ინტერაქტიული მულტიმედია
ახალგაზრდების ცხოვრება ბორჯომში, ქალაქგარეთ და საზღვარგარეთ
იოსებ გელაშვილმა, პირველად, სცენის მტვერი ოთხი წლის წინ ჩაყლაპა და მას შემდეგ ბორჯომის სახალხო თეატრის მსახიობია. მშობლიურ ქალაქს დღემდე ვერ თმობს და მაყურებლისთვის კარგი განწყობის შექმნას, სხვადასხვა როლში ცდილობს. 27 წლის ახალგაზრდას, განათლება ბევრი მიმართულებით აქვს მიღებული. ბიზნესის, ეკონომიკის, საბუღალტროს, უცხო ენების და მზარეულობის კურსები გაიარა, თუმცა მისი მთავარი პროფესია მსახიობობაა, რაზეც ბავშვობიდან ოცნებობდა.



თბილისში, კავკასიის უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად მუშაობდა მზარეულადაც, თუმცა იმდენად დატვირთული იყო, რომ დასვენებისთვის და პირადი ცხოვრებისთვის დრო აღარ რჩებოდა, ამიტომ თავისუფლება არჩია, სამსახურიც და სწავლაც მიატოვა და მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა, სადაც ბინა თეატრში დაიდო და თეატრის დასი დღემდე მისი საყვარელი ოჯახია.

„მართალია თბილისში ფინანსურად სტაბილურად ვიყავი, თუმცა დრო აღარაფრისთვის მრჩებოდა, მე კი თავისუფლების მოყვარული ვარ და ვამჯობინე დავბრუნებულიყავი იქ, სადაც ჩემი ჰქვია და ჩემი იქნება მუდამ, ჩემ მშობლიურ ბორჯომში, რომელიც ყველა მხარეზე მეტად მიყვარს. აქ, თეატრში შევიგრძენი ის რაც ბედნიერებას მომგვრიდა. სამომავლოდაც საკუთარ თავს, ჩემ მშვიდ ქალაქში და ჩემ პატარა თეატრში ვხედავ, არსად წასვლას არ ავპირებ“ - ამბობს იოსებ გელაშვილი ჩვენთან საუბრისას.



გულდაწყვეტით აღნიშნავს იმას, რომ სამსახურის შემდეგ განტვირთვას ვერსად ახერხებს, რადგან ბორჯომში ახალგაზრდებისთვის გასართობი ადგილების დეფიციტია. სურს, რომ მშობლიური მხარე ყველანაირად განვითარდეს და ქალაქს ოთხივე სეზონი ეტყობოდეს. უნდა რომ ყველას შრომა ისე დაფასდეს, როგორც იმსახურებენ.

„დაღლას განტვირთვა სჭირდება, ბედნიერებას სიხალისე, სამწუხაროდ ეს ყველაფერი ქრონოლოგიურად არ გვაქვს. მე პირადად, ჩემ ქალაქში მირჩევნია განვითარდე და განვიცადო პროგრესი. რა თქმა უნდა, აქედან წასვლა ადვილია, შეიძლება უკეთესადაც გაიკვლიოთ გზა, თუმცა რასაც მშობლიური ქალაქი მოგცემს, იმას ვერ მოგცემს უცხო მხარე. თითოეული ჩვენგანის მონდომებაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ხვალ ჩვენი ქალაქი. მოვუწოდებ ჩემ თანატოლებს, ისწავლეთ და იშრომეთ იმისათვის, რომ ისევ შენმა თანაქალაქელმა თქვას, ტყუილად არ უცხოვრიაო“ - გვეუბნება იოსებ გელაშვილი



იოსებ გელაშვილს სურს, რომ სამომავლოდ ბიზნესის მიმართულებაზე სწავლა დაასრულოს და დიპლომი აიღოს, მიღებული ცოდნის გამოყენება კი კვლავ მშობლიურ ქალაქში აქვს გადაწყვეტილი. ბორჯომში დარჩენა და სტაბილურად მუშაობა უნდოდა ლერი შაკაიასაც, თუმცა არ გამოუვიდა. 28 წლის ახალგაზრდა, წარმოშობით აფხაზეთიდანაა. 3 წლიდან ბორჯომში ცხოვრობს და ეს მხარე მის მშობლიურ ადგილად იქცა. საშუალო განათლებაც აქ მიიღო. სკოლის დამთავრების შემდეგ კი სწავლა ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო, რადგან ბორჯომში უმაღლესი სასწავლებლები არ არსებობდა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ისევ მშობლიურ მხარეს დაუბრუნდა და დასაქმდა ერთ-ერთ ბანკში.



