ინტერაქტიული მულტიმედია
"ცხოვრება გეოლოგად"
როგორც ექიმს ესმის პაციენტის გულისცემის ხმა, ისე გრძნობს, 58 წლის გიორგი სამსონიძეც "ჭაბურღილების გულისცემას". 50 ჭაბურღილი და საკაპტაჟე ნაგებობა, იგივე „შვილები“ ჰყავს ჩაბარებული, რომელსაც განსაკუთრებულად უფრთხილდება. ყოველდღიურად, წვიმაშიც, ქარშიც და თოვლშიც მიდის ადგილზე. სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით, იღებს მონაცემებს -მინერალური წყლის დებიტების, ჭაბურღილებში წყლის დონის და ტემპერატურის შესახებ. ამ ყველაფერს კი შემდეგ სათაო ოფისშიც აგზავნის. კვირაში ორჯერ, იგივე პროცესის შესრულება უწევს ყველა ჭაბურღილზე. მისი პროფესია მთაში სიარულსაც მოითხოვს. ზღვის დონიდან 2400მ, ეს არის ერთ-ერთი უმაღლესი წერტილი ბაკურიანის მთათა სისტემაზე -ცხრაწყაროს უღელტეხილი, სადაც ამინდის შესაბამისად უწევთ ასვლა და მონაცემების შეგროვება. გია სამსონიძე უკვე 30 წელია სს „ბორჯომმინწმყლების“ ჰიდროგეოლოგია. იგი პასუხიმგებელია ბორჯომის ცენტრალურ უბანის და ბაკურიანის წყაროს წყლის საბადოებზე.




გეოლოგია პროფესიად, ჯერ კიდევ ბავშვობიდან აირჩია. ეს კი იმან განაპირობა, რომ მინერალური წყლის ერთ-ერთ ჭაბურღილთან ახლოს ცხოვრობს. ინტერესი პატარაობიდანვე გაუჩნდა. წლების შემდეგ, პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა და 27 წლის იყო როდესაც მუშაობას შეუდგა. მისი პირველი ობიექტი ე.წ. „სერნი ვანები“ იყო, რომელიც ოფისიდან 7 კმ-შია. გამოცდილმა გეოლოგმა, ახალბედა ბიჭი ადგილზე წაიყვანა და ყველაფერი დეტალურად აუხსნა. შემდეგ, დღის განმავლობაში 2-3-ჯერ ფეხით უწევდა ასვლა და უკან დაბრუნება. გამოცდილებასთან ერთად, დაემატა ჭაბურღილების რაოდენობაც და მას შემდეგ, ასე ყოველდღიურად ზრუნავს „შეძენილ შვილებზე“. ცხოვრების ნახევარი სწორედ ამ სამსახურში აქვს გატარებული. მისთვის ხანდახან არც შაბათი-კვირა არსებობს და თუ საჭირო გახდა, დაუზარელად მიდის ჭაბურღილების შესამოწმებლად.

„რა თქმა უნდა, რთულია როცა ფიზიკურად გიწევს მუშაობა, ამინდზე და ბევრ სხვა ფაქტორზე ხარ დამოკიდებული, თუმცა, 30 წელი განუწყვეტლივ რომ რაღაცაზე ზრუნავ, ბუნებრივია შვილივით შეგიყვარდება. ასე რომ პროფესიული არჩევანი არასდროს მინანია“- ამბობს გიორგი სამსონიძე.



„ბორჯომმინწყლების“ გეოლოგიურ განყოფილებაში, ძირითადად ერთი და იგივე ასაკის და გამოცდილების მქონე 7 თანამშრომელია. გიორგი სამსონიძე ამბობს, რომ ეხლანდელ ახალგაზრდებს ძირითადად კომპიუტერული ტექნიკა და პროგრამისტობა უფრო აინტერესებთ, ვიდრე ბუნება, ტყეში სიარული და ფიზიკური დატვირთვა. თავად კი ნატრობს, რომ ისევ ახალგაზრდა იყოს და კიდევ მრავალი წელი იმუშაოს გეოლოგად. ეს მისი პირველი და ამჟამინდელი სამსახურია და ფიქრობს, რომ პენსიაშიც სწორედ აქედან გავა, სხვა პროფესიაში თავი ვერ წარმოუდგენია. გამოცდილ გეოლოგი ღიმილით იხსენებს იმ შემთხვევას, თუ როგორ გადაურჩნენ ის და მისი კოლეგა, ტყეში დათვს, როდესაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გზაზე შემთხვევით გადაეყარნენ. იცინის, რომ დათვიც შეშინებული გაიქცა და ისინიც შიშისგან გზას მოეფარნენ.




