ინტერაქტიული მულტიმედია
ქართულის ენის პედაგოგის გაკვეთილები ინოვაციური მეთოდებით
დღეს, 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად, 1990 წლიდან დაწესდა. 1978 წლის 14 აპრილს, თბილისში საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შეცვლის მცდელობის საპასუხოდ დემონსტრაციები ჩატარდა. პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, კომუნისტურმა რეჟიმმა უკან დაიხია. ამ დღიდან 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

მულტიმედია მასალაში გაგაცნობთ პედაგოგს, რომელიც ქართულ ენასა და ლიტერატურას ბორჯომში უკვე 8 წელია ასწავლის. ბოლო 2 წელია, რაც წაღვერის საჯარო სკოლაში დაიწყო მუშაობა. 35 წლის მონიკა ჭანტურიამ, საკლასო ოთახში, „ადექი-მოყევი-დაჯექის“ პრინციპი შეცვალა და გაკვეთილების ჩატარება ინოვაციური მეთოდებით დაიწყო. ხშირად მიმართავს ინსცენირებას, მოსწავლეებს სხვადასხვა პერსონაჟის როლს არგებს, რა დროსაც მათი ინტერესი, ჩართულობა იზრდება და ბავშვები უფრო ადვილად ითვისებენ პროგრამას. 



მონიკა ჭანტურია სოხუმიდანაა. 9 წლის ბავშვი იყო როდესაც ოჯახით ბორჯომში გადმოსახლდა. ლიტერატურა პატარაობიდანვე უყვარდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლობდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სწორედ ლიტერატურის სიყვარულმა გადააწყვეტინა მასწავლებლობა. მისი პედაგოგიური ცხოვრება ბორჯომში, 2011 წლიდან დაიწყო. ვაკანსია მაშინ ციხისჯვარში, მაღალმთიანი ზონის სოფელში გაჩნდა. მონიკა იმ დროს დაოჯახებული იყო და 2 მცირეწლოვანი შვილიც ჰყავდა. 2 გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. ერთი ის, რომ პატარა ბავშვები უნდა დაეტოვებინა დღეც და ხანდახან ღამეც და მეორე, სოფელში სადაც საბაზო სკოლაა, ეთნიკური ბერძნებით არის დასახლებული. მიუხედავად ამ სირთულეებისა, გადაწყვიტა მაინც შეჭიდებოდა საყვარელ საქმეს და დაიწყო სიარული, შორ გზაზე, მოსწავლეებისთვის ქართული ენის შესასწავლად. 



„ბერძენი ბავშვებისთვის ქართულ გრმატიკულ ფორმებთან ადაპტაცია, გამართული ქართულით მეტყველება და ქართული ლიტერატურის საინტერესოდ მიწოდება ჩემთვის დიდი ამოცანა იყო. ოჯახი მაქსიმალურად მიწყობდა ხელს. ხშირად, უტრანსპორტობის გამო მოვყვებოდი თოვლგამწმენდ მანქანასაც, მონატრებული შვილები რომ მენახა“ - იხსენებს მონიკა ჭანტურია.

როგორც თავად ამბობს, მესამე შვილის ყოლის შემდეგ გაუჭირდა შორ გზაზე სიარული და იგივე გრაფიკით მუშაობა. პედაგოგიური მოღვაწეობა ბორჯომის სკოლა ლიცეუმში გააგრძელა, სადაც ოთხი წელი გაატარა. თითოეულ გაკვეთილზე ცდილობდა მოსწავლეებისთვის, მშობლიური ენა უფრო მეტად შეეყვარებინა. შემდეგ, მასწავლებელმა და მოსწავლეებმა თავიანთი სათქმელი გადაწყვიტეს საზოგადოებისთვის, ლიტერატურული სპექტაკლის საშუალებით ეთქვათ.




„ლიტერატურის სიყვარული შევძელი და ადვილად გადავდე ჩემ მეგობარ მოსწავლეებს; ჩვენი სულიერი ტანდემიც და სათქმელიც გადმოვიტანეთ ორ ლიტერატურულ სპექტაკლში: ,,ქვათა ღაღადი“ ,,დიდოსტატის კონსტანტინე მარჯვენას“ ინტერპრეტაციით, ხოლო მეორე სპექტაკლით მოსწავლეებმა ჩემი ტკივილი ბოლომდე გაითავისეს და ბორჯომის თეატრის სცენაზე მაყურებლებს აფხაზეთი გავახსენეთ...მე ხომ სოხუმი დამატოვებინეს... პოეზიის ზეიმმა მე და ჩემ მოსწავლეებს დიდი საზოგადოებრივი აღიარება მოგვიტანა ბორჯომში“ - მონიკა ჭანტურია

ფიქრობს, რომ როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს უდიდესი ფუნქცია აკისრია საკუთარი მოსწავლეების წინაშე. ლიტერატურას, როგორც თერაპიას ისე უყურებს და ცდილობს საკლასო ოთახის მსმენელებსაც იგივე კუთხით შეახედოს. მონიკა თვლის, რომ სასწავლო პროცესში, შემოქმედებითი უნარების მაქსიმალურად გამოყენება, მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა.



