ინტერაქტიული მულტიმედია
საქართველო და ბორჯომი, ჯომარდობის საერთაშორისო ტურნირის მიღმა
საქართველო და კერძოდ ბორჯომი 2016-2017 წწ-ში ორჯერ იყო საერთაშორისო ტურნირის მასპინძელი ჯომარდობაში. სოფელი ჩითახევი იყო ის ტერიტორია, სადაც გადაწყდა რომ წყალი შესაბამის მოთხოვნებს აკმაყოფილებდა და დაშვება სწორედ ამ მდინარეზე უნდა მომხდარიყო.


თავდაპირველად ჩატარდა ევროპის თასი ჯომარდობაში, სადაც მონაწილეობა 12 ქვეყნის ნაკრებმა გუნდებმა მიიღეს, მათგან ერთ-ერთი იყო საქართველოდან. მასპინძელი გუნდის წევრებს შორის ორი სპორსტმენი: მერაბ გუკასიანი და დავით აბულაძე სწორედ ამ სოფლიდან, ჩითახევიდან არიან, თენგო მაისურაძე კი მოსაზღვრე სოფლიდან ჭობისხევიდან იყო. 



ქართველი მეჯომარდეებისთვის, საქართველოს სახელით საერთაშორისო არენაზე ასპარეზობა დიდი გამოწვევა იყო და გამოცდილების მიღების კარგი შესაძლებლობაც. 2016 წელს, ევროპის თასის გამარჯვებული ჩეხეთის ნაკრები გუნდი გახდა, თუმცა საქართველოს გუნდი, ქვეყნების მიხედვით მეორე ადგილზე გავიდა.



2017 წელს ჩითახევმა მორიგ საერთაშორისო შეჯიბრს უმასპინძლა ჯომარდობაში, ამჯერად ევროპის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც მონაწილეობა კვლავ 12 ქვეყნის ნაკრებმა გუნდმა მიიღო და საქართველო 3 გუნდით იყო წარმოდგენილი. საქართველოს გუნდის წევრი დავით აბულაძე ამბობს, რომ საერთაშორისო ტურნირებმა ბორჯომს მეტი აღიარება და მეტი ტურისტი შესძინა. ეს ყველაფერი კი ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის საამაყო იყო. 

„პირადად ჩვენთვის, საერთაშორისო ტურნირებში ასპარეზობა დიდი გამოწვევა იყო, რადგან საქართველოს სახელით იღებ შეჯიბრში მონაწილეობას და გინდა ასახელო. ცდილობ შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენო, ამიტომ ეს ყველაფერი გამოწვევაც იყო და კარგი გამოცდილებაც. ბორჯომისთვის და კერძოდ ჩითახევისთვის რა თქმა უნდა სასარგებლო იყო რამდენიმე ქვეყნის გუნდების ჩვენ მხარეში ჩამოსვლა, რადგან მეტი ტურისტი შეემატა ქალაქს, ჩვენს სოფელს, უფრო მეტად გაიცნეს აქაურობა და ჩვენ ეს გვეამაყება“ - ამბობს დავით აბულაძე





საერთაშორისო ტურნირები ჩითახევში სარგებლის მომტანი იყო 65 წლის მედეა ხელისუფალისთვისაც, რომელსაც აღნიშნულ ტერიტორიაზე პატარა მაღაზია აქვს და ყავას, ჩაის, ლუდს და ხაჭაპურს ჰყიდის. ამბობს, რომ იმ პერიოდში ბევრი ხალხი მოძრაობდა, ბევრი მყიდველიც გამოუჩნდა და მათი შემოსავალიც გაორმაგდა.

