ინტერაქტიული მულტიმედია
კლიმატის ცვლილების პრობლემა და საფრთხეები საქართველოში
ბაკურიანის საჯარო სკოლის, მეათე კლასის მოსწავლეები: ნინო ჯიჯიშვილი, თამარ ლუკიანსკი, მერი სოტირიადუ, ნაზი აკოფიანი და სერჟიკ ხაჩატურიანი, გარემოს დასაცავად გაერთიანდნენ. დასახეს მიზნები, ამოცანები და შეუდგნენ განხორციელებას. მათი სამოქმედო გეგმა მოიცავს შემდეგ აქტივობებს: შეხვედრებს ადგილობრივ რწმუნებულთან, სკოლაში პრეზენტაციის გამართვას, საზოგადოებაში ბუკლეტების გავრცელებას, სპეციალური კითხვარის საშუალებით მათ გამოკითხვას, დასუფთავების აქციების მოწყობას, პლაკატების დაბეჭდვა/განთავსებას, ნერგების დარგვას. ამ დროისთვის სკოლის ეზოში უკვე დარგულია ნაძვის ხის ნერგები და უახლოეს პერიოდში იგეგმება ფიჭვის ნერგების დამატებაც.



სკოლაში, თვალსაჩინო ადგილზე, საინფორმაციო ტიპის პლაკატებიც განათავსეს და თითოეულ გამვლელს, კიდევ ერთხელ ახსენებენ - დაიცვან გარემო. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ განმარტებულია ყველა ის ზიანი, რაც შეიძლება ადამიანის მხრიდან გაუფრთხილებლობით მოჰყვეს. 





ჯგუფში ყველას თავისი ფუნქცია აკისრია. ყველა აქტივობის განხორციელებას ეტაპობრივად აპირებენ. ცდილობენ თანატოლებსაც და უფროსებსაც მიაწოდონ ინფორმაცია, უფრო მეტად დაიცვან და გაუფრთხილდნენ ბუნებას. „მწვანე სკოლა“, ასე ჰქვია იმ გარემოსდაცვით პროექტს, სადაც ეს ახალგაზრდები საერთო მიზნით გაერთიანდნენ. პროექტს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ახორციელებს. ახალგაზრდებმა კარგად იციან, რომ გარემოს დაცვა მნიშვნელოვანია პრობლემების თავიდან ასარიდებლად. ისინი სხვებსაც მოუწოდებენ, არ დაანაგვიანონ ბუნება, არ მოჭრან ხე და არ შეუწყონ ხელი ბუნებრივი კატასტროფების გააქტიურებას. 



გამომდინარე იქიდან, რომ ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა გამოიწვევს ზღვის დონის აწევას. გაიზრდება კატასტროფული კლიმატური მოვლენების სიხშირე და სიმძლავრე, შეიცვლება ნალექების რაოდენობა და განაწილება. შეიცვლება აგრეთვე სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა, შემცირდება მყინვარები, გადაშენდება ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი სახეობები, გაიზრდება დაავადებათა რიცხვი, შესაბამისად, ახალგაზრდებიც ფიქრობენ, რომ ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებაა საჭირო საზოგადოებაში.

„უნდა მოვუფრთხილდეთ გარემოს, ეს ჩვენი, თითოეული მოქალაქის ვალია. მოგეხსენებათ, რომ ხე-ტყის გაჩეხვა, ბუნების მოუფრთხილებლობა და ჩვენს მიერ გადადგმული თითოეული დაუფიქრებელი ნაბიჯი მიგვიყვანს სერიოზულ პრობლემებამდე, რასაც ჰქვია, ტყის ხანძრები, სტიქია, მეწყერი და ა.შ. გლობალური დათბობა დღესდღეობით სერიოზული პრობლემაა და ვფიქრობთ, რომ ჩვენი თანატოლები, სკოლებიდანვე უნდა ვიწყებდეთ ამ თემაზე საუბარს, მოვუწოდებდეთ სხვებსაც, გადაიღონ მაგალითი და საკუთარი წვლილი შეიტანონ გარემოს დაცვაში. ჩვენც სწორედ ეს მიზანი გვაერთიანებს“ - ამბობენ ბაკურიანის საჯარო სკოლის გარემოსდამცველები



