ინტერაქტიული მულტიმედია
"მამობაზე დიდი ტიტული არ არსებობს" - ლადო გოგოლაძე
ლადო გოგოლაძე ჟურნალისტი, ბლოგერი, ტაეკვანდოს  ფედერაციის გენერალური მდივანია, მაგრამ თავის მთავარ სტატუსად და ტიტულად  მამობას მიიჩნევს. ლადო  ორი შვილის მამა. 19 ივნისისთვისაც ბოლო წლებია გულმოდგინედ ემზადება. 4 წელია გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის We Care ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, მამის დღე საქართველოში 19 ივნისს აღინიშნება.

რას ნიშნავს მამობა ლადოსთვის, რას სწავლობს შვილებისგან და როგორ ინაწილებს საქმეებს მეუღლესთან ერთად



როდის გააცნობიერე რომ მამა ხარ?

- როცა მამა გავხდი ვიყავი 25 წლის. პირველი შვილის დაბადებისას ნამდვილად არ მიგრძვნია სიყვარული, როცა ნენე ვნახე, უპირველესი რაც ვიგრძენი იყო პასუხისმგებლობა, თან ძალიან დიდი. სიყვარულიც მალე მოვიდა. როცა სახლში, ჩემს გულზე დაეძინა, მივხვდი რომ რაღაც სასწაული, მანამდე გამოუცდელი  გრძნობა, მოვიდა. ნისიმე რომ დაიბადა ( 2 თვის წინ), პასუხისმგებლობა უკვე გააზრებული მქონდა. ვიცოდი რას ნიშნავს იყო მამა, რა გამოწვევები აქვს მამობას და სხვ.  ამიტომ ნისიმეს სიყვარული ეგრევე "დამატყდა" თავს. ახლა ვარ ორი უმაგრესი გოგოს მამა და ვთვლი,  რომ ამაზე დიდი ტიტული მხოლოდ მაშინ მექნება, როცა სამი/ოთხი/ხუთი და ა.შ. შვილის მამა ვიქნები.

მამის ინსტინქტი
- მგონია რომ ნებისმიერი ინსტიქტი გამოცდილებიდან და ურთიერთობიდან მოდის. დედას და შვილს 9 თვის მანძილზე ორგანული ურთიერთობა აქვთ და საუკეთესოდ იცნობენ ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, როცა პატარა იბადება ისინი უკვე კარგად ცნობენ ერთმანეთს და ერთმანეთის ბევრი ისეთი ნიუანსი იციან, რასაც თავადაც ვერ ხვდებიან. თუ მამას და შვილს ექნებათ ურთიერთობა, ინსტიქტებიც მოვა. როგორც ვთქვი, ინსტიქტი გამოცდილებიდან მოდის, ალბათ ასეთი ინსტიქტი ჰქონდა მამას, როცა დაახლოებით მერვე კლასში მითხრა, რომ მალე ჩემი ასაკის ჩემი მეგობრები დაიწყებენ სიგარეტის მოწევას და ჩემდა გასაკვირად მითხრა, რომ მეც აუცილებლად, მათთან ერთად უნდა მომეწია, უბრალოდ მთხოვა, მისთვის მეთქვა რათა სიგარეტის ფული მოეცა და ვინმესთვის არ მეთხოვა ხოლმე. ამან სრულ შოკში ჩამაგდო. მართლაც, ძალიან მალე, ბევრმა მეგობარმა დაიწყო მოწევა, ეს ის ასაკია, როცა გემოზე მეტად ის მოსწონთ ბავშვებს როცა დამალული აკეთებენ რაღაცას და მართლაც, სკოლის მოფარებულ ადგილებში ეწეოდნენ. აი აქ უკვე მე სხვა მდგომარეობაში ვიყავი, რადგან დასამალი არავისთან მქონდა, ვისთვიაც უპირველესად უნდა დამემალა, მან თავად მომცა მოწევის უფლება, აქედან გამომდინარე დამალვის "მუღამი" აღარ მქონდა და აგერ უკვე 33 წელია სიგარეტს არ ვეწევი, რისთვისაც უდიდესი მადლობა მამას. მამის ინსტიქტი იყო რომ ჩემი ამ საკითხში ამ კუთხით ნდობა შეიძლებოდა და მართალიც აღმოჩნდა.



დედა უფრო გიყვარს თუ მამა
- ნამდვილად არ მახსოვს რას ვამბოდბი, ალბათ თუ მამასთან ერთად ვიყავი მამა და თუ დედასთან ერთად დედა ზოგადად ასეთი არჩევანის წინაშე ბავშის დაყენება ძალიან არასწორი მგონია, პატარობიდანვე ჯობს შევაჩვიოთ, ბავშვი რომ მშობელი ერთი განუყოფელი ორგანიზმია, დედაც და მამაც ერთნაირად საყვარელი და რაც მთავარია თანაბრად პასუხისმგებელია შვილთან ურთიერთობაში. სხვათაშორის, მგონია რომ ასეთი კითხვები ერთგვარ კომპლექსსაც აღვივებს პატარაში, რომელიც რაღაც პასუხს ცდილობს აარიდოს თავი რომ ვინმეს არ აწყენინოს. მომავალში ეს კომლექსი შეიძლება წინ დაუხვდეს პატარას  -  "სხვა რას იტყვის" სახით. მოკლედ, მსგავს კითხვებს ჯობს ბევრად უფრო სასარგებლო კითხვები დავუსვათ, თუნდაც ხუმრობით.

