ინტერაქტიული მულტიმედია
საშიში ელექტროგადამცემი ხაზები თუ გაუმჯობესებული ენერგომომარაგება
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერში, ადგილობრივების თქმით, 12 ელექტოგადამცემი ანძა გასულ წელს დამონტაჟდა. სამუშაოები ნოემბერ-დეკემბერში დაასრულეს და ახლა აქ ასეთი სურათი გვხვდება. 



ელექტროგადამცემი ხაზები, ზოგიერთი მაცხოვრებლის მიწის ნაკვეთზე გადადის, ზოგიერთის სახლთან კი ანძები ახლოსაა დამონტაჟებული. სოფელში ამბობენ, რომ 35 000 ვოლტის ნაცვლად, გაივლის 110 000 ვოლტი, რაც დასხივებას იწვევს და საბოლოო ჯამში მათ ჯანმრთელობას შეუქმნის საფრთხეს.

ჯემალ შოთაშვილმა, 500 მეტრიან მიწის მონაკვეთზე წელს ვეღარაფერი დათესა. აქედან ძირითადად კარტოფილი და სიმინდი მოჰყავდა, თუმცა შიშობს, რომ მიწის ნაკვეთს დაკარგავს, რადგან იქვე მახლობლად არის დამონტაჟებული ელექტროგადამცემი ანძები. ჯემალი პაპა ამბობს, რომ მიწის ნაკვეთის გაფართოების ნაცვლად, ფართობი შეუზღუდეს და პრობლემაზე რეაგირებას ითხოვს.



„ორი ბიჭი მყავს, იქნებ აქ სახლი უნდა ამეშენებინა, ახლა აქ ცხოვრება შეიძლება? მოსავალსაც ვეღარ მოვიყვანთ“ - ამბობს ჯემალ შოთაშვილი.

ჯემალ შოთაშვილი ამბობს, რომ სამუშაოები დაუკითხავად დაიწყეს და მიწის ნაკვეთის დაკარგვის შემთხვევაში ის კომპენსაციას ითხოვს.






იგივე პრობლემა აწუხებს ჯემალის მეზობელს, ნათელა ტაბატაძეს, რომელიც ამბობს, რომ 35 მეასედი მიწის ნაკვეთი დაკარგა. მისი თქმით, მაღალი გამავლობის ძაბვა გამოიწვევს დასხივებას, დაავადდებიან უფროსებიც და პატარებიც. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები კვლავ გაგრძელდება, ნათელა ტაბატაძე სოფლიდან გასახლებას ითხოვს.





სადგერი მცირემიწიანი სოფელია. ადგილობრივების შემოსავლის წყარო სოფლის მეურნეობა და ტურიზმია. ზაფხულში, საკურორტო ზონას, უამრავი დამსვენებელი სტუმრობს, თუმცა პავლე გეგეშიძე ფიქრობს, რომ ეს ელექტროგადამცემი ანძები სოფელში სტუმრებს დააფრთხობს. მისი ვარაუდით, სადგერი დაკარგავს ტურისტულ ხიბლს, ადგილობრივები კი შემოსავლის წყაროს.



„ამხელა ანძას რომ დაინახავს დამსვენებელი, სადგერში აღარავინ მოვა. ჩვენი ინფორმაციით, ენერგო პრო ჯორჯია ამონტაჟებს ამ ანძებს, თუმცა სემეკმა შეაჩერა პროცესი. ექსპერტიზა დაინიშნა და ველოდებით პასუხებს“ - ამბობს პავლე გეგეშიძე.

პრობლემაზე საუბრობენ ტბაზეც, რომელიც სადგერის მოსაზღვრე სოფელია. თუმცა, აქ მოლოდინის შიში უფრო აქვთ. ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ სადგერის შემდეგ, ტბაზეც მოხდება მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანა, მაშინ ისინიც სადგერლების ბედს გაიზიარებენ, დაკარგავენ მიწის ნაკვეთებს და ცხოვრების საშუალებას.



„თუ გაკეთდა, ჯერ ეზოები და ბაღები უნდა გაანადგურონ თავიანთი ტექნიკით. მერე ეს ამხელა ძაბვის „კაბელები“ რომ გაივლის, საზიანოა ჩვენთვის, მომავალი თაობისთვის. არის საშუალება, რომ „ჭალების გზიდან“ - ტყეზე გაიაროს და იქიდან ავიდეს ლიბანში, ისე რომ სოფელს ასცდეს. ჩემ ეზოში რომ შემოვიდნენ, კომპენსაცია ხომ უნდა მომცენ, შეუძლიათ ეს თანხა ამ კუთხით გამოიყენონ“ - ამბობს ტბაზე მცხოვრები ნინო ჯალაღანია

ამ დროისთვის, ტბაზე უკვე არსებობს ელექტროგადამცემი ანძები, რომელიც კომუნისტების დროს დამონტაჟდა და აქ მცხოვრებლების თქმით დაბალი ძაბვის სადენებია. მისი გაორმაგების შემთხვევაში კი ისინი რეალური პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან.




