ინტერაქტიული მულტიმედია
როგორ იქმნება ოჯახები?
საქართველოში, როგორ იქმნებოდა ოჯახები ადრე და როგორ იქმნება ახლა? ვეცადეთ ამ კითხვაზე პასუხები მოგვეპოვებინა. პირადად, ძალიან ბევრი ადამიანი გვესაუბრა იმის შესახებ თუ როგორ შექმნა ოჯახი, თუმცა უმრავლესობამ ამ ყველაფრის ღიად მოყოლა არ ისურვა. ჩვენმა რამდენიმე რესპონდენტმა, რომელმაც ინკოგნიტოდ ისურვა დარჩენა, გვითხრა რომ ოჯახი „გარიგებით“ შექმნა. მათი ასაკი დაახლოებით 50-60 წლამდე მერყეობს. გარიგებით შექმნილმა ოჯახმა მათ შემთხვევაში გაამართლა და როგორც გვიყვებიან, არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავთ.

ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი, რომელმაც ასევე ღიად საუბრისგან თავი შეიკავა, აკვანში დანიშვნას გადაურჩა. ჯერ კიდევ ახალი დაბადებული იყო, როცა მას თვალი „მომავალ რძლად“ დაადგეს, თუმცა მისმა მშობლებმა უარით გაისტუმრეს მსურველები და წლების შემდეგ ამ ადამიანმა ოჯახი სიყვარულით შექმნა.



ჩვენი რესპონდენტები გვიყვებიან, რომ რამდენიმე ათეული წლის წინ გარიგებით დანიშვნა ძალიან პოპულარული იყო. ერთეული შემთხვევები ახლაც არსებობს, თუმცა დროსთან ერთად და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, შეიცვალა ტენდენციაც. ახლა, ზოგიერთმა წყვილმა ერთმანეთი, სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნეს და ბედი ერთმანეთს სწორედ ასე დაუკავშირეს.

ჩვენი რესპონდენტი, ბელა პოღოსოვი ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელმაც მომავალი მეუღლე სოციალური ქსელით გაიცნო და შემდეგ ცოლად გაჰყვა. ბელა წარმოშობით ბორჯომიდანაა, მისი მეუღლე კი ისრაელში ცხოვრობდა. ინტერნეტ სამყარომ მანძილი მათ შორის შეამოკლა და ორი ადამიანი ერთმანეთს 5 წლის წინ დააკავშირა.

„5 წლის წინ, მომწერა Facebook-ზე. საერთო მეგობარი გვყავდა სოციალურ ქსელში და ესე მომძებნა. მე არ ვუპასუხე, კიდევ მომწერა, მერე ვეუხეშე. მკაცრად რომ ველაპარაკე ეს მოეწონა და გააგრძელა შეტყობინებების გამოგზავნა. შემდეგ ტელეფონის ნომერი მკითხა. ვიფიქრე, ისრაელიდან ეს აქ ჩამომსვლელი არ არის მეთქი და კიდევ გავაგრძელე უხეშად მიწერა. 3-4 დღეში ჩამოვიდა, გაურკვევია სად ვცხოვრობდი და ჩემ სახლთან იდგა, როცა დამირეკა და მითხრა გარეთ გამოდიო, ამაზე სულ გადავირიე. მოგვიანებით, ბორჯომის პარკში შევხვდით ერთმანეთს, მომეწონა-მოვეწონე“ - იხსენებს ბელა პოღოსოვი.


პირველი შეხვედრის შემდეგ, დაიწყო მათი ურთიერთობაც. მიხვდნენ რომ ერთმანეთი ენატრებოდათ და უფრო ხშირად ხვდებოდნენ. შეხვედრის ადგილი საქართველო და კერძოდ ბორჯომი იყო. ასე გრძელდებოდა მათი ურთიერთობა, რაც სიყვარულის ახსნით დაგვირგვინდა.

