ინტერაქტიული მულტიმედია
ვართ თუ არა დაცული სასტუმროში?
ლევან აბრამაშვილს ხანძრის შედეგად, დაახლოებით 70 000 დოლარის ზარალი მიადგა. 31 მარტს, „ბაკურიანი რეზიდენსში“ გაჩენილმა ცეცხლმა, მისი 3 ოთახიანი ბინა და ავეჯი მთლიანად გაანადგურა, მხოლოდ სარეცხი მანქანის გადარჩენა შეძლო. მისთვის უცნობია, აუნაზღაურებენ თუ არა მიყენებულ ზარალს. ლევან აბრამაშვილი, ხანძრის გაჩენის 2 სავარაუდო მიზეზზე საუბრობს, რომელიც ადგილობრივებში გავრცელდა, თუმცა ზუსტი მიზეზი მისთვისაც უცნობია.

„ხანძრის დროს, მეხანძრეებმა არ შეგვიშვეს ჩვენს ბინაში, რაღაცეების გადარჩენას შევძლებდით, თუმცა ჩვენივე უსაფრთხოებისთვის გვთხოვეს გარეთ დავრჩენილიყავით. ცეცხლმა ყველაფერი შეიწირა, ვერაფერს აღვადგენთ, ხელახლა უნდა დავიწყოთ ყველაფერი. ზოგი ამბობს, რომ რესტორნიდან, ზოგი კი მეხუთე სართულის ბინიდან ვარაუდობს ხანძრის გაჩენას, ზუსტი მიზეზი ჩვენთვისაც უცნობია“ - ამბობს ლევან აბრამაშვილი



ლევან აბრამაშვილის მსგავსად, 31 მარტს ბევრი დაზარალდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, არსებული ინფორმაციით, 6 ოჯახი დარჩა ბინის გარეშე, 33 სახლი კი წყლის შედეგად დაზიანდა. საერთო საცხოვრებელ შენობაში, ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ ცნობილი არაა. 



ბინების კერძო მეპატრონეები, კამერასთან ღიად საუბარს ერიდებიან. მომხდარი შეისწავლეს ექსპერტებმა, დასკვნის შედეგად გაირკვევა ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი. ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.



საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხუთსართულიან კორპუსში დაიწვა სახურავი და ბოლო (მე-5) სართული, მთლიანობაში 150 კვ.მ ფართობი. იყო თუ არა „ბაკურიანი რეზიდენსში“ შემოწმებული სახანძრო უსაფრთხოების სისტემა, უწყებაში ამბობენ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე არის დაგეგმილი აღნიშნული ობიექტის შემოწმება. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, 2019 წლიდან ექვემდებარება მათ უწყებას მსგავსი ობიექტები შესამოწმებლად. მიშა ფეიქრიშვილის თქმით, რამდენიმე წლის წინ ჰქონდათ მცდელობა აღნიშნულ ობიექტში ჩაეტარებინათ მონიტორინგი, თუმცა ამის გამო, სასტუმროს ადმინისტრაციამ მაკონტროლებელ ორგანოს სასამართლოში უჩივლა.

„ბაკურიანი რეზიდენსი“ ამ დრომდე არ ექვემდებარებოდა შემოწმებას, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით, გამომდინარე იქიდან რომ ოთახების და ნომრების რაოდენობა არ აღემატება 100-ს. შესაბამისად, ჩვენ არ გვქონდა შენობაში შესვლის უფლება, თუმცა რამდენიმე წლის წინ იყო ასეთი შემთხვევა, რომ ჩვენმა წარმომადგენლებმა სცადეს „ბაკურიანი რეზიდენსში“ შესვლა და შემოწმების ჩატარება, თუმცა იმის გამო, რომ ამის უფლება ჩვენ რეალურად არ გვქონდა, სასტუმროს ადმინისტრაციამ ჩვენი ქმედება სასამართლოში გაასაჩივრა. მიმდინარე წლის თებერვლიდან, „ბაკურიანი რეზიდენსის“ და მსგავსი ტიპის ობიექტების შემოწმებაც შეგვიძლია და წლის ბოლომდე დასრულდება ეს პროცესი“ - ამბობს მიშა ფეიქრიშვილი



საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, აპრილში გამოაქვეყნებს ანგარიშს, შემოწმებული ობიექტების შესახებ, წლის ბოლომდე კი 15 000 ობიექტში გაარკვევს, არის თუ არა სახანძრო უსაფრთხოების სისტემა დაცული, მათ შორის იქნება „ბაკურიანი რეზიდენსი“. საინტერესოა, რამდენად დაცულია დამსვენებელი სხვადასხვა სასტუმროში ყოფნის დროს. ბაკურიანში, ერთ-ერთი საოჯახო სასტუმრო, რომელიც უკვე 17 წელია ფუნქციონირებს, სახანძრო უსაფრთხოების გამართული სისტემით არ გამოირჩევა. 12 ნომრიანი სასტუმრო სეზონურად მუშაობს და მასპინძლობს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუმრებს. 3 სართულიან შენობაში მხოლოდ 2 ცეცხლმაქრი აქვთ დამონტაჟებული, სასტუმროს არც ალტერნატიული გასასვლელი გააჩნია და არც საევაკუაციო გეგმა აქვს განთავსებული თვალსაჩინო ადგილას. მეპატრონე თავადაც აღიარებს, რომ ხანძრის შემთხვევაში მათი სასტუმრო დაცული არ არის.



„ჩვენი სასტუმრო 17 წლის წინ არის აშენებული. შესაბამისად, მოძველებულ შენობაში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის ხელახლა მონტაჟია საჭირო, რაც ძვირი ჯდება. ორ სართულზე სადაც საძინებლებია, 2 სახანძრო „ბალონი“ გვაქვს დამონტაჟებული ქაფს რომ უშვებს, სხვა არაფერი. დაზღვეული არავინ არ ვართ, თუმცა მწირი ფინანსებიდან გამომდინარე, სხვა არაფერი შეგვიძლია“ - ამბობს ჩვენთან საუბრისას საოჯახო სასტუმროს მეპატრონე თამარ ბუძიშვილი



საოჯახო სასტუმროსგან განსხვავებით, რომელსაც მწირი შემოსავალი აქვს, ბორჯომში, ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, სახანძრო უსაფრთხოების სისტემა შედარებით დაცული გვხვდება. 9 სართულიან შენობაში, რომელიც ოთხი წლის წინ გაიხსნა, 151 ნომერზეა გათვლილი და 3 საევაკუაციო გასასვლელი აქვს თავისივე მანიშნებლებით.



საევაკუაციო გეგმა ქართულ და ინგლისურ ენებზე, თვალსაჩინო ადგილებზეა განთავსებული, სასტუმროში დამონტაჟებულია სპეციალური ჰიდრანტები და ცეცხლმაქრები. გამოყენებულია სპეციალური კარი და ხალიჩები, რომელსაც ცეცხლი არ ეკიდება.





სასტუმროს დირექტორი გვათვალიერებინებს და დეტალურად გვიხსნის არსებული სახანძრო უსაფრთხოების სისტემის შესახებ.




საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით, მოქმედებს 41-ე დადგენილება, რომელიც გულისხმობს შენობის უსაფრთხოდ დაგეგმარებას. საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში ეს ნორმები შერბილებულია, თუმცა სასტუმროს მთელი რიგი მოთხოვნების დაკმაყოფილება ევალება. მინიმალური მოთხოვნებია - რამდენიმე ცეცხლმაქრი და ალტერნატიული გასასვლელის არსებობა შენობაში. მაქსიმალური კი, რომელიც მაღალი კლასის სასტუმროებმა უნდა დააკმაყოფილონ, არის კვამლსაწინააღმდეგო სისტემების გამართულად მუშაობა, საევაკუაციო გასასვლელები, მანიშნებლები, შემატყობინებელი სიგნალები, განგაშის ღილაკები, დატრენინგებული თანამშრომლები და ა.შ.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2017 წლამდე აშენებულ შენობებს, კანონმდებლობა არ სთხოვდა სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დაცვას. 2017 წლის იანვრიდან კი ადგილობრივი თვითმმართველობა ვერ გასცემს უფლებას კერძო პირზე, რომ ობიექტი კანონდარღვევით ააშენოს. საინტერესოა, რამდენად იცავს არსებულ სტანდარტებს, ბორჯომში, 2018 წლიდან დაწყებული მშენებარე სასტუმრო.