მოსახლეობა თანახმაა, ძველ ანძებს რეაბილიტაცია ჩაუტარდეს, ან ახალი სადენები ტყის მიმართულებით, მოსახლეობის გვერდის ავლით დამონტაჟდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სოფელი წინააღმდეგობის გაწევას აპირებს.




მოსახლეობის პროტესტს უერთდება, ტბის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატი მამუკა ლურსმანაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ ენერგო-პრო ჯორჯიამ ფაქტობრივად ჩაიდინია დანაშაული, რაც კერძო საკუთრების ხელყოფას გულისხმობს, ამისთვის კი კომპანიამ პასუხი უნდა აგოს. ლურსმანაშვილის თქმით, ანძების დამონტაჟებას სოფელ ტბაზეც აპირებენ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება. დეპუტატიც ადასტურებს იმას, რომ შემსრულებლებმა პროექტი თვითნებურად დაიწყეს და მოსახლეობისთვის აზრი არ უკითხავთ. სამუშაოების შეჩერების მიზნით მან ენერგოომბუდსმენსაც მიმართა, რასაც სხდომა მოჰყვა.




„თავიდან შემოტანილი იყო განაცხადი მერიაში, რომ განახორციელებდნენ 35 000 ვოლტიანი, მაღალი ძაბვის ანძების ცვლილებას, ანუ „რემონტს“. მაგრამ მათ ფაქტობრივად ახალი ხაზი გაიყვანეს და მაღალი ძაბვის ანძებით შეცვალეს და გამოდის რომ 35 000-ის ნაცვლად, 110 000-მა ვოლტმა უნდა გაიაროს. დაპირისპირება გვქონდა ენერგო პრო ჯორჯიასთან. სხდომაზე შევთანხმდით იმაზე, რომ სამუშაოები დროებით უნდა შეჩერებულიყო, ჯერ-ჯერობით არაფერია გადაწყვეტილი. მე როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, მოსახლეობასთან ერთად, დიდ წინააღმდეგობას გავუწევ ამ პროექტს“ - აცხადებს ტბის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატი მამუკა ლურსმანაშვილი.


ენერგო-პრო ჯორჯიაში აცხადებენ, რომ ისინი ახორციელებენ ელექტროგადამცემი ხაზის „ცემი 1“-ის რეაბილიტაციას. მათი თქმით, ელექტროგადამცემი ხაზები, სადგერში წლების წინაც იყო დამონტაჟებული და ამ ეტაპზე ხდება არსებულის გაუმჯობესება. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი უარყოფს მოსახლეობის გაუფრთხილებლობას და ამბობს, რომ აღნიშნულ თემაზე ადგილობრივებს ისინი, სემეკის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ და მათ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. რაც შეეხება კომპენსაციას, ავთო დვალიშვილი ამ თემაზე ინფორმირებული არ არის. ენერგოკომპანიაში ამბობენ, რომ 2023 წელს, ბაკურიანში უნდა გაიმართოს ევროპის სათხილამურო ჩემპიონატი, რისთვისაც ენერგომომარაგების გაუმჯობესება აღნიშნული მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისი განმარტებით, კომპანიის მთავარი მიზანია, ენერგომომარაგების გაუმჯობესებით ხელი შეუწყოს ამ რეგიონში ტურიზმის განვითარებას.



„მაქსიმალურად გავითვალისწინეთ მოსახლეობის თხოვნა და ზოგიერთის ეზოდან საერთოდ გამოვიტანეთ ელექტროგადამცემი ანძები, ზოგიერთ შემთხვეაში კი ეზოს ცენტრალური ნაწილიდან - კუთხეში გადავიტანეთ ისე, რომ უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად ყოფილიყო დაცული. აღნიშნული სამუშაოების შესახებ ჩვენ, 2 თვის წინ მოსახლეობასაც შევხვდით და ავუხსენით დეტალურად ყველაფერი. ელექტროგადამცემი ხაზების რეკონსტრუქცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამ მხარისთვის, არამედ ბაკურიანისთვის, სადაც ევროპის ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს“ - აცხადებს ენერგო-პრო ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ავთო დვალიშვილი.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში „თითიდან გამოწოვილ“ არგუმენტებს უწოდებენ იმას, რაც მოსახლეობის მხრიდან პრეტენზიის სახით გამოითქვა და ამბობენ, რომ 110 ვოლტიანი ხაზის გაყვანა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი არ არის. სემეკში ადასტურებენ შეხვედრას, რომელიც შესაბამის დეპარტამენტთან და დაინტერესებულ პირებთან გაიმართა და განმარტავენ, რომ ამის შემდეგ მათ წერილობით ენერგოომბუდსმენს დაუბრუნეს პასუხი, რადგან თავდაპირველად, სოფელმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს მიმართა და სწორედ ამის შემდეგ მოხდა საკითხის განხილვა. კომისიის წევრი გოჩა შონია ამბობს, რომ აჭარაში კიდევ უფრო მაღალი ძაბვის სისტემაა დამონტაჟებული და არანაირ პრობლემას არ ჰქმნის, შესაბამისად თვლიან, რომ სადგერის მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს.