„მაშინ ძალიან ბევრი ხალხი მოძრაობდა. კარგი იყო ისიც, რომ იმ პერიოდში ხიდიც კი გაკეთდა, რადგან საერთაშორისო ტურნირის ჩატარება იყო დაგეგმილი. ჩვენი სოფელი უფრო მეტმა უცხოელმა გაიცნო და ჩვენს მაღაზიასაც დაეტყო უკეთესობა. ძირითადად ჩაის და ყავას ყიდულობდნენ სპორტსმენები და იმდენი მსურველი მოდიოდა, რომ ხანდახან ვერ ავუდიოდით გამასპინძლებას. ჩვენი შემოსავალი მაშინ ფაქტობრივად გამორმაგდა“ - გვიყვება მედეა ხელისუფალი.

მედეა ხელისუფალი იმედოვნებს, რომ ჯომარდობაში საერთაშორისო ტურნირები კვლავ გაიმართება, რაც მათ შემოსავლებზე ისევ დადებითად აისახება.

„ახლა იშვიათად მოდის ვინმე რამის საყიდლად. შეიძლება კვირა ისე გავიდეს, რომ არაფერი გაიყიდოს მაღაზიაში. ისევ სოფლის მაცხოვრებელი თუ მოვა და რამეს წაიღებს, ეგეც იშვიათად. წნევაც ამიწევს, რომ აღარ გაიმართოს საერთაშორისო ტურნირები ბორჯომში, რადგან ჩვენი მაღაზიაც აღნიშნულ მდინარესთან არის ახლოს და ჩვენთვის ხელსაყრელი იყო. თუ აღარ გაიმართება, აღარც ფული გვექნება და ვეღარც საგადასახადოს გადავუხდით ვეღარაფერს, ამ შემთხვევაში მოგვიწევს მაღაზიის დახურვა“ - ამბობს მედეა ხელისუფალი

შეიძლება ითქვას, რომ მედეა ხელისუფალს მოლოდინი არ გაუმართლდება და ბორჯომში საერთაშორისო ტურნირი ჯომარდობაში აღარ გაიმართება. უფრო მეტიც, საქართველო, ჯომარდობის საერთაშორისო ტურნირის მიღმა დარჩა. 2019 წელს დაგეგმილი იყო რომ უნდა ჩატარებულიყო საქართველოში 2 ტურნირი - ევრო და მსოფლიო თასები, თუმცა ამჯერად რაჭაში, ლენტეხში და ამბროლაურში. ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით კი საერთაშორიო ტურნირები არც რაჭაში, არც ბორჯომში და საქართველოს არცერთ რეგიონში აღარ გაიმართება. მიზეზი, სპორტის სამინისტროსგან მიღებული უარია ჩემპიონატების დაფინანსებაზე.



„მოგეხსენებათ 2018 წელს ჯომარდობის ეროვნულმა ფედერაციამ მოიპოვა უფლება 2019 წელს ჩაეტარებინა საქართველოში 2 ტურნირი - ევრო და მსოფლიო თასები ლენტეხში და ამბროლაურში. ჩვენ მივმართეთ სპორტის სამინისტროს 378 000 ლარის დაფინანსებასთან დაკავშირებით, რაზეც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მივიღეთ უარი. ჩემთვის ეს უარი უკავშირდება ჩემს ანტისაოკუპაციო საქმიანობას, რომელსაც 2017 წლის ივლისიდან ვაწარმოებ შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზთან. ამ უარის მიუხედავად მე ვეცადე მეპოვნა კომპანიები, რომლებიც დაგვეხმარებოდნენ ამ ტურნირების ჩატარებაში. როგორც ხვდებით, უშედეგოდ. ვაგზავნი წერილს, რაფტინგის საერთაშორისო ფედერაციაში, რის შემდეგაც საბოლოოდ ვამბობთ უარს მსოფლიო და ევროპის თასების ჩატარებაზე საქართველოში. ასევე, როგორც ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვწყვეტ კომუნიკაციას სპორტის სამინისტროსთან, მანამ სანამ არ შეიცვლება ამ სამინისტროს მენეჯმენტი” - განაცხადა დავით ქაცარავამ.