4 ვარსკვლავიანი სასტუმრო 18 ნომერზე იქნება გათვლილი და მშენებლობა 2020 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს. ობიექტის მეპატრონემ, ლევან ლევიძემ, ტელეკომპანია „ბორჯომთან“ საუბრისას განაცხადა, რომ სახანძრო უსაფრთხოების ყველა ნორმა იქნება დაცული, რასაც 41-ე დადგენილება მოითხოვს, მისი თქმით შენობაში სისტემის მონტაჟი სავარაუდოდ ზაფხულიდან დაიწყება. ლევიძის თქმით, გათვალისწინებულია წყლის 10 ტონიანი ავზი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იქნება გამოყენებული.



იმ შემთხვევაში, თუ კერძო მეპატრონე სახანძრო უსაფრთხოების წესებს არ დაიცავს, დაჯარიმდება 300-დან 10 000 ლარამდე, (ნაცვლად, 50-დან 200 ლარამდე). საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ შემოწმების დროს, თითოეულ ობიექტში შედის მათი სპეციალისტი, წერს დასკვნას და კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად უწესებს გონივრულ ვადას. პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მაკონტროლებელი ორგანო უწერს ჯარიმას და შესაძლოა სასამართლოშიც უჩივლოს და მოითხოვოს სასტუმროს დახურვა. მათივე თქმით, ასეთი მაგალითები პრაქტიკაში უკვე ჰქონდათ. მიშა ფეიქრიშვილის განცხადებით, საქართველოს სასტუმროებში, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა არასახარბიელოა.



„არსებობს შენობები, სადაც ჩვენ ვერანაირ სტანდარტებზე ვერ ვისაუბრებთ, რადგან იქ უბრალოდ არანაირი სტანდარტი არ არსებობს. არსებობს მაგალითად საოჯახო სასტუმროები, სადაც ერთი ცეცხლმაქრიც კი არ არის, რომ აღარაფერი ვთქვათ საევაკუაციო გასასვლელზე. ასევე არსებობს პრობლემები თავმომწონე სასტუმროებშიც. კერძოდ, შეიძლება სასტუმროს ჰქონდეს საევაკუაციო კიბე, გასასვლელი, თუმცა იმ კიბეზე ვერ მოხვდები, რადგან 24 საათის განმავლობაში დაკეტილია და მისი გასაღები აქვს კონკრეტულ ადამიანს, რომელიც არ არის სამსახურში იმ დღეს, ან მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში იმყოფება ტერიტორიაზე. ასე რომ ბევრი ტიპის პრობლემა გვხვდება სასტუმროებში“ - ამბობს მიშა ფეიქრიშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთნ ურთიერთობის ხელმძღვანელი.



მიშა ფეიქრიშვილის თქმით, ჯარიმის ოდენობის გაზრდის და საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორიც, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იყო. მათი მიზანი, ამ კუთხით პრობლემების შემცირება იყო.
„აქამდე იყო ასეთი სისტემა, დიდ კომპანიებს რომლებსაც ვუწერდით ჯარიმას, ერჩივნა გადაეხადა ის 200 ლარი და არ აეღო პასუხისმგებლობა სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მოწყობაზე. თუ არ შეასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, კიდევ 200 ლარს გამოვუწერდით და ასე გრძელდებოდა. მას უფრო ძვირი უჯდებოდა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის შეძენა/მონტაჟი, ვიდრე ჯარიმის გადახდა. ჩვენ კი მაშინ არ გვქონდა სხვა უფლებამოსილება, აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება გაგვეზარდა სანქციები“ - მიშა ფეიქრიშვილი.

