ინტერაქტიული მულტიმედია
მაღალმთიანი არის, სტატუსი არ აქვს



„ბევრჯერ მოვითხოვეთ, ბევრჯერ განცხადებებიც დავწერეთ, ბორჯომშიც, თბილისშიც, მაგრამ არ შეგვიყვანეს,  ყურადღება არ მოგვაქციეს“
- შემოგვჩივლა ტიმოთესუბნელმა ნაირა ხარებაშვილმა.

ხარებაშვილები სოფელ ტიმოთესუბნის შესასვლელში ცხოვრობენ, თანასოფლელების მსგავსად ოჯახი სოფლისთვის მაღალმთიანის სტატუსის მინიჭებას ითხოვს და ელოდება.

„პენსიები მოგვემატება, გადასახადები შეგვიმცირდება, ეს ხომ ჩვენი ოჯახისთვის დიდი შეღავათი იქნება, ოჯახში არც შვილი მუშაობს და არც რძალი, ჩემი და ჩემი მეუღლის პენსიაზე არიან დამოკიდებული შვილებიც და შვილიშვილებიც“ - სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, არსებულ  შეღავათებზე და დანამატებზე საუბრობს  ნაირას მეუღლე გრიგოლ ხარებაშვილი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი ტიმოთესუბანი, ბორჯომიდან 17 კილომეტრში მდებარეობს.  წაღვერის თემში შემავალი სოფლებიდან მაღალმთიანი სოფლის სტატუსი ყველა სოფელს აქვს, ტიმოთესუბნის გარდა. მაღალმთიანია დაბა წაღვერი, სოფელი მზეთამზე და სოფელი დაბა.

„საერთოდ ტიმოთესუბანი საქართველოს რუკაზე არსებობს?“ - გულდაწყვეტილი გვეუბნება  ილია ხეთაგური, რომელიც სოფლისკენ მიმავალ გზაზე გვხვდება, საკუთარ კითხვას თვითონვე პასუხობს „არა მგონია“


ილია ხეთაგური

ტიმოთესუბანში მცხოვრებლები ამბობენ, რომ სოფელში არჩევნებამდე, თუ მის შემდეგ მისული მთავრობის წარმომადგენლები დაპირებებს იძლეოდნენ, მაგრამ მაღალმთიანი სოფლის სტატუსი დასახლებამ დღემდე ვერ მიიღო.

„ერთი რამე ვერ გამიგია, ეს მაღალმთიანი, როგორ განისაზღვრება ვერ გავიგე,  ჩვენს მაღლა სოფელს აქვს სტატუსი, ჩვენზე დაბლა წაღვერიც არის და ჩვენმა სოფელმა რა დააშავა ვერ გავარკვიე, იმასაც ამბობენ შეეშალათ  ტიმოთესუბანი უნდა
შეეყვანათ მაღალმთიანში და მის ნაცვლად კორტანეთი შეიყვანესო, ვერაფერი გავიგეთ“
- ამბობს ტიმოთესუბნელი გიორგი ლომიძე

სოფელში საშეშე მერქნის პრობლემაზეც საუბრობენ, მკაცრი ზამთრის პირობებში, შვიდი კუბამეტრი საშეშე მერქანი საკმარისი არ არის, იმ შემთხვევაში, თუ მაღალმთიანი სოფლის სტატუსით ისარგებლებენ, ადგილობრივებს გამოყოფილი საშეშე მერქნის რაოდენობა, გაუორმაგდებათ და თოთხმეტ კუბამეტრს მიიღებენ.

„ჩვენი სოფელი ძალიან ღარიბია, პენსიონერების იმედად არიან დარჩენილი ახალგაზრდები,  მდინარე გუჯარულა ჩვენს სოფელს ჩამოივლის და მერე მიდის დაბლა სოფლებში, ანუ ჩვენ გაცილებით მაღლა ვართ,  კი არ მშურს, იმათაც უნდა ჰქონდეთ ეს სტატუსი, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ, მიზეზი მაინც აგვიხსნას ვინმემ“ -  ამბობს თამრიკო არბოლიშვილი



ტიმოთესუბანში ამ დროისთვის 200-მდე ადამიანი ცხოვრობს, ზღვის დონიდან 1100 მეტრზე მდებარე სოფელმა, მაღალმთიანის სტატუსის მოსაპოვებლად  სიმაღლესთან ერთად  სხვა კრიტერიუმებიც უნდა დააკმაყოფილოს

„არის რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმი, მხოლოდ ის, რომ დასახლება ზღვის დონიდან 1100 მეტრზე მდებარეობ საკმარისი არ არის. მიწის ფონდის ნაწილი და ასაკობრივი ნაწილი ვერ დააკმაყოფილა, როგორც ვიცი.  მოსახლეობისთვის ძალიან რთული ასახსნელია ეს ამბავი“ - გვეუბნება მერის წარმომადგენელი წაღვერის ტერიტორიულ ერთეულში პაატა პაქსაშვილი.


იმისათვის, რომ დასახლებას სტატუსი მიენიჭოს აუცილებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სიმცირე და სიმწირე, ასევე დემოგრაფიული მდგომარეობა სოფელში. 
მათ შორის გამწვავებული მიგრაციული პროცესები. გამონაკლის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი შეიძლება ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე ქვევით მდებარე დასახლებასაც მიენიჭოს.

„სოფლებზე ჭობისხევზე, ქვაბისხევზე, ჩითახევსა და ტიმოთესუბანზე ჩვენ მოვამზადეთ ყველა საჭირო  ინფორმაცია  და   დოკუმენტაცია და გადავაგზავნეთ მთის განვითარების საბჭოში. გასულ თვეში სოფელ ტიმოთესუბნისთვის სტატუსის მინიჭებაზე სამინისტროდან მოვიდა უარყოფითი პასუხი, შესაბამისი დასაბუთებით. გავაცანით მოსახლეობას.  სურვილი დიდი გვაქვს  და ჩვენი შემდგომი ნაბიჯი მონაცემებისა და  ინფორმაციის ხელახლა მომზადება იქნება, რომელსაც ისევ გადავაგზავნით უწყებაში, იმედი გვაქვს, რომ  საკითხი დადებითად გადაწყდება.” -ამბობს ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ოთარ არბოლიშვილი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი 24 სოფელს და 2 დაბას აქვს. შესაბამისად კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით სარგებლობას მხოლოდ ეს დასახლებები გააგრძელებენ.

ტიმოთესუბნელებს ისევ ლოდინი მოუწევთ, როდის მიიღებს მათთვის მისაღებ გადაწყვეტილებას მთის განვითერების საბჭო და როდის გახდება მაღალმთიანი სოფელი სტატუსის მატარებელი.

 

 

 

 

 

 

 

FaceBook Twitter