წელიწადნახევრიანი მუშაობის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ სამსახურიც და ქალაქიც უნდა მიეტოვებინა და თბილისში გადასულიყო. უკვე 2 წელია რაც დედაქალაქში, ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში გაყიდვების მენეჯერია.



„ბორჯომში, ამ ხნის გასვლის შემდეგ ვერ აღმოვაჩინე ვერანაირი პერსპექტივა ჩემს მიერ დაკავებულ პოზიციაზე და გადავწყვიტე დამეტოვებინა სამსახური. ამ გარემოებას ემატებოდა ის სუბიექტური ფაქტიც რომ სამსახურის შემდეგ ვერ ვახერხებდი გართობას იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ბორჯომში შებინდების შემდეგ პრაქტიკულად არავითარი გასართობი საშუალება არ არსებობს ახალგაზრდებისათვის. ამ ორი საკვანძო ფაქტორისა და სხვა მრავალი გარეფაქტორების გათვალისწინებით, გადავწყვიტე სამასახური გამეგრძელებინა თბილისში, სადაც უფრო მეტად მომეცემოდა თვითრეალიზაციის საშუალება. რისკი, შრომა და მოტივაცია დამიფასდა და დღესდღეობით ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ ქ. თბილისში» - ამბობს ლერი შაკაია




ლერი შაკაია ამბობს, რომ ბორჯომში იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ თბილისში შემოსავლის წყარო აღარ ექნება. ჩვენმა შემდეგმა რესპონდენტმა კი რომელიც მუშაობდა როგორც ბორჯომში, ასევე თბილისში, ერთ დღესაც გადაწყვიტა რომ ქვეყანა უნდა დაეტოვებინა და წასულიყო საზღვარგარეთ. როგორც თომა მაღლაკელიძე გვიყვება, ჯერ კიდევ შავბნელ 90-იანებში დაიბადა ოზურგეთში, თუმცა გაიზარდა ბორჯომში და საშუალო განათლებაც ამავე ქალაქში მიიღო. დუხჭირი ცხოვრების ფონზე, ბავშვობაში ფიქრობდა, რომ როცა გაიზრდებოდა მაღაზიას გახსნიდა და ვისაც ფული არ ექნებოდა, პროდუქტს უფასოდ გაატანდა. თუმცა, სკოლის დამთავრების შემდეგ, ცხოვრებას უფრო რეალურად შეხედა და გადაწყვიტა, რომ ჟურნალისტი უნდა გამხდარიყო. ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჟურნალისტიკის მიმართულებით და სანამ დაამთავრებდა, არაერთ ადგილას იმუშავა თბილისში - ჟურნალისტად სხვადასხვა მედია ორგანიზაციაში, ფოტოგრაფად, გაყიდვების მენეჯერად, ჰქონდა თავისი სააგენტოც, თუმცა ფინანსების გამო, შენარჩუნება ვეღარ შეძლო.



უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, გადაწყვიტა ბორჯომში დაბრუნება და ბარში ბარმენადაც დაიწყო მუშაობა. ბოლო წლებში კი ერთ-ერთ სასტუმროში დასაქმდა, თუმცა სტაბილური გარემო ვერც აქ იპოვა და გადაწყვიტა საქართველო დაეტოვებინა.