„ისრაელში იყო, ერთმანეთს სკაიპში ველაპარაკებოდით და სიყვარული სწორედ სკაიპში ამიხსნა. მერე მთხოვა, მამაჩემი დამეძახა. მამაჩემსაც სკაიპში უთხრა, რომ შენი გოგო მიყვარს და მისი ხელი უნდა გთხოვოო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. შემდეგ, მშობლებთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში და პირადად კიდევ ერთხელ მთხოვა ხელი. გაცნობიდან ნახევარ წელიწადში დავინიშნეთ, შემდეგ კი ვიქორწინეთ“ - ბელა პოღოსოვი



ბელა ისრაელში გათხოვდა, ცოლ-ქმარს ამჟამად 3 წლის ბიჭი ჰყავს. უკვე მე-6 წელია ერთად ცხოვრობენ, ერთად იღებენ ყველანაირ გადაწყვეტილებას და როგორც თავად ამბობენ, აქვთ ბედნიერი ოჯახი.

„თავიდან გამიჭირდა მშობლიური ქვეყნის დატოვება და უცხო ქვეყანაში ცხოვრება, როცა შენი ოჯახის წევრები და ახლობლები გვერდით არ გყავს, ენა არ იცი და ა.შ. მაგრამ გვერდით საყვარელი ადამიანი მყავდა და შევეჩვიე ამ გარემოებას. ბინა ვიყიდეთ და ცალკე ვცხოვრობთ ერთად. არ ვიცი სხვებს რამდენად ვურჩევ, სოციალური ქსელით ადამიანის გაცნობას და დაოჯახებას, მე პირადად გამიმართლა. 50%-50%-ზე ალბათ. სიფრთხილე რა თქმა უნდა საჭიროა, მთავარია კარგად გაიცნო და ენდობოდე, სხვა შემთხვევაში რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება. მეც მიჭირდა, თუმცა იმდენად ხშირად ჩამოდიოდა შესახვედრად, იმდენად ხშირად ვკონტაქტობდით, რომ მალევე გავიცანი და დავრწმუნდი, რომ სანდო ადამიანი იყო“ - ამბობს ბელა პოღოსოვი.



ჩვენი შემდეგი რესპონდენტი კი მომავალ მეუღლეს კარგად იცნობდა, უფრო მეტიც ახლო მეგობრები იყვნენ და მოგვიანებით აღმოაჩინეს, რომ „ის ის იყო“.

„თავიდან არ ვიცნობდით ერთმანეთს. ჩემ დაქალთან ერთად ცეკვაზე დადიოდა და იქიდან ვიცოდი, რომ კარგად ცეკვავდა. ერთ დღესაც, სწორედ ჩემმა მეგობარმა ერთმანეთი ქუჩაში შემთხვევით გაგვაცნო და მას შემდეგ ჩვეულებრივად დავემშვიდობეთ. ერთხელაც, სკოლაში გაგვეთილზე შემოგვიღო კარი, მასწავლებელს ეძებდა და რომ დავინახე მაგ დღეს მომეწონა, ჩემ დაქალს გადავუჩურჩულე, მესიმპათიურა მეთქი. იმის შემდეგ, ჩვენ სამნი ერთმანეთს ხშირად ვხვდებოდით, გავცვალეთ ნომრებიც და იმის მერე დაიწყო ჩვენი მეგობრობა“ - იხსენებს ანა დავიდოვი 



მათი მეგობრობა დაახლოებით 2 წელი გაგრძელდა. მამუკა ცდილობდა ანას შესახებ ყველაფერი დეტალურად გაერკვია, თან ისე რომ ანას ამის შესახებ არაფეი გაეგო და არ მიმხვდარიყო. მეგობრის სტატუსით ერთმანეთი კარგად გაიცნეს, მოგვიანებით კი მამუკამ ანას სიყვარული აუხსნა.

„ერთ დღესაც მეუბნება „მიყვარხარო“, მეც ვუპასუხე, ხო იცი ჩემი ძმა ხარ და მეც მიყვარხარ მეთქი. ძმა კი არა, მე შენ ისე მიყვარხარ, ნება რომ მომცე დღესვე სახლში წაგიყვანდიო მეუბნება. მოულოდნელი იყო და დავიბენი. შემდეგ ვუთხარი, რომ მე შენ ძმასავით გიყურებ და არ შემიძლია შენთან ურთიერთობა გავაგრძელო ამის შემდეგ მეთქი. ხო და ასე დავიშალეთ, აღარც მიმოწერა გაგვიგრძელებია და აღარც შეხვედრა. მე კი დღითიდღე ვხვდებოდი, რომ მაკლდა და მენატრებოდა. ხანდახან ავიღებდი ტელეფონს, რომ შეტყობინება გამეგზავნა მასთან და მერე ისევ ვშლიდი“ - გვიყვება ანა.