როგორი მამა მოსწონთ შვილებს?
- ზოგი ცდილობს რომ იყოს მკაცრი მამა და ვთვლი, რომ გარკვეული სიმკაცრე მართლაც აუცილებელია, თუმცა მე ვფიქრობ რომ მეგობარი მამა, გაცილებით საყვარელია და რაც მთავარია მისაღებია შვილისთვის. მეგობარ მამასთან იოლია გახსნა და ისეთი კითხვების დასხმა, რომელზეც ჯანსაღ პასუხს მივიღებთ და არ მოგვიწევს ქუჩაში ან მეგობართან ან უფრო ცუდი, ინტერნეტში პასუხების ძიება. მე პირადად მეგობარი მამა მყავს და შეიძლება ითქვას ,როცა მამა გავხდი, ვცდილობდი მეორე მამაჩემი ვყოფილიყავი. ახლა რომ ვუყურებ რაღაც გამომივიდა, რაღაც ვერ, თუმცა შედეგი რომ შვილთან მეგობარი ვიყო,მივიღე.  

მამა და ჩვილი ბავშვი

- შიშით არ შემშინებია, თუმცა ძალიან ვფრთხილობდი. ნენე 1 კვირის იყო როცა პირველად დავბანე.  ვცდილობდი, მაქსიმალური სიფრთხილე გამომეჩინა, რომ მისთვის რამე არ მეტკინა, ამის მერე ხშირად ვბანდი. პამპერსსაც ვუცვლიდი. ნისიმეს უკვე გამოცდილი მამა დახვდა და შესაბამისად, პირველივე დღიდან აქტიურად ვარ ჩართული მასთან ურთიერთობაში.

დედის და მამის როლი ოჯახში
- პატარას ჭამის გარდა ( რომელიც ბუნებრივ კვებაზეა), არაფერია გამიჯნული და ერთის გასაკეთებელი. ყველაფერს ერთად ვაკეთებთ, რითაც ერთმანეთს შრომას ვუმსუბუქებთ და რაც მთავარია ჩვენი პატარები ხედავენ რომ დედა და მამა ორივე ჩართულია მათ აღზრდაში. ჩვენტან სახლში, საქმეს აკეთებს ის, ვინც საქმესთან ახლოსაა.
წერილები ნენეს და ნისიმეს
- თავიდან იყო ბლოგი - "წერილები ნენეს".  ერთ დღეს მე და ნენე მივდიოდით ბაღში და 4 წლის ნენემ მკითხა თავის პატარობის გარკვეულ ეპიზოდზე, რომელიც სამწუხაროდ აღარ მახსოვდა და მივხვდი რომ რაღაც ფორმით ეს უნდა გამომესწორებინა. იმავე დღეს დავიწყე წერილების წერა, რომელსაც არავითარი ლიტერატურული პრეტენზია არ აქვს. წერილების ერთადერთი მიზანია, დიდ ნენეს გაახსენოს თავის ბავშვობა. თავდაპირელად ვთქვი, რომ მანამ მივწერდი წერილებს, ვიდრე პირველ წერილს არ წაიკითხავდა, თუმცა იმდენდად სასიამოვნო პროცესია წერილების წერა, რომ პირობა დავარღვიე და კიდევ ვწერ. ნენეს უკვე 50 წერილი აქვს. ნისიმე როცა გაჩნდა, უკვე ვიცოდი რომ მასთან ერთად გაჩნდებოდა ახალი ბლოგი -  "წერილები ნისიმეს" და ასეც მოხდა. ახლა ორივე ბლოგს ვუვლი და ჩემ პატარა გოგოებს ამ ფორმით გადავცემ თავის ბავშობას



კამპანია "კაცები ზრუნავენ"
- კამპანია "კაცები ზრუნავენ" ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილი და სასარგებლო პროექტია.  კამპანიის მიზანია, გაიზარდოს მამაკაცთა ჩართულობა შვილებთან ურთიერთობაში, საოჯახო საქმეებში. კაცებს გაუღვივოს სურვილი რომ შვილებთან მეტი დრო გაატაროს. კამპანიის ფარგლებში მე და ჩემი მეგობრები, ვინც ვართ ამ კამპანიის წევრები, საქართველოს სხვადსახვა რეგიონებში ვხვდებით მამაკაცებს და მათთან გვაქვს "მამაკაცური საუბრები" , სადაც 4-5 საათის განმავლობაში ერთად ვმსჯელობთ თუ რა სტრეოტიპებია მავნე, რომელიც უნდა დაინგრეს, რა სიახლე კარგი რა ცუდი და ა.შ. არავის ეგონოს რომ კაცების ჩართულობა მხოლოდ ქართული პრობლემაა, სამწუხაროდ ეს მთელი მსოფლიოს გამოწვევაა და კარგია რომ ამ გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში, ქართველებსაც გვაქვს როლი.

