ინტერაქტიული მულტიმედია
დამახინჯებული ისტორია თვითნასწავლი გიდებისგან

ბორჯომში ტურისტების რაოდენობასთან ერთად, იზრდება ტურიზმის სფეროში დასაქმებული და თვითდასაქმებული ადამიანების რიცხვი. ქალაქის ტურისტულ ნაწილში, ცენტრალური ისტორიული პარკის მიმდებარედ, ადვილად მიაგნებთ ადამიანებს, რომლებიც უცხოელ ტურისტებს მომსახურებას და დახმარებას სთავაზობენ. ზოგიერთ მათგანს გულზე წარწერა უკიდია, მინაწერით „გიდი“, ზოგი საკუთარი ავტომანქანით დგას და ვიზიტორებს ბორჯომისა და საქართველოს ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას სთავაზობს.

როსტომ ყველიაშვილი ერთ-ერთი მათგანია. ტურისტების ჯგუფს ძირითადად პარკის ტერიტორიაზე ხვდება და ბორჯომის ისტორიას უყვება, ხანდახან ორ საათიანი ლექციის წაკითხვაც უწევს. 67 წლის როსტომ ყველიაშვილი ყოფილი პოლიციელია. მას გიდად მუშაობის 8 წლიანი გამოცდილება დაუგროვდა, იქამდე კი ორჯერ მეტი წელი ბორჯომის პოლიციაში იმსახურა.

60 წლის ასაკში პოლიციელები პენსიაზე გადიან. ცხოვრების აქტიურ რეჟიმს მიჩვეულმა, სახლში ვერ მოისვენა, იმასაც მიხვდა, რომ პენსია 3 დღეც არ ეყოფოდა და გადაწყვიტა ბორჯომის პარკში ტურისტებისთვის ემასპინძლა. ახალი საქმის დაწყებაში ისტორიკოსის დიპლომი დაეხმარა. თავიდან ცოტა იუხერხულა პარკში დგომა და ქალაქის ისტორიით დაინტერესებული უცხოელების ლოდინი, შემდეგ მეგობრის მხარდაჭერით, ეს გამოწვევაც გადალახა და კისერზე ორენოვანი წარწერა „გიდი“ ჩამოიკიდა.


როსტომ ყველიაშვილი
„ჩემი ოჯახის სამი თაობა პოლიციელია, მამაჩემი მილიციელი იყო, მეც და ჩემი შვილიც პოლიციელები. პოლიციაშიც ხალხს ვემსახურებოდი და ახლა გიდი ვარ და ისევ ხალხს ვემსახურები, მაგრამ უკვე სხვა პოზიციიდან, ისე სიმართლე რომ ვთქვა პოლიციის ნოსტალგია მაქვს“ -ამბობს როსტომ ყველიაშვილი
ამ წლების განმავლობაში გიდის მთავარი თვისებებიც აღმოაჩინა და შეითვისა

„გიდმა როგორც პედაგოგმა ისე უნდა იმეცადინოს სახლში, გაკვეთილი მოამზადოს მეორე დღისთვის, აუცილებელია ყველა სიახლეს გაეცნოს და მოვლენებს არ ჩამორჩეს, ისტორიაც იცვლება და მასაც მუდმივად მიყოლა სჭირდება, სტუმარი უნდა უყვარდეს გიდს“ - როსტომ ყველაშვილი ენების ცოდნის აუცილებლობაზეც საუბრობს

„მინდოდა ინგლისურს დავუფლებოდი, რამდენჯერმე მქონდა მცდელობა, მაგრამ დრო არ მაქვს, კი ვცდილობ მაინც, არ გამიწყვეტია მე ეს კავშირი, ვეთამაშები რომ იტყვიან. რუსული კარგად ვიცი ბავშვობიდან, ზოგმა ევროპელმაც იცის რუსული, ან ჯგუფში ერთი მაინც არის რუსულის მცოდნე და ჩემს მონაყოლს უთარგმნიან ერთმანეთს, ასე გავდივარ იოლად“, - ყვება როსტომ ყველიაშვილი, რომელსაც ენის პრობლემასთან ერთად სხვა გიდების კომპეტენციაც აწუხებს. პროფესიით ისტორიკოსი ამბობს, რომ გიდი ყველა ვერ იქნება, რადგან გარკვეული ცოდნის გარეშე, სტუმარს შენს ქვეყანაზე, შესაძლოა, არასწორი წარმოდგენა შეუქმნა.

