ინტერაქტიული მულტიმედია
ვეტერინარების დეფიციტი

ელისო შაყულაშვილი 42 წელია, ბორჯომში სოფელ კორტანეთში ცხოვრობს. ამ ხნის მანძილზე  ოჯახს  მსხვილფეხა პირუტყვი ყოველთვის ჰყავდა. ახლაც სამ მეწველ ძროხასთან ერთად

ქათმებს უვლის და უახლოეს მომავალში გოჭების შეძენასაც აპირებს. ოჯახს ვეტერინარის მომსახურება ხშირად სჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ კორტანეთი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელია, შაყულაშვილები ხაშურელი ვეტექიმის მომსახურებით სარგებლობენ


„შარშან ძალიან ცუდად მყავდა ძროხა, ცხრა დღე არ მძინებია, ვეტერინარი ქვიშხეთიდან მოვიყვანეთ და იმან გადაარჩინა პირუტყვი. ჩვენს სოფელს თავისი ვეტექიმი არ ჰყავს, ამიტომ საკირეში უნდა წავსულიყავი, იქაური სპეციალისტის ჩამოსაყვანად, ხაშურელ ვეტექიმს მანქანა ჰყავს ვურეკავთ და მოდის. არადა ეს ძროხები ჩემი ოჯახის ერთ-ერთი მთავარი შემოსავალია, სახლში წარმოებულ რძის პროდუქტებს ვყიდი და თვეში 600 ლარს ყოველთვის ვიღებ“. ამბობს ელისო შაყულაშვილი

შაყულაშვილების მსგავსად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობის ნაწილი მეცხოველეობას მისდევს. მსხვილფეხა პირუტყვი თითქმის ყოველ მეორე ოჯახს ჰყავს. სოფლებში მოსახლეობის  ნაწილი ვეტერინარების დეფიციტზე საუბრობს.

„ამას წინათ აგვიცრეს ძროხები უფასოდ, აცრიდან მეორე დღეს, ერთმა ძროხამ წინა ფეხები ვეღარ დაადგა, გვინდოდა დაგვერეკა, მაგრამ სად და ვისთან ისიც არ ვიცოდით და ამასობაში თვითონ გამოჯანმრთელდა ძროხა.  ადგილზე, რომ გვყავდეს ვეტექიმი, რომელიც გვეცოდინება, რომ წაღვერშია უფრო მარტივი იქნებოდა ჩვენთვის.“ - გვეუბნება ტიმოთესუბნელი ნაირა ხარებაშვილი



ნაირა ხარებაშვილი

ვასილ გეგეშიძეს სოფელ მზეთამზეში ორი ძროხა და ორი ხბო ჰყავს. იგი ამბობს, რომ სურსათის უვნებლობის სამსახური სოფელში ხშირად მიდის,  ადგილობრივებს ინფორმაციასაც აწვდის და შესაბამის სამედიცინო მომსახურებასაც უწევს პირუტყვს, მაგრამ თუ გეგმიური ვაქცინაცია არ არის, მაშინ გლეხი იძულებულია ნახოს მანქანა, მიაკითხოს ვეტექიმს ბორჯომში, შესაძლოა იმ დღეს სპეციალისტს საერთოდ არ ეცალოს ამასობაში დრო იკარგება „კარგი იქნებოდა ყოფილიყო სპეციალისტი ჩვენს თემში, ასე ზუსტად გვეცოდინება ვის და სად უნდა მივმართო, ტერიტორიულადაც უფრო ახლოს იქნებოდა ჩვენთან და სამედიცინო დახმარებასაც უფრო სწრაფად გაუწევდა პირუტყვს“

რამაზ გოგოლაძეს ამავე სოფელში 15 ძროხა ჰყავს, ამბობს, რომ ვეტექიმის მომსახურება ხშირად არ სჭირდება და თუ დასჭირდა იცის, რომ ბორჯომში სურსათის უვნებლობის სამსახურის სპეციალისტებს უნდა დაუკავშირდეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს ინსპექტორი ბორჯომში კობა ხაჩიძეა, მისი ინფორმაციით ბორჯომის მუნიციპალიტეტს 10 ვეტექიმი მუშაობს, ისინი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას უფასოდ ემსახურებიან და გეგმიურ ვაქცინაციასაც ატარებენ სოფლებში

„აბა მითხრან ერთი რომელ სოფელში არ იციან ჩემი ან ვეტექიმის საკონტაქტო ნომერი, სად მოუთხოვიათ მომსახურება და უარი უთქვამს ჩვენს ვეტექიმს? მე ვფიქრობ ვეტექიმების ნაკლებობა არაფერ შუაშია „- ამბობს კობა ხაჩიძე და აქვე განმარტავს, რომ დაგეგმილი სახელმწიფო პროგრამების  გარდა ინდივიდუალური მომსახურება ფასიანია და ვეტექიმი შესაბამისი ანაზრაურების სანაცვლოდ ახდენს ოჯახში მისვლას და პირუტყვისთვის სამედიცინო დახმარების გაწევას.



რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ, ბორჯომის სოფლებში ვეტერინარების დანიშვნის მოთხოვნით, ბორჯომის მუნიციპალიტეტსაც მიმართა, მერიის პასუხი ასეთია

„კერძო ვეტერინარებმა მოგვმართეს მუნიციპალიტეტს, ადგილობრივი თვითმმართველობის ბაზაზე ცალკე ვეტერინართა სამსახურის ჩამოსაყალიბებლად. თუმცა, მუნიციპალიტეტში ცალკე ვეტერინარული სამსახურის ჩამოყალიბება ვერ მოხერხდება, ეს სამართლებრივად არ იქნება სწორი და არ ჯდება მუნიციპალიტეტის საქმიანობის სფეროში. მითუმეტეს, რომ მუნიციპალიტეტში არსებობს სამსახური, რომელიც ამ მომსახურებას ახორციელებს მოსახლეობისათვის“.

 

FaceBook Twitter