ინტერაქტიული მულტიმედია
ლიბანის „უდანაშაულო პატიმრები“ სანატორიუმის აღდგენის მოლოდინში
სოფელ ტბიდან დაახლოებით სამ კილომეტრს გაივლით და ძალიან პატარა დასახლებას, ლიბანს მიადგებით. ეს მანძილი რთული დასაძლევია. ასფალტი მანიშნებელ აბრასთან წყდება და გრუნტის ოღროჩოღრო, ტალახიანი გზა იწყება.


შევდივართ სოფელში და სრული სიჩუმეა. მყუდროებას მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი არღვევს. დასახლებას ირგვლივ წიწვოვანი ტყე აკრავს. ადამიანები არსად ჩანან. რამდენიმეგან, გზის პირას დამტვრეული ხის ტოტები იწვის, აშკარად მკაცრი და უხვთოვლიანი ზამთრის შემდეგ, ადგილობრივებმა სოფლის ტერიტორია დაასუფთავეს და მოგროვებულ ნარჩენებს ცეცხლი წაუკიდეს.

სოფლის შესასვლელში, ერთ-ერთ ეზოში შუახნის ქალი გამოჩნდა, დანახვისთანავე ჩვენკენ გამოემართა. ნაირა ხმალაძე აქ დედასთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, გვიყვება, რომ სოფელი თანდათან დაიცალა და ახლა მხოლოდ მათსავით ხანდაზმული ადამიანები სახლობენ.


„2 ძროხა მყავს და 5 ქათამი, კიდევ პენსია მაქვს, ეს არის ჩვენი შემოსავალი. ცოტა რძის პროდუქტს ვყიდი, დანარჩენს ოჯახში ვიყენებთ და შვილებს ვუგზავნი აქედან თბილისში. ადრე ეს სოფელი ქალაქივით იყო, სანატორიუმი მუშაობდა, დასაქმებულები ვიყავით, ხელფასს ვიღებდით“, - ამბობს ნაირა ხმალაძე

წლების წინ, სოფლის განაპირას დამონტაჟებული საბავშვო გასართობებით უკვე დიდი ხანია აღარავინ სარგებლობს. დასახლება ახალგაზრდებმა თანდათან დატოვეს, ერთადერთი ბავშვი, რომელიც სოფელში ცხოვრობდა, გასულ წელს მშობლებმა ბორჯომის სკოლაში მიიყვანეს და თვითონაც საცხოვრებლად ლიბანს, ქალაქი არჩიეს.


სოფელში ჩვენმა გამოჩენამ, სახლებში შეკეტილი მოსახლეობა ეზოებში გამოიყვანა. ორი ხანდაზმული ქალი ორღობეში შემოგვეგება და ჩვენი მისვლის მიზეზით დაინტერესდა.
მაყვალა და ნათელა მეგობრები არიან, ლიბანში ორივე მარტო ცხოვრობს. პატარა სოფლის ერთფეროვანი დღეები ერთად გაჰყავთ. ერთმანეთის ჭირსა და ლხინს იზიარებენ.


„ადრე სანატორიუმში ვმუშაობდი, 120 მანეთი მქონდა ხელფასი, კი არაფერი იყო, მაგრამ ასე თუ ისე გვყოფნიდა. ახლა პენსიის იმედად ვართ“, - გვიყვება 68 წლის მაყვალა ჯარიაშვილი

„არც სკოლა გვაქვს სოფელში, არც ბაღია, არც მაღაზია, სამედიცინო დახმარებაც რომ დაგვჭირდეს, სად წავიდეთ არ ვიცით, სასწრაფოც ძლივს ამოდის. იძულებული გავხდი შვილი 18 წლის ასაკში გამეთხოვებინა, აქ რა პერსპექტივა ექნებოდა? კი გავათხოვე და ხანდახან ისევ მე ვეხმარები“, - გულდაწყვეტილი გვიყვება სოფლის და პირად ამბებს ნათელა ჯიმუხაძე

ამ დროისთვის ლიბანში თხუთმეტამდე კომლი ცხოვრობს, ოჯახების უმეტესობა ერთწევრიანია. ჩარაზული ხის სახლები ძირითადად ზაფხულობით იღება. სოფელში რამდენიმე ბავშვიც ამ დროს ადის.

ადამიანებთან ერთად ლიბანში ძაღლებიც მოგროვდნენ. ოთხფეხა მეგობრები ამ სოფელში მცხოვრებლებზე მეტნი არიან. ზღვის დონიდან 1370 მეტრზე არსებულ დასახლებაში უცხოების გამოჩენას მიუჩვეველი ძაღლები გვიყეფენ. ისინი ზამთარ-ზაფხულ ადგილობრივებს და პირუტყვს, ტყიდან ჩამოსული გარეული ცხოველებისგან იცავენ.