„ამ ზაფხულს ჩემი ყურით მოვისმინე, როგორ იკითხა ერთმა უცხოელმა, ბორჯომის წყალი ზოგან ცივი და ზოგან თბილი რატომ მოდისო? ამ დროს გიდი პასუხობს ერთი ბიუვეტიდან წყალი მდინარის გავლით, მილით მიდის მეორე ბიუვეტამდე და გზაში ცივდებაო, ეს ხომ სასაცილოა და ხომ შესაძლებელია დაიჯეროს ადამიანმა”, - იხსენებს როსტომ ყველიაშვილი


ვლადიმერ იჩქითი

ვლადიმერ იჩქითს გიდებისთვის განკუთვნილი სპეციალური კურესბი და ტრენინგები არასოდეს გაუვლია. მიაჩნია, რომ ერთთვიანი კურსით ბევრს ვერაფერს ისწავლი.


„დიდი ისტორიის მცოდნე არ ვარ, ვერც პროფესიონალ გიდს ვუწოდებ ჩემს თავს, აი, რასაც ინტერნეტში ვკითხულობ, ვიძიებ, იმას ვუყვები ცნობისმოყვარე უცხოელებს“-
ამბობს ვლადომერ იჩქითი, რომელიც ტურისტებს საკუთარი 8 ადგილიანი ავტომანქანით ემსახურება და გზადაგზა ქვეყნის ისტორიასაც აცნობს.


ვლადიმერ იჩქითი მთელი ცხოვრება მძღოლად მუშაობდა, დიდ სატვირთო ავტომანქანაზე იჯდა და  გადაზიდვებს ახორციელებდა. 5 წლის წინ მიხვდა,  რომ საკუთარი პროფესიით შემოსავალი შეუმცირდა, პარალელურად ხედავდა, როგორ იზრდებოდა ტურისტების რაოდენობა ბორჯომში და დასაქმება ტურიზმის  სფეროში სცადა. საჭის ტრიალი არ გაუჩერებია, ახლა უკვე ქვეყნის სხვადასვა კუთხეში უცხოელ ვიზიტორებს დაატარებს. საქართველოც  მათთან ერთად შემოიარა.


„წინასწარ ყოველთვის ვიცი სად უნდა წავიყვანო ჯგუფი და მეც ვემზადები, ვკითხულობ იმ მასალას და შემდეგ ვუყვები. დამსვენებლების უმეტესობა დაწვრილებით ინტერესდება ყველა დეტალით,  რა ვიცი აქამდე ყველა კმაყოფილია ჩემი მომსახურებით“, -
გვიყვება ვლადიმერი


იგი იმასაც ამბობს, რომ ხშირად ტურისტებისგან საოცარი და დაუჯერებელი ამბები მოუსმენია საქართველოზე, მაგალითად ის, რომ ვარძია საქართველოს ტერიტორია არ არის და გულუხვმა სომეხმა მეზობლებმა აჩუქეს ჩვენ ქვეყანას. სავარაუდოდ, ამ ინფორმაციებს ის გიდები ავრცელებენ, რომლებმაც საქართველოს ისტორია არ იციან  და არც იმაზე ფიქრობენ, როგორ აისახება მათი მოყოლილი ამბები ქვეყანაზე და მის იმიჯზე.


„ძალიან სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე“,
- გვეუბნება გიდებთან დაკავშირებით გრიგოლ ჯვარიძე. მას  ბორჯომში საოჯახო სასტუმრო აქვს და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ვიზიტორებთან ურთიერთობა ყოველდღიურად უწევს. ჯვარიძე ერთ ამბავს იხსენებს, რომლის მომსწრეც თვითონ გახდა.