ურთიერთობა ანასა და მამუკას შორის მას შემდეგ განახლდა, როდესაც ანას ძმა შეეძინა და მამუკასგან მისალოცი შეტყობინება მიიღო. ერთ დღესაც, ბიჭმა გოგოს შეხვედრა სთხოვა. ანაც დასთანხმდა და პარკში, ყვავილებით შემკობილი ეს გული დახვდა.



„მომენატრეო მეუბნება, მეცთქო ვუპასუხე და ამ დროს გულში ვფიქრობ, ჰეე მოაყოლე მიყვარხარო, რომ გიპასუხო მეც თქო. ამ დროს გაჩუმდა და ხმას არ იღებს. სიჩუმე დავარღვიე და ისევ ამ გულს მივუბრუნდი, რა საყვარელი გულიათქო, აღარ ვიცოდი რა მეთქვა სხვა. ჰო და ამის შემდეგ მეუბნება „მოდი იცი რაოო, რაა მეთქი? რა ვქნა მიყვარხარო და რადგან შენ აქ მოხვედიო, ესე იგი შენი პასუხიც ვიციო, ეხლა მოეშვი ამ გულს და ჩამეხუტეო“ - გვიყვება ღიმილით ანა დავიდოვი

იმ დღიდან მათ მეგობრობას ახალი სტატუსი დაემატა. დაახლოებით 3 წელი შეყვარებულები იყვნენ. ხუმრობს ანა, რომ ჩვენი ყოველი დღე „ცოლად გამომყევით“ იწყებოდაო. ერთ დღეს კი ცოლად მართლა გაჰყვა, ისიც პაემნიდან.



„2016 წლის 14 თებერვალი იყო, კიდევ ერთხელ მკითხა ამ დღეს ცოლად გამომყვებიო? მე ავნერვიულდი. მერე მითხრა, დაჯექი წავედითო, ამაზე სულ გადავირიე, სად მივდივართ მეთქი ვიმეორებდი განუწყვეტლივ. ამ ძახილში კი ისე გამოვიდა, რომ პირდაპირ პაემნიდან გავთხოვდი. უკვე ოთხი წელია ერთად ვართ, ვცხოვრობთ ჩვენს პატარა „კაცუნასთან“ ერთად, რომელიც ძალიან ეჭვიანობს, როცა დედ-მამას ჩახუტებულს ხედავს. ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ და კარგად ვიცით ერთმანეთის ხასიათი. საოჯახო საქმეებშიც მეხმარება და სულ ჩემს გვერდითაა. ერთადერთი, რაზეც ბუზღუნებს ფოტოების გადაღებაა, მას არ უყვარს სურათები, მე კი მინდა ერთად ბევრი ფოტო გვქონდეს“ - იცინის ანა.



ანა, საკუთარი გამოცდილებით გვიზიარებს, რომ ძალიან კარგია როცა შენს მეორე ნახევარს კარგად იცნობ და იცი მისი ხასიათი. მისი თქმით, ოჯახის შექმნამდე, კარგად უნდა გაიცნო მომავალი მეუღლე, რომ სამომავლოდ თავიდან აირიდო ზედმეტი პრობლემები.

ფაქტია, რომ ჩვენს რესპონდენტებს პირად ცხოვრებაში გაუმართლათ. ვინ როგორ გაიცნობს მომავალ მეუღლეს და როგორ არჩევანს გააკეთებს, ეს უკვე ინდივიდუალურია და კონკრეტული პიროვნების გადასაწყვეტია. ერთადერთი, რაზეც ყველა ჩვენი რესპონდენტი თანხმდება, არის ის, რომ ოჯახი აუცილებლად სიყვარულით უნდა შეიქმნას.







FaceBook Twitter