არქიტექტორი ბექა თევდორაძეც შენობების კლასიფაკაციაზე გვესაუბრება და იმ შესაბამის მოთხოვნებზე, რომელიც მათ უნდა დააკმაყოფილონ. მისი თქმით, მეორე კლასის შენობა, მიწის დონიდან არაუმეტეს 12 მეტრი სიმაღლისაა და მისი ფართობი 300 კვ.მ-ია. ასეთ სასტუმროებს სახანძრო უსაფრთხოება არ მოეთხოვება, რადგან ასეთი ობიექტები შედარებით უსაფრთხოა და ხანძრის თუ ბუნებრივი კატასტროფის დროს, იქ მყოფებს გარეთ გამოსვლა საკუთარი ძალებით უფრო მარტივად უწევთ. არქიტექტორის განმარტებით, მეტი მოთხოვნა ვრცელდება, დაწყებული მესამე კლასიდან ზემოთ არსებულ შენობებზე. მას სრულად მოეთხოვება აღჭურვა. ბექა თევდორაძე იმ პრობლემებზეც საუბრობს, რასაც არქიტექტორები ობიექტის მშენებლობის შემდეგ აწყდებიან.

„სხვა საკითხია ის, რომ არქიტექტორი დახაზავს და გაამზადებს პროექტს ისე როგორც კანონმდებლობა ამას მოითხოვს, მაგრამ მეორე საკითხია და უფრო მნიშვნელოვანი, ამ ყველაფერს როგორ განახორციელებენ. არის შემთხვევები, როდესაც პროექტში გვაქვს ერთი მოცემულობა, ხოლო რეალურად ვიღებთ სხვა ტიპის შენობას, სადაც შეიძლება რაღაც ვიზუალური მსგავსება იყოს იმის რაც გვაქვს პროექტში, მაგრამ ტექნიკური აღჭურვილობის მხრივ, საერთოდ არ იყოს შესაბამისობაში პროექტთან. მოგეხსენებათ, სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დაცვა მოითხოვს დიდ ფინანსურ რესურსს, ყველაფრის აღჭურვა სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული და გამომდინარე აქედან, მთელი რიგი პრობლემებია. დამკვეთები, რომლებიც არქიტექტორებს აპროექტებინებენ შენობას, შემდეგ ცდილობენ თავი აარიდონ ამ ყველაფრის შესრულებას და გაურბიან პასუხისმგებლობას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ხდება თუ არა მშენელობის მონიტორინგი, იმისათვის, რომ მსგავსი პრობლემები ავირიდოთ თავიდან“ - აცხადებს არქიტექტორი ბექა თევდორაძე.


რაც შეეხება ევრორეგულაციებს, საქართველოს, სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას ავალდებულებს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაც, რომელზეც ხელი 2014 წელს მოეწერა და დირექტივაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია. შენობის დაგეგმარება, სახანძრო უსაფრთხოება, გასასვლელი საშუალებები (დროული ევაკუაციისთვის) და შენობის შემომზღუდავები (გარე კედლები, გადახურვა) - რეგლამენტის ძირითადი საკითხებია. შესაბამისად, შეთანხმების მთავარი მოთხოვნაა, დაცული იყოს სახანძრო უსაფრთხოების ნორმები და თითოეულმა მოქალაქემ უსაფრთხოდ ვიგრძნოთ თავი სასტუმროში, ხანძრის შემთხვევაში.






სფეროს ექსპერტებიც ერთხმად აცხადებენ იმას, რომ ნებისმიერ კერძო კომპანიას აქვს ვალდებულება და უნდა ჰქონდეთ პასუხისმგებლობა, დაიცვას კანონი და ჩვენი უსაფრთხოება. ვინ როგორ შეასრულებს აღებულ პასუხისმგებლობას, მომავლის საკითხია.


FaceBook Twitter