ყველაზე მეტად მოსახლეობას სოფლამდე მისასვლელი, დაზიანებული გზა აწუხებს. ლიბანში არც ტრანსპორტი ადის. ერთადერთი რაც ყოველდღიურად დასახლებაში გაივლის, „კუკუშკაა“. ბორჯომიდან ბაკურიანისკენ მიმავალი პატარა მატარებელი გზად სოფელში ჩერდება.

„უდანაშაულო პატიმრები ვართ, ამ სოფელში გამოკეტილები, თვეში ერთხელ რამდენიმე მეზობელი ფულს ავაგროვებთ, ერთ-ერთ მეზობელს „ნივა“ ჰყავს, საწვავს ვუსხავთ და ბორჯომში ჩავდივართ, პენსიას ავიღებთ, იქვე დავხარჯავთ, პროდუქტს ვიყიდით და უკან ვბრუნდებით, ასე გაგვაქვს თავი თვიდან თვემდე“, - ამბობს მაყვალა ჯარიაშვილი

სოფელში ძირითადად ხის, ერთსართულიანი, მწვანე სახლები დგას. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს ფინური კოტეჯები, ფიჭვის ხეებისგან დაახლოებით საუკუნის წინ არის აშენებული.


დასახლებაში ყველაფერს სიძველის კვალი ეტყობა. ძველი „პაბედა“ ერთ-ერთი სახლის ეზოში წლებია  დგას. პატრონი,  80 წლის ნოდარ ქარდავა მანქანას შვილივით უვლის.  ქოქავს, აამუშავებს, გაასუფთავებს და ასე უსასრულოდ.


ერთადერთი, რაც სოფელში ახალია, რკინის ბოძებია. დასახლებაში გარე განათებას ამონტაჟებენ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში გვითხრეს, რომ მაისის შუა რიცხვებში სოფელი ღამით განათებული იქნება.
ადგილობრივი ბიუჯეტით სოფლამდე მისასვლელი გზის მოსწორებაც იგეგმება. ეს პრობლემას საბოლოოდ ვერ მოხსნის, თუმცა დასახლებაში ასვლას გაამარტივებს.


ლიბანში ყველა იმ სანატორიუმს მისტირის, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან აღარ მუშაობს. სოფლის განაპირას, სანატორიუმის ნახევრად ჩამოშლილი, უზარმაზარი შენობა ჩანს. ერთი შეხედვითაც ეტყობა, რომ ის სოფლის მთავარი ღირსება და მაცოცხლებელი იყო. განსაკუთრებული მიკროკლიმატის გამო, აქ ფილტვების და ბრონხების სამკურნალოდ მთელი საბჭოთა კავშირიდან ჩამოდიოდნენ. სოფლის პერსპექტივასაც ადგილობრივები ისევ სანატორიუმის ამუშავებაში ხედავენ.

„1927 წლიდან მუშაობდა ეს სანატორიუმი. აქ ლაბორატორიები იყო, რენდგენის აპარატი, აფთიაქი, აქაურობა იყო ბაღნარი. ასეთი ადგილი ბორჯომში არ არის“, - გვიყვება თეიმურაზ მაისურაძე, რომელიც წლების განმავლობაში სანატორიუმში მზარეულად მუშაობდა.


„როგორც ვიცი, ეს შენობა გაიყიდა და ხმები დადის, მისი აღდგენა იგეგმებაო. იქნებ სოფლის გზასაც ეშველოს რამე, თუ სანატორიუმი იმუშავებს, ჩვენც დავსაქმდებით და ამოისუნთქავს სოფელი“.

ლიბანის სანატორიუმის შენობა აუქციონის წესით, 2018 წლის მარტში გაიყიდა. ტერიტორიის მესაკუთრე შპს „ჯიენდის“ 52 040.00 კვ.მ. მიწის ფართობი, შენობასთან ერთად, მილიონ ლარზე ცოტა მეტი დაუჯდა. აუქციონის პირობების მიხედვით, მესაკუთრემ საკურორტო სოფელში 70 ნომრიანი, კეთილმოწყობილი სასტუმრო უნდა ააშენოს და რვა მილიონიანი ინვესტიცია განახორციელოს. კომპანიას ამისათვის 48 თვიანი ვადა აქვს. შესყიდვიდან ერთი წელი უკვე გავიდა და სარეკონსტრუქციო სამუშაოები არ დაწყებულა. 2021 წლის გაზაფხულწე კი სასტუმრო კომპლექსი ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს. დეტალების გასარკვევად სანატორიუმის მფლობელთან დაკავშირებას ვეცადეთ, თუმცა უშედეგოდ.

ლიბანში ყოფილი სანატორიუმის აღდგენას ყველაზე დიდი იმედით ელიან. იციან, რომ შენობის რეკონსტრუქციას დამსვენებლები და პაციენტები მოჰყვებიან, რაც სოფელში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და ადგილობრივების დასაქმების გარანტიაა. ამ შემთხვევაში, ლიბანი ისევ „ქალაქივით სოფელი“ იქნება - ხელფასებით, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, ახალგაზრდებით და მომღიმარი სახეებით.

FaceBook Twitter