ინტერაქტიული მულტიმედია
ნულიდან დაწყებული ცხოვრება
გალის რაიონი, შონიების დიდი საცხოვრებელი სახლი და იქაური მოგონებები წარსულში დარჩა. ნუგზარ შონია ოჯახთან ერთად ბედნიერად ცხოვრობდა მშობლიურ მხარეში, აფხაზეთის ომამდე. პედაგოგიური მოღვაწეობით იყო დაკავებული და ჰქონდა წარმატებები ამ სფეროშიც და ასევე ჭადრაკშიც, რომელსაც მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. სპორტის ეს სახეობა შეაყვარა შვილებსაც და ბავშვებიც იმდენად აზარტში შევიდნენ, რომ მისი ერთ-ერთი შვილი, დავით შონია საქართველოს ჩემპიონიც გახდა ჭადრაკში.



შონიების ბედნიერებით სავსე დღეები, სოხუმის დაცემის დღესთან ერთად დამთავრდა. მათი ფერადი ცხოვრება განაცრისფრდა. ოჯახს მამულის მიტოვება და ცხოვრების დევნილობაში გაგრძელება მოუწია. 69 წლის ნუგზარ შონია იმ ტკივილიან დღეებს იხსენებს, რაც იმ პერიოდში შვილებთან ერთად გამოიარა.




სახლგაძარცვულები და ქონებადაკარგულები, ზუგდიდში 2 წლის განმავლობაში (1993-1994 წწ-ში) ცხოვრობდნენ. ამ ხნის მანძილზე, ბავშვებმა 5-6 სკოლა გამოიცვალეს. სწორედ ამ პერიოდში იკლო სწავლისადმი მათმა ინტერესმაც, რადგან გარემოსთან ადაპტაცია გაუჭირდათ. იმ დღეების ყველა დეტალი ზედმიწევნით კარგად ახსოვს ნუგზარის შვილს, თემურ შონიას, რომელიც ახლა 39 წლისაა, თუმცა იმჟამინდელმა პერიოდმა მის მეხსიერებაში წარუშლელი კვალი დატოვა.




ზუგდიდში 2 წლიანი ცხოვრების შემდეგ გადაწყვიტეს ბორჯომში ჩამოსულიყვნენ, რადგან ნუგზარის და სწორედ ამ ქალაქში ცხოვრობდა და დის იმედად გადაწყვიტეს ამ მხარეში გადმოსვლა.
ბორჯომში, 1996 წლის 24 დეკემბერს, ზამთრის სუსხიან დღეს ჩამოვიდნენ და 5 წევრიანი ოჯახი, სანატორიუმ „მთის ხეობაში“, ერთ ოთახიან ბინაში შევიდა, რომლის სრული ფართობიც 9კვ მ იყო. ნუგზარის ოჯახს და ეხმარებოდა. იხსენებს თუ როგორ ჰყიდულობდა ყოველდღიურად პურს და ყველაფერს რაც სჭირდებოდათ, რომ ბავშვები გამოეკვებათ. ოჯახის წევრები ცდილობდნენ რომ ცხოვრება ნულიდან დაეწყოთ და ისევ ფეხზე დამდგარიყვნენ. გადაწყვიტეს მცირე ბიზნესი წამოეწყოთ, საქმეში მაშინვე ჩაერთვნენ შვილებიც, დავითი და თემური, რომლებსაც სკოლა იმ დროს ახალი დამთავრებული ჰქონდათ. მამამ სავაჭრო ცენტრში, ტანსაცმლის გაყიდვა დაიწყო, ბიჭებმა კი ქალაქის ცენტრში პატარა ჯიხური იქირავეს და კასეტების გაყიდვას შეეცადნენ. დავით შონია, დეტალურად იხსენებს ბორჯომში როგორ გადმოსახლდნენ და როგორ ცდილობდნენ ძმები დახმარებოდნენ ოჯახს ფინანსურად.




ძალისხმევას არ იშურებდნენ და ბიზნესს ნელ-ნელა ანვითარებდნენ. გააფართოვეს საცხოვრებელი სახლიც, ჩაუტარეს რეაბილიტაცია, შეცვალეს ავეჯი, ტექნიკა და ყველა საყოფაცხოვრებო ნივთი. 9კვ მ-იანი ფართი 10-ჯერ გაიზარდა და ახლა 90კვ.მ ფართობში ცხოვრობენ. ასევე მცირე ბიზნესიდან დიდ ბიზნესში გადაინაცვლეს და ბოლო 5 წელია რაც შონიების ოჯახს, ბორჯომში, ქალაქის ცენტრში, საკუთარი ტექნიკის დიდი მაღაზია აქვს და 15 ადამიანიც ჰყავს დასაქმებული. ოჯახი ფინანსურად ახლა უფრო შეძლებულია და შრომას დღემდე დაუღალავად აგრძელებენ.

ძმებ შონიებს ასევე ბორჯომელი მეუღლეები ჰყავთ. მეორე ნახევრები ორივემ ბორჯომში გაიცნეს და ახლა ორივეს სამ-სამი შვილი ჰყავს. დავითის და თემურის მთავარი მიზანია, შვილებს უზრუნველი ცხოვრება ჰქონდეთ და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ გაჭირვება მათ ერთი წამითაც კი არ იგრძნონ.


