ინტერაქტიული მულტიმედია
ბავშვთა ექიმი - „პაციენტის სიმპათია“
დღეში 30-ზე მეტ პაციენტს იღებს, თითქმის არასდროს წყდება მისი მობილური ტელეფონის ზარები, კონსულტაციებს ხან ტელეფონით უწევს, ხან პირადად შეხვედრისას. 24 საათის განმავლობაში ხაზზეა და ზრუნავს ყველაზე პატარა პაციენტების ჯანმრთელობაზე. სამი შვილის დედა და ოთხი შვილიშვილის ბებია მუდამ პაციენტების მდგომარეობაზე ფიქრობს და დიდ ყურადღებას მათ უფრო მეტად უთმობს, ვიდრე საკუთარ ოჯახის წევრებს. ციური გონგლაძე უკვე 33 წელია პედიატრია.  




ციური ექიმი ხაშურში მუშაობს, თუმცა პაციენტები არამხოლოდ ამ ქალაქიდან, არამედ მეზობელი რეგიონებიდანაც ჰყავს. ამიტომ მის კაბინეტთან მუდმივად რიგია.



ყველასთვის საყვარელ პედიატრს, „პაციენტის სიმპათიის“ წოდებაც მიენიჭა. ეს ტიტული, პაციენტების ხშირმა მიმართვიანობამ და მათმა დადებითმა შეფასებებმა განაპირობა. მასთან მიმართვიანობის ძირითადი მიზეზები, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ბრონქიტი, ვირუსი, ანთება და ხანდახან ნაწლავური პრობლემებია. მისი პაციენტები ხშირ შემთხვევაში, 0-დან 5 წლამდე ბავშვები არიან.



ციური ექიმს, ბევრი პაციენტი დაბადებიდან აკითხავს. ჰყავს პრობლემური პაციენტებიც. 2 წლის და 4 თვის ევა ნოზაძე, მას სისტემატურად სტუმრობს. თვეში ერთხელ ან ორჯერ, ხანდახან უფრო ხშირადაც, სურამიდან დედასთან ერთად მოდის და ექიმთან კონსულტაციას გადის. 



ევას დედა, ანა გონაშვილი ამბობს, რომ როცა ადგილზე მოსვლას ვერ ახერხებდნენ, სატელფონო კონსულტაციაც მიუღიათ. 




როგორც თავად გვიყვება, პატარები ხშირ შემთხვევაში ჭირვეულები არიან, ხშირად ტირიან, თუმცა როდესაც ექიმის სიყვარულს და სითბოს გრძნობენ, მალევე ენდობიან.

„1-დან 2 წლამდე ბავშვები ცოტა ჭირვეულები არიან. ტირიან აცრების დროს და მაშინ როცა ტკივილს გრძნობენ. თუმცა როცა აცნობიერებენ რომ ექიმებთან მისვლა მათ არ აზიანებს, შემდეგ მშვიდდებიან, გენდობიან და ხანდახან მოდიან ჩასახუტებლადაც“ - იხსენებს ღიმილით ციური გონგლაძე.



სწორედ ბავშვებისადმი სიყვარულმა გადააწყვეტინა ამ პროფესიის არჩევა. თავდაპირველად მუშაობა ხაშურის ბავშვთა პოლიკლინიკაში დაიწყო. ახალბედა ექიმი პირველ დღეს ნერვიულობდა, თუმცა გამოცდილ კოლეგებს უმადლის იმას, თუ როგორ დაეხმარნენ ამ ემოციების დაძლევაში. მისი პირველი წარმატებაც სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც ფეხი ახალი შედგმული ჰქონდა მედიცინაში. ჰყავდა ერთი პაციენტი, რომელსაც ქრონიკული დაავადების პრობლემა ჰქონდა და მას დაეხმარა გამოჯანმრთელებაში.

„ერთ-ერთ პაციენტს ჰქონდა ქრონიკული დაავადება. ახალბედას მენდნენ და დაიწყეს ჩემთან მკურნალობა. საბედნიეროდ, პაციენტის მდგომარეობა უკეთესობისკენ წავიდა და გამოკეთდა. მას შემდეგ იმ პაციენტს, თავისი შვილებიც ჩემთან დაჰყავს და გამოდის, რომ მათ ოჯახიანად კარგად ვიცნობ“ - ამბობს ციური ექიმი.



წარმატებებთან ერთად ჰქონდა კურიოზული შემთხვევებიც. სახალისო ისტორიებს დღესაც ღიმილით იხსენებს.

„პაციენტი მოვიდა, რომელსაც სწორ ნაწლავში გასაკეთებელი სანთლები დავუნიშნე და დედა თურმე ამ სანთელს დასალევად აძლევდა შვილს, შემდეგ შემომჩივლა მშობელმა, არ იხსნება ეს სანთელი და ძლივს ვასმევო. გამეცინა ამ შემთხვევაზე, არა და ყველაფერს დეტალურად ვუწერ და თან ვუხსნი ხოლმე მშობლებს, რომ გაურკვევლობის გამო, პატარების ჯანმრთელობას არ შეექმნას საფრთხე. ამ დროს ყველა დეტალი მნიშვნელოვანია, თუმცა ხანდახან არის შემთხვევები, რომ მაინც ეშლებათ და ბავშვებს ნახევარი ტაბლეტის ნაცვლად, ხან მთლიანს მიაღებინებენ და ა.შ.“ - იხსენებს ციური ექიმი.

33 წლის განმავლობაში უმუშავია სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო საქართველოს წითელი ჯვრის მოწყალების სამსახურის ექიმიც. ამბობს, რომ ხშირად იმაღლებდა კვალიფიკაციას და კარგი გამოცდილებაც მიიღო, თუმცა იქ თერაპიულ განყოფილებაში მუშაობდა და მიხვდა, რომ ეს პროფილი მისი არ იყო. ყველაზე მეტად პედიატრია და ბავშვებთან ურთიერთობა უყვარს.



შვილები დაოჯახებულები არიან და ოჯახში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ ქმარი ხელს უწყობს და როდესაც პაციენტთან არის, მისი მეუღლე ცდილობს სხვა საქმეებში შეეშველოს და არ დატვირთოს. თვლის, რომ ექიმი ყოველდღიურად უნდა ვითარდებოდეს და წუხს იმაზე, რომ პედიატრიაში ახალგაზრდებს ნაკლებად ხედავს.

„სამწუხაროა რომ პედიატრიული ფაკულტეტი გაუქმდა. როდესაც სამედიცინო კონფერენციებს ვესწრები, იქ ძირითადად ამ სფეროში გამოცდილი ექიმები ესწრებიან, ახალგაზრდების ნაკლებობაა და ეს საკითხი ძალიან მაწუხებს. უნდა ხდებოდეს ამ პროფილის შევსება ახალგაზრდა თაობითაც“ - ციური გონგლაძე



თავად კი მოხარულია, რომ უცხოურ მედიცინასთან შეხებამ, როგორც მისი, ასევე სხვა კოლეგების მიდგომები შეცვალა სამუშაო პროცესში. აბედნიერებს ის, როცა პაციენტებს გამოაჯანამრთელებს და ბავშვები მას არანამტირალევი თვალებით, არამედ დამშვიდებულები და მადლიერები შესცქერიან. ფიქრობს, რომ ცხოვრებაში მთავარი ჯილდო, მისი პაციენტის გამოჯანმრთელებაა.



FaceBook Twitter