ასე რომ გზად ხიფათიც გადახდენია და კურიოზული შემთხვევებიც, რაც მისი თქმით, ამ პროფესიას უფრო მეტ ხიბლს სძენს. გია სამსონიძე, ჭაბურღილების შესამოწმებლად ხშირად კოლეგასთან ერთად გადის. ლიანა რევაზიშვილი ერთ-ერთია, რომელიც მასთან ერთად ველზე მუშაობს.



60 წლის გეოლოგმაც ნახევარი ცხოვრება აღნიშნულ სამსახურში გაატარა. ლიანა სანიტარული ზონების ინჟინერია და ჭაბურღილების უსაფრთხოება მისი მთავარი მოვალეობაა. 




ლიანა რევაზიშვილიც წარმოშობით ბორჯომიდანაა. მოვლილი აქვს ყველა უღელტეხილი. ამბობს, რომ სკოლიდანვე გადაწყვიტა რომ გეოლოგი უნდა გამხდარიყო, რადგან მისი გეოგრაფიის მასწავლებელმა საგნისადმი სიყვარული ჩაუნერგა და შესაბამისი ცოდნა მისცა, ამ ყველაფერმა კი მას უბიძგა, რომ არჩევანი სწორედ გეოლოგიაზე უნდა შეეჩერებინა. სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა სამთო მეტალურგიულ ინსტიტუტში გააგრძელა დაუსწრებელზე. ჯერ კიდევ სტუდენტი იყო როდესაც მუშაობა დაიწყო. თავდაპირველად, სურამის საბადოზე დასაქმდა ჰიდროგეოლოგად, სადაც პირველივე დღეს დაათვალიერებინეს ჭაბურღილები და აუხსნეს საქმის სპეციფიკა. მას შემდეგ ისიც ყოველდღიურად მუშაობს და ამბობს, რომ პროფესიული არჩევანი არასდროს უნანია.



გიორგი სამსონიძის და ლიანა რევაზიშვილისგან განსხვავებით, გამოცდილებითაც და ასაკითაც შედარებით ახალგაზრდაა გიორგი გაფრინდაშვილი, რომელიც გარემოს ეროვნულ სააგენტოში 10 წელია მუშაობს. მუდმივად მონაწილეობს ექსპედიციებში, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. მისი მთავარი მოვალეობა, გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა და სხვა) იდენტიფიცირება, შეფასება, ანალიზი, რეკომენდაციების გაცემა და საფრთხეების ზონირების (დარაიონება) რუკების შედგენაა მსოფლიოში აპრობირებული მეთოდოლოგიებით და თანამედროვე ტექნოლოგიებით. როგორც თავად ამბობს, საქართველო სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების მასშტაბებით და მათგან მიყენებული ზარალითა და ზიანით მსოფლიოს მთიან ქვეყნებს შორის ერთ-ერთ რთულ რეგიონს წარმოადგენს. 32 წლის გეოლოგის შეფასებით, გამონაკლისი არც ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაა, სადაც ყოველწლიურად ადგილი აქვს სტიქიური გეოლოგიური პროცესების (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი-ქვათაცვენა, მდინარეთა ნაპირების გარეცხვა და სხვა) გააქტიურებას. მისი თქმით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა სოფ. დგვარის ტერიტორიაზე, ასევე სოფ. საკირეში, ტაძრისში, დიდ მიტარბიში, ბორჯომ-ბაკურიანის საავტომობილო გზის ცალკეულ უბნებზე და საკუთრივ ქ. ბორჯომში.



