ინტერაქტიული მულტიმედია
ამინდზე დამოკიდებული წყლის ხარისხი

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა წაღვერში, ქუჩაში ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, საკურორტო დაბის მთავარ პრობლემად, სასმელი წყლის ხარისხს დაასახელებს. წყალი ონკანებში ხშირად ამღვრეული მოდის. განსაკუთრებით წვიმიან ამინდში.



 

„ეს წაღვერი მთლიანად არის ჩაძირული, ძალიან ცუდი მდგომარეობაა,  ეს წყალი არის ტექნიკური მოხმარებისთვის, ხრეში მოსდევს, დამსვენებელს აღარ უნდა ამ წყლის გამო ჩამოსვლა“ - აღშფოთებული გვიყვება დაბის მთავარ გასაჭირზე  დაბაში მცხოვრები ნუნუ გელაშვილი.

წაღვერში მცხოვრებლები ამბობენ, რომ სასმელი წყლის პრობლემა დაბაში წლებია აწუხებთ.  საკითხის მოგვარების მცდელობაც არაერთხელ იყო, მაგრამ ამ დრომდე მუდმივად სუფთა წყალი დასახლებამ ვერ მიიღო.

„კენჭები გაგვიჩნდა თირკმელში და ნაღვლის ბუშტში ისეთი წყალი მოდის, ჩამოსული დამსვენებლები სულ ყიდულობენ წყალს, სარეცხის მანქანასაც კი აფუჭებს,   გვითხრეს, რომ სათავე ნაგებობა უნდა გაკეთდეს, მაგრამ ძვირი ჯდება“ - ამბობს თენგიზ გოგოლაძე.

დამსვენებლებისგან განსხვავებით, წაღვრელები სასმელ წყალს ვერ ყიდულობენ და წყაროებიდან ეზიდებიან. თუმცა აქვე ამბობენ, რომ ონკანიდან წამოსული წყალი გაცილებით გემრიელია.  დაბინძურებული წყალი მოდის დაბის ცენტრში არსებულ სკვერშიც.

„როცა ცუდი ამინდია ამღვრეული მოდის, ფერს იცვლის, ასეთ წყალს ვაჩერებთ და რომ დაილექება მერე სასმელადაც ვიყენებთ, გემო ჩვეულებრივი აქვს“ - გვიამბობს ზაირა ჩილაძე

„აკეთებენ და ვერ გააკეთეს ამდენი წელია, ამაზე გემრიელი წყალი არ არსებობს, მაგრამ ჭუჭყიანია, მე მაინც ამ წყალს ვიყენებ დასალევად“ -  გვეუბნება ავთო გოგოლაძე.

დაბაში  ყოველი მეორე ოჯახი საცხოვრებელ სახლს აქირავებს და ზაფხულის სეზონიდან , მეორე სეზონამდე მიღებული შემოსავლით ცხოვრობს. აქ ყველაზე მეტად შიშობენ, რომ  ვიზიტორები აღარ ჩამოვლენ და მალე წაღვერი საკურორტო დასახლების ფუნქციას დაკარგავს.



„დამსვენებლები რომ ხედავენ ამ შავ წყალს აღარ მოდიან, გადასცემენ ერთმანეთს წყალი არ ვარგაო, ერთადერთი მჟავე წყლის გამო თუ ჩამოვლენ“ - გვეუბნება მაქსიმ ხეთაგური

„როცა იწვიმებს და ტალახი წამოვა მერე კეტავენ, ხან რამდენიმე საათით, ხან მთელი დღით, ამ დროს წყალს წყაროდან ვეზიდებით“-  გვიყვება სამი შვილის დედა ლია გოგავა

მოსახლეობის გაჭირვებას გვიდასტურებს ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ოთარ არბოლიშვილი, რომელიც ამავდროულად  საკრებულოს დეპუტატია წაღვერის თემში.