ბაკურიანის საჯარო სკოლა ერთადერთი არაა, რომელიც გარემოსდაცვით მიმართულებაზე მუშაობს. ბორჯომში, სხვა დანარჩენი სკოლის მოსწავლეებიც აქტიურად ახორციელებენ აქტივობებს, რომელიც ბუნების დაცვაზეა ორიენტირებული. საინტერესოა, რა პრობლემების წინაშეა ამ კუთხით საქართველო და რაში ხედავენ გამოსავალს სფეროს ექსპერტები.

კლიმატის ცვლილების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი , კახაბერ მდივანი, ტელეკომპანია „ბორჯომთან“ საუბრისას ამბობს, რომ საქართველოში კლიმატის ცვლილების პრობლემა ნათლად შესამჩნევია და მისი გამოვლინება მძიმე ფორმებით ხდება. მაგალითისთვის იშველიებს სამ მოვლენას, რომელიც ამ საკითხს უკავშირდება. ეს არის გაყინული ტბის დნობის შედეგად წარმოქმნილი წყალმოვარდნა, 13 ივნისის სტიქია ვერეს ხეობაში და ბორჯომის ტყის ხანძრები.





მისი თქმით, აქამდე არსებულმა მდგომარეობამ შეუწყო ხელი აღნიშნული პროცესების განვითარებას. კახაბერ მდივანი ამბობს, რომ წყალმოვარდნებთან დაკავშირებით, აქტიური მუშაობა დაიწყეს და მომდევნო 7 წლის განმავლობაში, კლიმატის მწვანე ფონდის დახმარებით და შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველო განახორციელებს 70 მილიონამდე ინვესტიციის პროექტს.

„კლიმატის ცვლილების სამთავრობოთაშორისო საბჭოს მიერ მომზადებული ბოლო ანგარიშის მიხედვით, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სასწრაფოდ უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები. კლიმატის ცვლილების ძირითადი გამომწვევი მიზეზი სათბურის აირებია, რაშიც შემავალი ნივთიერებების ჭარბი რაოდენობა განაპირობებს გლობალურ დათბობის, ანუ კლიმატის ცვლილების პროცესებს. პროექტის ფარგლებში, ვაპირებთ საქართველოს მდინარეების 11 აუზში, ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას, ადრეული გაფრთხილების სისტემის დამონტაჟებას და მეტეოროლოგიური სადგურების განვითარებას, ინფორმაციის უკეთ მისაღებად“ - აცხადებს კახაბერ მდივანი, კლიმატის ცვლილების სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.


მდივანის თქმით, ბორჯომშიც მტკვარი არის ერთ-ერთი ავზი, სადაც გატარებული იქნება შესაბამისი ღონისძიებები. მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ტყის აღდგენაზეც, ცდილობენ კონკრეტული რესურსების მოძიებას, კლიმატის ცვლილების კუთხით. რაც შეეხება საერთაშორისო ვალდებულებას. საქართველოს მთავარი ამოცანაა, შეზღუდონ ნივთიერებების წარმოქმნა კლიმატის ცვლილების პროცესის შესაჩერებლად, ბუნებრივ კატაკლიზმებთან ადაპტირება, რაც აქამდე თავს იჩენდა ხოლმე. კლიმატის ცვლილების სამმართველოში ამბობენ, რომ ქვეყნის შესაძლებლობიდან და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ცდილობენ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას.



აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წლის დედამიწის დღეზე ამერიკის შეერთებული შტატების, ჩინეთის და სხვა 120 ქვეყნის მიერ ხელი მოეწერა ისტორიული მნიშვნელობის მქონე „პარიზის შეთანხმებას“, რის შედეგადაც უნდა ამოქმედდეს ისტორიული კლიმატის დაცვის შეთანხმება, რომელიც 2015 წლის გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერცენციის მონაწილე 195 სახელმწიფომ დადო პარიზში.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი დედამიწის დღის ქსელის მიერ მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.



FaceBook Twitter