გიორგი გაფრინდაშვილმა 2007 წელს დაამთავრა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგია-გეოგრაფიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი, შემდეგ 2009 წელს მაგისტრატურა და ამავე მიმართულებით 2015 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი. მისი სადოქტორო დისერტაცია ეხებოდა სამხრეთ-საქართველოს და კერძოდ ამ რეგიონში არსებულ სტიქიურ გეოლოგიურ პროცესებს, სადაც თანამედროვე მეთოდოლოგიებზე დაყრდნობით შედგენილი იქნა საფრთხეების ზონირების რუკები. ამ პერიოდის განმავლობაში ასევე ისწავლა ნიდერლანდების სამეფოში და იტალიაში, აგრეთვე ჩინეთში გაიარა რამდენიმეთვიანი სტაჟირება, სადაც ამ სფეროში საერთაშორისო ცოდნა და გამოცდილება მიიღო. როგორც თავად ამბობს, გეოლოგია ბავშვობიდან იტაცებდა.

„მინდა აღვნიშნო რომ ჩემი მშობლები გეოლოგები არიან, ასევე გეოლოგები იყვნენ ბებია და ბაბუა, ხოლო ერთი ბაბუა სამთოელი. ხშირად ვმონაწილეობდი მათთან ერთად სხვადასხვა გეოლოგიურ ექსპედიციებში და ამან განაპირობა ჩემი მომავალი პროფესიის არჩევა. ბავშვობაში მუდმივად ვცხოვრობდი გეოლოგების ბაზაზე აფხაზეთში, კერძოდ ქვემო ფშაფში და ალახაძეში“ - გვიყვება გიორგი გაფრინდაშვილი.



22 წლის იყო, როდესაც პირველად სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმდა. როგორც თავად იხსენებს, ახალბედა გეოლოგისთვის რთული იყო ასეთ საქმესთან შეჭიდება, თუმცა მუშაობა გამოცდილ კოლეგებთან მოუწია და მათი დამსახურებით იქცა საქმის პროფესიონალად. მისი შეფასებით, გეოლოგიის პროფესია რთულ კატეგორიას განეკუთვნება, ვინაიდან გეოლოგი თავისი ცხოვრების უმეტეს ნაწილს კოლეგებთან ერთად ექსპედიციებში ატარებს, მოწყვეტილია ოჯახს და შესაბამისად ადამიანური ფაქტორი გადამწყვეტია მისი პროფესიული საქმიანობისათვის.



2012 წლიდან გიორგი, უნივერსიტეტებში კითხულობს სალექციო კურსებსაც: საინჟინრო-გეოლოგია, სტიქიური პროცესები, რელიეფის გეომორფოლოგიური კარტოგრაფია, გეოინფორმაციული სისტემები (GIS). მოხარულია, რომ მისი ხელმძღვანელობით რამდენიმე სტუდენტმა დაიცვა მაგისტრის ხარისხი. მისი შეფასებით, საბედნიეროდ, დღეს დაინტერესება ამ პროფესიის მიმართ ახალგაზრდების მხრიდან უფრო გაიზარდა, ვიდრე ეს იყო 90-იან წლებში. ახალგაზრდა გეოლოგი, სფეროში არსებულ პრობლემებზეც საუბრობს. 

„ბოლო პერიოდში პროცესების კვლევების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, თუმცა არსებობს რიგი პრობლემები, მაგალითად ქვეყნის მასშტაბით რეგიონებში გეოლოგიური სამსახურების არქონა. მიუხედავად ამისა, ამ მიმართულებითაც გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები, მაგ: იქმნება დასავლეთ საქართველოს რეგიონალური გეოლოგიური ჯგუფი“ - ამბობს გიორგი გაფრინდაშვილი

ჩვენი წინა ორი გმირის მსგავსად, გიორგიც სამომავლოდ, საკუთარ თავს გეოლოგიაში ხედავს. ამბობს, რომ ცხოვრება გეოლოგად რთულია, თუმცა ეს არის მისი მოწოდება და ცხოვრების წესიც.

„რა თქმა უნდა ჩემი სამომავლო გეგმებიც გეოლოგიასთან არის დაკავშირებული და ვცდილობ ჩემს კოლეგებთან ერთად ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის ჩვენი წვლილი შევიტანოთ, რაშიც გეოლოგიას, ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართელოში, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება“  - გიორგი გაფრინდაშვილი



FaceBook Twitter