„ბორჯომი წაღვერიდან წასული მდინარე „გუჯარულას“ წყლით მარაგდება,  ცენტრალური მილი გადის წაღვერზე და ამ დროს  წაღვერს არ აქვს წყალი. ხშირად ხდება წყლის გადაკეტვა და ტექნიკური წყალიც კი არ მიეწოდება მოსახლეობას, რაც აგრესიას და ცუდ დამოკიდებულებას იწვევს და მართლებიც არიან“

დეპუტატი ამბობს, რომ პრობლემის მოგვარება ბორჯომის მუნიციპალიტეტის პრეროგატივა არ არის და ეს საკითხი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ უნდა მოაგვაროს.

წაღვერში მცხოვრებლები სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის მომსწრე ბოლო წლებში არაერთხელ გახდნენ.

„გვეუბნებიან გამოსწორდებაო, მოვა ერთი კომპანია, დაიწყებენ სამუშაოებს წავლენ, გავა ერთი ორი წელი მერე  სხვა მოდის“ - ამბობს წაღვრელი ნუნუ გელაშვილი.


გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვიდასტურებენ, რომ რეაბილიტაციის პროცესი წაღვერში ნამდვილად მიმდინარეობდა და სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ასრულებდა.

კომპანიის რეგიონულ ოფისში, წყლის ხარისხზეც საუბრობენ და ამტკიცებენ, რომ წაღვრელების ონკანებში წამოსული წყალი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.



„ყოველდღიურად ხდება  ჩვენს მიერ, სასმელი წყლის ხარისხის შემოწმება მაგისტრალზე, სინჯებს ვიღებთ და ვამოწმებთ ლაბორატორიაში.  თუ წყალი შემღვრეულია ამ შემთხვევაში შემოწმება ორჯერაც ხდება დღეში.

კვირაში ერთხელ კი ბაქტერიულად მოწმდება.  წვიმიანი ამინდის დროს, წყლის შემღვრევის შემთხვევაში, წყალს ვკეტავთ და არ გვაქვს უფლება მივაწოდოთ მოსახლეობას“ -ამბობს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფილიალის მენეჯერი ბესარიონ ფილაური.


მუნიციპალური განვითარების ფონდში გვიდასტურებენ რომ წაღვერში წყლის სისტემის რეაბილიტაცია 2018 წლის აგვისტოში დაიწყო. სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკმა 2 613 578 ლარით დააფინანსა.

ფონდის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, წაღვერის წყლის სისტემის რეაბილიტაცია სამ ეტაპად უნდა განხორციელებულიყო, ორი ეტაპის სამუშაოები უკვე დასრულებულია, დარჩენილია მესამე ეტაპი.

„გაკეთდა ორი რეზერვუარი და საქლორატორო, ხუთი საუბნო წყალმზომი ჭა, ორ კილომეტრიანი მილსადეენი. დასრულდა არსებულ ქსელზე მიერთებები,  მესამე ეტაპი წყლის სათავე ნაგებობის მშენებლობას გულისხმობს“

მუნიციპალური განვითარების ფონდში ზუსტად ვერ ამბობენ, როდის დაიწყება რეაბილიტაციის მესამე ეტაპი. აცხადებენ, რომ დონორთან შეთანხმება და დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს, თუმცა დაზუსტებით იმის თქმა შეუძლიათ, რომ სამუშაოები მიმდინარე წელს უნდა განხორციელდეს.



ზაფხულის საკურორტო სეზონის დაწყებამდე კი, ერთი კვირაა დარჩენილი.  გამოდის, რომ წაღვერს,  სუფთა სასმელი წყალი ამ სეზონზეც არ ექნება.

ერთადერთ იმედად ამინდი რჩება,  რომელიც ამ ზაფხულს აუცილებლად მზიანი უნდა იყოს, წყალი რომ არ აიმღვრეს. წინაარმდეგ შემთხვევაში საკითხავია შეინარჩუნებს თუ არა საკურორტო დაბა  დამსვენებელს.

Print E-mail
FaceBook Twitter