სპორტის სამინისტროშიც ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ საქართველო აღარ უმასპინძლებს საერთაშორისო ტურნირებს ჯომარდობაში, თუმცა უარყოფენ დავით ქაცარავას ბრალდებას იმის შესახებ, რომ უწყების უარი, მის ანტისაოკუპაციო ხაზთან საქმიანობას უკავშირდება. სამინისტროში განმარტავენ, რომ მათთვის გვიან გახდა ცნობილი, რომ სპორტულ ორგანიზაციას თანხმობა ჰქონდა მიღებული საერთაშორისო ფედერაციისგან ევრო და მსოფლიო თასების ჩატარებასთან დაკავშირებით. ტურნირების ფინანსური მხარდაჭერა კი სწორედ სამინისტროს მხრიდან უნდა მომხდარიყო. დაგვიანებული ინფორმირების გამო, სამინისტრომ უარი თქვა მსოფლიო დონის ჩემპიონატების მასპინძლობაზე.



„როდესაც ჩვენი სპორტული ორგანიზაცია აკეთებს განაცხადს საერთაშორისო ფედერაციაში ტურნირის წამოღებასთან დაკავშირებით, მანამდე უნდა ჩააყენოს საქმის კურსში სამინისტრო, რადგან ფინანსურ მხარდაჭერას ჩვენ ვუზრუნველყოფთ. ჩვენ არ ვიცოდით, რომ განაცხადი ჰქონდა გაკეთებული და პოსტფაქტუმ მოხდა ეს ყველაფერი, გავიგეთ მაშინ, როცა უკვე თანხმობა მოიპოვა საერთაშორისო ფედერაციისგან. საქართველოს ჯომარდობის ფედერაციამ დაარღვია ის რეგულაცია, რომელიც სპორტულ ფედერაციებთან მიმართებაში მოქმედებს, ამიტომ ჩვენ, უარი ვაცნობეთ წერილობით. ანტისაოკუპაციო ხაზთან ქაცარავას საქმიანობა არანაირ კავშირში არ არის ამ უარის თქმასთან. 84 ფედერაციაა და წელს მხოლოდ 51-მა მიიღო დაფინანსება ტურნირებთან დაკავშირებით, რადგან მათ შესარჩევად სხვადასხვა კრიტერიუმია რომელიც უნდა დააკმაყოფილონ. ასე რომ მხოლოდ ჯომარდობის ფედერაცია არ დარჩენილა დაფინანსების გარეშე“ - განაცხადეს სპორტის სამინისტროში.

რაც შეეხება ადგილობრივ ტურნირებს, რომელსაც ჯომარდობის ფედერაცია პერიოდულად ატარებდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, დავით ქაცარავა ვარაუდობს, რომ აღარც ადგილობრივი ტურნირები გაიმართება დაფინანსებიდან გამომდინარე. სპორტის სამინისტროში კი იგივე კითხვაზე დაზუსტებული პასუხი ვერ გაგვცეს, თუმცა ვარაუდით თქვეს, რომ ადგილობრივი შეჯიბრებების ჩატარებაზე დიდი ალბათობით პრობლემები არ შეიქმნება.



იმ შემთხვევაში თუ ჯომარდობის ფედერაცია ვეღარ ჩაატარებს ადგილობრივ ტურნირებს სხვადასხვა რეგიონში, შესაძლოა ბორჯომში მაინც გაიმართოს შეჯიბრებები ადგილობრივი მეჯომარდეების ორგანიზებით, იმ ადამიანების ძალისხმევით, ვისთვისაც ჯომარდობა ცხოვრების ნაწილი გახდა.



შესაბამისად, ბორჯომი, საერთაშორისო ტურნირების მიღმა დარჩა, თუმცა სპორტის ამ სახეობას ჩითახევში დაკარგვა ჯერ-ჯერობით მაინც არ უწერია.


FaceBook Twitter