ინტერაქტიული მულტიმედია
მარტოხელა მებაღე „მდუმარე მეზობლების“ გარემოცვაში
აღებთ კარებს და ირგვლივ გხვდება ფერად-ფერადი ყვავილები, მარადმწვანე ხეები, გაიხედავთ გვერდით და მოსაკრეფად გამზადებულ, წითელ „ღაჟღაჟა“ მარწყვს შენიშნავთ, იქით მიწის ნაკვეთს დაინახავთ, სადაც ბოსტნეული მოჰყავს.


მზის სხივებს, ეზოში გაშენებული ვენახი აკავებს და ამ ადგილას 5 წუთით გაჩერებაც კი საკმარისია, რომ თავი „სამოთხეში“ იგრძნოთ.



ეს „სამოთხე“ ლიკანში, 61 წლის მზია ქალიაშვილს ეკუთვნის, რომელიც ამ ყველაფერს საკუთარი ხელით უვლის. ოჯახში მარტო ცხოვრობს და მისი მთავარი საზრუნავი საოჯახო საქმეებთან ერთად, ეზოს გალამაზებაა.



მაგ: ეს „ლურჯთვალა მოციმციმე“ ყვავილები ტყიდან წამოიღო და თავის „სამოთხეში“ გააშენა. ასე ცდილობს გააფერადოს საკუთარი სამყარო.



მზია ქალიაშვილს, ზაფხულობით, დილიდან ჩიტების ჭიკჭიკი აღვიძებს. დილის 5 საათიდან შემართებით დგება და იწყებს საქმეებს. სიგრილეში მუშაობას ჯერ გარეთ ეზოში იწყებს. პირველ რიგში თავის ფერად-ფერად ყვავილებს „წყალს დაალევინებს“.



შემდეგ ტუიებს მიხედავს. ეზოში საკუთარი ხელით გააშენა მარადმწვანე ხეებიც, რაც კიდევ უფრო ალამაზებს არემარეს.

„ხეების დაფესვიანება ვისწავლე და მარადმწვანე ხეები მაქვს ეზოში ახლა. ყვავილები მეტწილად ტყიდან მომაქვს და გავაშენებ ხოლმე. ძალიან მიყვარს ტერიტორიის გამწვანება, ასე რომ სულ ვცდილობ გავაფერადო ჩემი ეზო“ - ამბობს მზია ქალიაშვილი.



ყვავილებს და გამწვანებას რომ მორჩება, ხილ-ბოსტანს მიხედავს ხოლმე. ეზოშივე აქვს მიწის ნაკვეთი, რომელსაც უვლის. აქეთ მარწყვებს დაკრეფს. როცა მყიდველია - ჰყიდის კიდეც.



„ძირითადად მიწის ნაკვეთზე მომყავს მარწყვი, იმიტომ რომ დავბერდი და დაბარვა აღარ შემიძლია. მარწყვს გათხოვნა უყვარს და მეც ვთოხნი“ - მზია ქალიაშვილი.



ხილიდან, მარწყვის გარდა მოჰყავს საზამთრო და ნესვიც. ბოსტნეულიდან კი კიტრი და პომიდორი. ბაღს დღეში რამდენჯერმე რწყავს.

„საღამოზე გამოვალ სიგრილეში ისევ მოვრწყავ ბაღს, მოვთოხნი. მე მაგალითად, მთელ სეზონზე, ერთ ძირ პომიდორს 5-7-ჯერ ვთხოვნი, იმიტომ რომ პომიდორს, კიტრს და ასეთ ბოსტნეულს ფესვები უნდა გაუფხვიერო, რომ ფესვმა ისუნთქოს და ზრდაში წავიდეს“ - მზია ქალიაშვილი.



როცა „საგარეო“ საქმეებს მორჩება და მზეც დააჭერს, სახლში აგრძელებს „საშინაო“ საქმეებს. ყველაფერს ასწრებს. თავისუფალ დროს თევზის დაჭერასაც ცდილობს.



მზია ქალიაშვილს ორი ბიჭი ჰყავს. ერთი სამხედროა, მეორე ხელოსანი. ორივე შვილი ოჯახებთან ერთად თბილისში ცხოვრობს და ზაფხულობით სტუმრობენ ბორჯომს. სწორედ მაშინ იკრიბება მთელი ოჯახი ერთად და მზიას ცოტა ხნით მარტოობა ავიწყდება.

„ზაფხულობით მოდიან ხოლმე შვილები, შვილიშვილები, რძლები და ასე ივსება ოჯახი. მე კი რაც მაქვს ოჯახში „დავზურგავ“ ხოლმე და გავუშვებ. გული კი მწყდება რომ მიდიან და მარტო ვრჩები, მაგრამ რას ვიზამთ... წელსაც ველოდები ჩემებს, იქნებ ჩამოვიდნენ“ - მზია.



მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრების წასვლის შემდეგ გული სწყდება ისევ მარტო დარჩენაზე, ბორჯომის დატოვება მაინც არასდროს უფიქრია. ამბობს, რომ დიდ ქალაქში ვერ გაძლებდა, რადგან თავისი ტყე, ბაღი, მდინარე და ის გარემო უყვარს, სადაც დაბადებიდან ცხოვრობს.



აღსანიშნავია ისიც, რომ მზია ქალიაშვილი, არამხოლოდ სახლში, არამედ სამეზობლოშიც მარტო ცხოვრობს. მისი სახლი, სასაფლაოსთან რამდენიმე მეტრის დაშორებითაა და ფაქტობრივად მიცვალებულების მეზობელია.




თავის საქმეებთან ერთად, უყურადღებოდ არ ტოვებს „მდუმარე მეზობლებსაც“. ხშირად მიდის მათ საფლავებთან და ხან ტერიტორიას მოუსუფთავებს, ხან ყვავილებს დაურგავს და ხან კიდევ ესაუბრება.



ამბობს, რომ მომდევნო დღეებიც ის ყოველდღიურობა იქნება, რასაც აქამდე აკეთებდა. მშობლიური ქალაქის მიტოვებას არც მომავალში აპირებს, რადგან აქაურობას შეეჩვია და თავის სამყაროში დარჩენას ამჯობინებს. სახლს მაშინ მიატოვებს, როცა ცოცხალი აღარ იქნება. ამბობს იმასაც, რომ როცა ღმერთი მის ამ ქვეყნიდან წაყვანას დააპირებს, შორს წასვლა არც მაშინ მოუწევს და მისი სახლიდან რამდენიმე მეტრში, „მდუმარე მეზობლებთან“ გადმოინაცვლებს და „ბინას“ სამუდამოდ დაიმკვიდრებს.

FaceBook Twitter