„ამ გულგრილ გარემოში ოაზისად ვაქცევთ ქართულის გაკვეთილს მე და ჩემი მოსწავლეები. ამ დროს ფიზიკური დაღლილობა აღარ მახსოვს და ბედნიერი ვარ. სწავლება ეფექტურია, როცა არ ზღუდავ მოსწავლეს საკუთარი პოზიციის, თუნდაც საწინააღმდეგო აზრის დაფიქსირებაში. თუ მასწავლებელი გქვია, უკვე ნიშნავს იზრუნო, გაუზიარო. ეგზიუპერს დავესესხები: თუ ვინმეს ვიშინაურებთ, შენ პასუხისმგებელი ხარ მასზე მთელი ცხოვრება. მე ასე მაქვს გააზრებული. ჩემთვის მოსწავლესთან ურთიერთობა ერთგვარი სანუკვარი რიტუალია, გადაჭარბების გარეშე, რომელიც საოცარ სიამოვნებას მანიჭებს“ - მონიკა ჭანტურია.

სასწავლო პროცესში, შემოქმედებითი უნარების გამოყენება მონიკამ ბოლო 2 წელია, წაღვერის საჯარო სკოლაში გააგრძელა. მას შემდეგ ცდილობს, ადგილობრივი მოსწავლეებისთვის სკოლის ცხოვრება იყოს საინტერესო და მრავალფეროვანი. როგორც თავად ამბობს, არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით ჩამოაყალიბეს გენდერული კლუბი, სადაც მოსწავლეებმა გაიარეს ტრენინგები გუნდურ მუშაობასა და ლიდერობაში, იქცნენ თანატოლგანმანათლებლებად. განახორციელეს განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული ორი პროექტი წიგნიერების მიმართულებით: ,,თავისუფალი გაკვეთილები“ და ,,სასკოლო აქტივობები“, რაც დაეხმარა ბავშვების წიგნებთან დაახლოებაში. წიგნიერების დონის ასამაღლებლად, ჰქონდა არაერთი აქტივობა. წაღვერის საჯარო სკოლაში, ჩამოიყვანა პოეტები და მწერლები.



„ჩამოვიყვანე პოეტები და მწერლები: მარიამ წიკლაური, გიორგი კეკელიძე, დათო ტურაშვილი, გიორგი კაკაბაძე, თამრი ფხაკაძე, მიხო მოსულიშვილი, ცირა ბარბაქაძე, ცირა ყურაშვილი. ვთვლი, რომ დღევანდელი მოსწავლე უნდა იცნობდეს თანამედროვე შემოქმედს და ლიტერატურულ პროცესს. არ დამავიწყდება ჩემი წაღვრელი მოსწავლეების ემოციით სავსე სახეები, რაც დღითიდღე მმატებს მოტივაციას. სულ ახლახანს, ილია ჭავჭავაძის პროგრამული შეჯამება ჩემ ლექტორებთან ერთად შედგა. თბილისიდან წაღვერში ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი ნინო ვახანია უანგაროდ ჩამოვიდა. ჩემი საყვარელი ლექტორი სოციალური ქსელით მოვძებნე სწორედ მაშინ, როცა ახალ ქართულ ლიტერატურას გავდიოდით. ჩემი სურვილი: გაეღრმავებინათ ბავშვებს ცოდნა ამ მიმართულებით, ახდა და დაბა წაღვერის სკოლაში ქალბატონმა ნინომ საჯარო ლექცია წაიკითხა. კიდევ უფრო ბედნიერი ვარ, როცა სკოლის დირექცია მხარს უჭერს ჩემს ინიციატივებს“ - გვიყვება მონიკა ჭანტურია

მიმდინარე კვირას, თბილისში, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, წაღვერის საჯარო სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მონიკა ჭანტურია, საუკეთესო მასწავლებლის დაჯილდოების ცერემონიაზე, ეროვნული ბიბლიოთეკის რჩეულ პედაგოგად დასახელდა და სპეციალური პრიზითაც დაჯილდოვდა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, მონიკა საუკეთესო მასწავლებლების ხუთეულშიც მოხვდა. ის რომ მონიკა ჭანტურია გაკვეთილებს, ინოვაციური მეთოდების გამოყენებით ატარებს და საუკეთესო მასწავლებელია ბორჯომიდან, ეს კომისიამ, კონკურსის სხვადასხვა ეტაპის მიხედვით გამოავლინა.




"ჩემთვის ამ გამარჯვებას მოსწავლეების სახელი ჰქვია! ეს გამარჯვება ეკუთვნის პირველ რიგში, დაბა წაღვერის საჯარო სკოლის მოსწავლეებს. სკოლის დირექტორი, ქალბატონი ირინა ხელისუფალი ხელგაშლილი ხვდება ჩემს ყველა ინიციატივას და კომფორტულ გარემოს მიქმნის. ეს წარმატება კი მაძლევს იმის ინსპირაციას,რომ ხვალ ბევრად კრეატიული გაკვეთილები დავგეგმო. უღრმესი მადლობა ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს -- გიორგი კეკელიძეს, რომელმაც გამომარჩია და სპეციალური პრიზი გადმომცა" - გვიზიარებს ემოციებს მონიკა ჭანტურია.

35 წლის პედაგოგს, ახლა ერთადერთი ოცნება აქვს, დაბრუნება მშობლიურ აფხაზეთში.



„ჩემი ოცნებაა, ოდესმე მაინც იქ, სოხუმში ვასწავლიდე ქართულ ენასა და ლიტერატურას. მინდა ერთად ხელჩაკიდებულებმა გადავიაროთ საზღვრის ხიდი, ჩემ მოსწავლეებთან ერთად!“ - მონიკა ჭანტურია



FaceBook Twitter