„უცხოელი სტუმრები მყავდა და ჩემი სასტუმროს ეზოში ხინკალს მივირთმევდით, ორი რუსი ტურისტიც შემოგვესწრო და სუფრასთან მივიპატიჟე, ცოტა უცნაურად მომეჩვენა, ხინკალს რომ შეჭამდნენ, დარჩენილი ცომით, „კუჭს“ რომ ვეძახით, ტუჩებს იწმენდდნენ. გაოცებულმა ვკითხე რას აკეთებთ-მეთქი და მიპასუხეს, ქართველმა გიდმა გვასწავლა ასე, ეს ცომი იმიტომ აქვს ხინკალს, რომ მერე ტუჩები მოისუფთავოო“.

გრიგოლ ჯვარიძე ფიქრობს, რომ ხშირად ისტორიას და ტრადიციებს მიზანმიმართულად ამახინჯებენ. ეს პრობლემა მხოლოდ ბორჯომს არ ეხება. „თვითმარქვია გიდები“ მთელ ქვეყანაში მომრავლდა.


„ეს ადამიანები არიან თვითდასაქმებულები, გიდები და გამყოლები, ჩვენი ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ჩამოსულ ვიზიტორებს ყველაზე გამოცდილ გიდებთან აკავშირებს და უწევს რეკომენდაციას, მაგრამ არის შემთხვევები, რომ საინფორმაციო ცენტრის გვერდის ავლით ხდება გიდებთან დაკავშირება“,-
ამბობს ბორჯომის მერიის ტურიზმის სპეციალისტი ქეთევან ბეროზაშვილი

ქეთევან ბეროზაშვილის თქმით დაინტერესებული გიდების და გამყოლებისთვის ტრეინინგები ტარდება და დამატებით ცოდნას და უნარებს იძენენ. ტარდება ველოტურისა და რაფტინგის გამყოლის ტრენინგები.  ის გიდები კი,  რომლებიც ქალაქში მუდმივად და აქტიურად მუშაობენ საკმაოდ ხარისხიანად და წარმატებით უძღვებიან საქმეს.


„შეუზღუდავია იმ პიროვნებების თავისუფლება, რომელთაც აქვთ სურვილი, გაუწიონ ექსკურსიამძღოლობა ქალაქში ჩამოსულ ტურისტებს და ამ გზით მოიპოვონ გარკვეული შემოსავალი. ისინი სპონტანურად ჩნდებიან და ეწევიან აღნიშნულ საქმიანობას, ასევე, შესაძლოა, მათ განახორციელონ ტრანსპორტირებით მომსახურება. მათი კონტროლის და აკრძალვა/დაშვების მექანიზმი დღესდღეობით არ არსებობს. თუმცა, დიდი ხანია მიმდინარეობს მსჯელობა ამ საკითხზე და შესაბამისი უწყებები ეძებენ პრობლემის კანონიერად მოგვარების საშუალებებს, რომ ეს მომსახურება გარკვეულ ჩარჩოებში ჩაჯდეს და ე. წ. სპონტანური „გიდის“ საქმიანობა გაკონტროლდეს."-
ქეთევან ბეროზაშვილი


სახელმწიფო ამ ეტაპზე თვითდასაქმებული „გიდების“ საქმიანობის და კვალიფიკაციის კონტროლს ვერ ახორციელებს.  ბორჯომში ჩამოსულ ვიზიტორს თუ გაუმართლა შესაძლოა კვალიფიციური გიდის მომსახურებით ისარგებლოს, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, რომ ქალაქში წლის განმავლობაში ჩამოსული 230 000 ტურისტიდან ნახევარმა მაინც, დამახინჯებული ისტორია მოისმინოს და ქვეყანა ისე დატოვოს, მის შესახებ ბევრიც ვერაფრი გაიგოს.

 

 

 

 




FaceBook Twitter