ურთიერთობა მამასთან
- უკვე ვთქვი რომ მე და მამა განსაკუთრებული მეგობრები ვართ. დღემდე, როცა კარგი რჩევა მჭირდება ვურეკავ მამას და ვიცი რომ მეტყვის იმას რაც სწორი იქნება. მამას არასოდეს უთქვამს რომ მისი აზრი უტყუარი ჭეშმარიტებაა, ყოველთვის მაძლევდა საშუალებას, ჩემით მიმეღო გადაწყვეტილება. ეს პატარა ლადოსთვის ძალიან დიდი ფუფუნება იყო და ამან მამასადმი ნდობა გამიჩინა, ვიცოდი როგორი შეცდომაც არ უნდა დამეშვა, მამა გვერდში დამიდგებოდა და ამან მომცა საშუალება თამამად გადამედგა ბევრი ნაბიჯი, იყო შეცდომებიც რომელიც შემდეგ გაკვეთილად გამომადგა და რაც მთავარია ამ შეცდომების მიუხედავად, ყოველთვის იყო მამა, რომელიც მამხნევებდა და მეუბნებოდა რომ ცხოვრება გრძელდება. მიუხედავად ასეთი სიახლოვისა, მამას მიმართ ძალიან დიდი რიდი მაქვს და ჩვენ შორის არსებობს წარმოსახვითი ზღვარი, რომელსაც ვიცი რომ არ უნდა გადავიდე. ეს ზღარი აუცილებელია, მშობელსა და შვილს შორის, სხვა შემთხვევაში არც რიდი იქნება და არც პატივისცემა.



მამის პასიური როლი და არსებული სტერეოტიპები
- უპირველესად ალბათ ის გარემოება რომ ხშირად მამები არიან დასაქმებული და შვილებს დროის დიდი ნაწილის გატარება დედასთან უწევთ. საზოგადოებრივ აზრსაც ხშირად ნეგატიური ფუნქციის როლი აქვს. გარკვეულ სოციუმში "ტეხავს" მამა, რომელიც შვილს პამპერსს უცვლის, ბანს, ამეცადინებს და ა.შ. რატომღაც ეს ყველაფერი ქალის საქმედ მიიჩნევა. გარდა ამისა, თუ მამაკაცი არ მოუვლის ბავშვს, ამის გამო იშვიათად რომ ვინმე გააკრიტიკოს (სამწუხაროდ ამ გარემოებით ბევრი მამა ბოროტად სარგებლობს),   მაშინ როცა ქალს ვალდებულებას ჰკიდებენ რომ მოუაროს ბავშვს. კი, ბავშვის მოვლა ნამდვილად ვალდებულებაა, თუმც როგორც დედისთვის, ისე მამისათვის. სამწუხაროდ, ძალიან ხშირია, როდესაც კაცებს მხოლოდ "ბანკომატის" როლი აქვთ სახლში. ეს გაუცხოებას იწვევს ბავშვსა და მამას შორის.
რჩევა მამებს
- ძალიან არ მიყვარს დამრიგებლის როლი. შემიძლია უფრო ვურჩიო, თუმცა მათი გადასაწყვეტია სწორად ჩათვლიან რჩევას და გაითვალისწინებენ, თუ არა. ჩემი უფროსი ქალიშვილი 7 წლისაა და გულწრფელად ვიტყვი რომ 7 წლის მანძილზე მისგან უფრო მეტი ვისწავლე, ვიდრე პირიქით. ნენემ მასწავლა როგორ შეიძლება გიყვარდეს ცხოვრება, როგორ შეიძლება იყო მცირედითაც კმაყოფილი, გულწრფელი, ლაღი და სხვ.  პატარები საუკეთესო მასწავლებელები არიან, გაკვეთილებს ყოველგვარი ანგარების გარეშე გვიტარებენ, თან ისეთი წრფელები არიან სჯერათ რომ ვისწავლით და ამ გაკვეთილის ჩაბარებას აღარ გვთხოვენ. მოვუსმინოთ ჩვენ შვილებს, მათი ყველა აზრი, რომელიც ჩვენ ხშირად უმნიშვნელო გვგონია, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ასე მივიღოთ, ვესაუბროთ როგორც სრულფასოვან ადამიანებს და ამით დავეხმარებით საკუთარი თავის რწმენა მივცეთ მათ. ყველა მამას ვულოცავ მამების დღეს და ვუსურვებ შვილებით ბედნიერებას.
FaceBook Twitter