„რამდენიმე თვე ვმუშაობდი სტაბილურად, ერთ ხელფასზე თუმცა ქართული ხელფასების სიმწირე ყველამ კარგად ვიცით და არ იყო სამყოფი, ნუ ბორჯომში ცოტა გეყოფა "გაგვიმართლა" გასართობი საშუალებები არ გვაქვს და შეგიძლია მშვიდად დაუღლელად "მოკვდე". ყველა ადამიანს აქვს სურვილი განვითარების ხოდა ერთ დღესაც მეც ვთქვი, "როდემდე უნდა ვიყო ჭაობში და რატომ არ უნდა განვვითარდე"? მეგობრებმა ვიყიდეთ ავსტრიის ბილეთები, მხოლოდ სამოგზაუროდ, გადავწყვიტეთ ავსტრია უნგრეთი მოგვენახულებინა. მოგზაურობა ჩემი სუსტი წერტილია, ამ მოგზაურობასთან ერთად გადავწყვიტე მომეძებნა სამსახური და სასწავლებელი იაფიან ევროპულ ქვეყანაში, ასეთი პოლონეთი აღმოჩნდა, თან ძალიან პოპულარულია დღეს სამსახურის მაძიებელი ქართველებისთვის. სწავლა სექტემბრისთვის გადაიდო, მანამდე კი სამსახური ოფიციალურად დავიწყე და პირველივე დღეებში სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, პირველი შრომა და შრომის ანაზღაურება აქაც განსხვავდება ერთმანეთისგან, არა როგორც საქართველოში, მუშაობ 10 კაცისას და ხელფასს იღებ 1 კაცისას. აქ თუ არ მოგიმატებენ არ დაგაკლებენ, მეორე რამაც გამაოცა არის ის რომ სამსახურის უფროსს ხშირად ვხედავ იგივე საქმეს აკეთებს რასაც ჩვეულებრივი დაქირავებული თანამშრომელი. ხო და აქ ყველა მუშაობს ერთნაირად“ - გვიყვება თომა მაღლაკელიძე

24 წლის თომა მაღლაკელიძე იმაზეც წუხს, რომ ბორჯომში აქტიური სეზონი ხანგრძლივი არ არის და ასევე ახალგაზრდებს არ აქვთ საშუალება მშობლიურ ქალაქში მიიღონ უმაღლესი განათლება. მისი აზრით, უნივერსიტეტის არსებობა ბორჯომს გააცოცხლებს და სტუნდეტებს ქალაქგარეთ წასვლის სურვილს დაუკარგავს. გაიზრდება მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობაც. თომა გვესაუბრება იმ იდეებზე, რაც ბორჯომს მეტ ხიბლს შესძენს.



„აუცილებელია იყოს ადამიანური ფასების კაფეები, ლიტერატურული სალონები, ღამის კლუბები სადაც საზოგადოება მთელი დამღლელი დღეების თუ კვირების შემდეგ განიტვირთება ძალებს აღიდგენს და იტყვის, რომ რა კარგია როცა სამსახურის მერე ცხოვრებაც არსებობს. დღეს მე რომ მქონდეს არჩევანი თბილისსა და ბორჯომს შორის თუ სად ვიცხოვროვრო აუცილებლად თბილისს ავირჩევდი, მაგრამ თუ ბორჯომი იქნება აქტიური ქალაქი სადაც ერთდროულად თავის რჩენა გართობა და დანაზოგის გაკეთებაც შეგიძლია მაგ დროს დაფიქრებას არ ვეცდებოდი ისე ვიცხოვრებდი ბორჯომში. დავბრუნდები ბორჯომში და ვიმედოვნებ დამხვდება უკეთესი ქალაქი ვიდრე დავტოვე მანდ“ - თომა მაღლაკელიძე


ასე ცხოვრობენ ახალგაზრდები ბორჯომში, ქალაქის და ქვეყნის გარეთ. ზოგი მშობლიურ მხარეს ვერ თმობს, ზოგი კი თვითრეალიზაციის პერსპექტივას სხვაგან ეძებს. აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს ახალგაზრდების საერთაშორისო დღეა. ახალგაზრდების საერთაშორისო დღეს მსოფლიო, წელიწადში ორჯერ, 24 მარტს და 12 აგვისტოს აღნიშნავს.


FaceBook Twitter