. გადაადგილება რთულდება ფეხით მოსიარულეებისთვისაც.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ყველა მთავრობის დროს დაპირებებს ისმენენ, მაგრამ დაპირება დაპირებად რჩება. სოფლის მთავარი პრობლემა გზა კი დღემდე მოუგვარებელია.





„ზედა უბანი დაკარგულია. წვიმის დროს სასწრაფო რომ მოდის ხიდთან დგება და ამბობს ვერ გადმოვალო. ნამდვილად ვერ გადმოვა. გვპირდებიან, რამდენი მოვა ახალი და ახალი მთავრობა გავაკეთებთ, მოვხრეშავთ, ასფალტს დავაგებთ. ამასობაში ვბერდებით, წლები გვემატება, დრო მიდის. არავინ გამკითხავი არ არის“-ამბობს ნუკრი გუდაძე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ამბობს, რომ სოფლის ცენტრალური გზის პროექტირება მალე დაიწყება. „წელსვე დაგეგმილი გვაქვს, რომ მოხდეს ამ გზის რეაბილიტაცია და წლის ბოლომდე დასრულდეს“-აცხადებს ბუბა ბერიძე.

ბეშეთში მცხოვრებლები კიდევ ერთი დაპირების შესრულებას დაელოდებიან. აქაურები იმედოვნებენ, რომ მათთვის მიცემული პირობა ამჯერად მაინც შესრულდება.



FaceBook Twitter
თეგები: გზა / ბეშეთი /