დავით შონიას ოჯახი


თემურ შონიას ოჯახი

ოჯახი, რომელიც თავიდან 5 წევრისგან შედგებოდა, ახლა 15-მდე გაიზარდა. მათ სახლში ახლა მცირეწლოვანი ბავშვების ჟრიამული ისმის. პატარებმაც კარგად იციან თუ სად და როგორ ცხოვრობდნენ მათი მამები და როგორი რთული პერიდი გამოირეს იმ დროს. ეს სურათები იმ დროინდელია და ოჯახის თითოეულ წევრს იმ ტკბილ მოგონებებს ახსენებს, რაც აფხაზეთში ყოფნის დროს გადახდათ.



მონაყოლთან ერთად, ეს სურათებიც კარგად ნაცნობია და ბევრჯერ დათვალიერებული აქვთ ბავშვებსაც.




ბავშვები ასევე კარგად არიან გამოწვრთნილები ჭადრაკის თამაშში. ნუგზარი პაპა მათი მთავარი პედაგოგია. შვილიშვილებიც ძალისხმევას არ იშურებენ და ცდილობენ ბაბუის ახსნილი კარგად მოისმინონ და სპორტის ამ სახეობას ალღო კარგად აუღონ. რაც მთავარია, მასწავლებელი მოსწავლეებით კმაყოფილია.



ჭადრაკი ამ ოჯახში განსაკუთრებულად უყვართ. შესაბამისად, სადაც არ უნდა გაიხედო, მათ ოჯახში ყველგან ჭადრაკის დაფებს დაინახავთ და მოთამაშე ბავშვებს დაინტერესებული თვალებით. ნუგზარი პაპა არ არის ერთადერთი მასწავლებელი, რომელიც პატარებს ჭადრაკის თამაშს ასწავლის. თემური და დათოც აქტიურად არიან ჩართულები, შვილებისთვის ჭადრაკის შეყვარების პროცესში.



დათო და თემო პროფესიით ეკონომისტები არიან. ვერ წარმოუდგენიათ როგორ გაგრძელდებოდა მათი ცხოვრება გალში, რომ არა აფხაზეთის ომი. ამბობენ, რომ მაშინ სწავლაზე იყვნენ ორიენტირებული და უზრუნველი ცხოვრება ჰქონდათ, თუმცა ომმა არ დააცადა. ვერასდროს იფიქრებდნენ იმას, რომ ბიზნესს დაიწყებდნენ და დღესდღეობით ასე იცხოვრებდნენ. ნუგზარიც, რომელიც 40 წლამდე პედაგოგიური მოღვაწეობით იყო დაკავებული, ბორჯომში ჩამოსვლის დღიდან ბიზნესში ჩაერთო და შვილებიც მხარში ამოუდგნენ. თუმცა, ფაქტი ერთია, ახლანდელი ყოფით ოჯახი კმაყოფილია და ამ მდგომარეობას ღმერთს უმადლიან. თავიანთ რთულ და საინტერესო ცხოვრებას კი ჭადრაკს ადარებენ.

„ჭადრაკის თამაშს ჰგავს ჩვენი ცხოვრება და მთელ ცხოვრებასაც ვუკავშირებ ჭადრაკს. როგორც ჭადრაკშია ბრძოლა, ნებისყოფა საჭირო, სწავლა, მონდომება... ზუსტად ასეა ცხოვრებაც“ - ამბობს დავით შონია.



ნუგზარ შონია, შვილებით, შვილიშვილებით და დღვანდელი ცხოვრებით ბედნიერია. ახლა მას ერთადერთი მიზანი და ოცნება აქვს.

„ჩემი ოცნება იყო, რომ ჩემი შვილები გალში დიდი მოჭადრაკეები გამხდარიყვნენ. თუმცა, რადგან მათ ომმა არ აცადა წარმატების გზაზე გავლა, ახლა მიზნად მაქვს, რომ ჩემმა შვილიშვილებმა გააგრძელონ მამების მიერ დაწყებული გზა და გახდნენ ძლიერი მოჭადრაკეები“ - ნუგზარ შონია



ნულიდან დაწყებული ცხოვრება თავდაპირველად რთული იყო, ახლა კი უკვე ყველაფერი აწყობილი აქვთ და პრობლემაც ნაკლები აქვთ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მზად არიან დაბრუნდნენ მშობლიურ აფხაზეთში, თუ ამის შესაძლებლობა ექნებათ. ამბობენ, რომ თუ გალში დაბრუნდებიან, მათ ცხოვრებაში ორი მშობლიური ქალაქი იარსებებს და არცერთის მიტოვებას არ აპირებენ, რადგან ბორჯომმა და ბორჯომელებმა, რომლებმაც თავის დროზე გულთბილად მიიღეს და ახლა უკვე თითოეულ მცხოვრებს იცნობენ, მათი დათმობა უჭირთ.

„ღმერთმა ქნას და ხვალ რომ დაბრუნება იყოს აფხაზეთში, ჩვენ დავბრუნდებით, იქაურ მამულს აღვადგენთ, მაგრამ ბორჯომს არ დავკარგავთ. ანუ, „ბორჯომი-აფხაზეთი“, „ბორჯომი-გალი“ გვექნება მიმოსვლა“ - დავით შონია

FaceBook Twitter