„ჩვენ, თებერვალში, წერილობით ვუპასუხეთ ენერგოომბუდსმენს, რომ გაიმართა შეხვედრა. ასევე აღნიშნული იყო ის, რომ მშენებელი კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოები შეესაბამება უსაფრთხო ექსპლუატაციის ნორმებს. აქვე განვმარტავთ, რომ თუ მოქალაქეს სურს, საკუთარი ეზოდან გადაიტანოს ელექტროგადამცემი ანძა, ამის პასუხისმგებლობა ეკისრება დაინტერესებულ პირს, მთავრობის 366-ე დადგენილების მიხედვით. შესაბამისად, მოქალაქეს საკუთარი ხარჯებით მოუწევს აღნიშნული სამუშაოების განხორციელება“ - აცხადებს კომისიის წევრი გოჩა შონია

სემეკში აცხადებენ, რომ ენერგო-პრო ჯორჯია, სამუშაოების შესრულების დროს თუ ზიანს მიაყენებს კერძო საკუთრებას, ამ შემთხვეაში ვალდებული იქნება ზარალი მეპატრონეს აუნაზღაუროს, სხვა შემთხვევაში ადგილობრივებისთვის კომპენსაციის გაცემა არ იგეგმება.



ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს CSR-ის სპეციალისტი თამუნა კვარაცხელია. მისი თქმით, კერძო კომპანიებმა საკუთარი საქმიანობა უნდა განახორციელონ ისე, რომ არ დააზარალონ გარემო და გარშემომყოფები.

"კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, როგორც თვით დასახელებაც მიგვანიშნებს, გულისხმობს ბიზნესის/კერძო სექტორის მიერ პასუხისმგებლობის/ვალდებულების აღებას, რათა საკუთარი საქმიანობა განახორციელოს ისე, რომ არ მოუტანოს ზიანი მის ირგვლივ გარემოს/სოციუმს და პირიქით, იზრუნოს კიდეც მის გაუმჯობესებაზე. ნებისმიერი ბიზნესი რაღაც გარემოში და სოციუმში მოქმედებს და შესაბამისად, იღებს რესურსს ამ გარემოდან. მაგ: იყენებს წყალს, ელექტროენერგიას, ხე-ტყის მასალას და ა.შ. აქედან გამომდინარე, გარემოსთან ერთად, ადამიანის უფლებების დაცვა, კერძო კომპანიებისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს. ბევრი ბიზნესი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, გარემოზე მავნე ზეგავლენას ახდენს. ასე რომ მნიშვნელოვანია, ბიზნესის მიერ ისეთი პრაქტიკის დანერგვა, რომელიც სულ მცირე არ აზიანებს გარემოს ან მინიმუმამდე დაყავს მისი მავნე ზეგავლენა, და თან, პარალელურად, ზრუნავს ამ რესურსების აღდგენასა და ხელახალ გენერირებაზე." - აცხადებს თამუნა კვარაცხელია.

მიუხედავად კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა, ამ დაპირისპირების ფონზე, როგორ განვითარდება მოვლენები ამ ეტაპზე რთული სათქმელია. ამჟამად ასეთი რეალობაა: ენერგო-პრო ჯორჯია სარეაბილიტაციო სამუშაოების განახლებას აანონსებს, თემის მაჟორიტარი პირობას დებს, რომ სადგერის საკითხის გარკვევას ეცდება და ტბაზე იგივე ანძების დამონტაჟებას მოსახლეობასთან ერთად შეეწინააღმდეგება.  ფაქტი კი ერთია, პოზიციების დათმობას არც ადგილობრივები, არც თემის მაჟორიტარი დეპუტატი და არც ენერგო-პრო ჯორჯია აპირებს.


FaceBook Twitter