მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
ზამთარი ტაბაწყურში, როცა ყველაფერი თოვლით იფარება - ჰასმიკ არუთუნიანის ბლოგი
მე ჰასმიკ არუთუნიანი ვარ, 15 წლის. ვცხოვრობ სოფელ ტაბაწყურში. ეს არის ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი, ალპურ ზონაში მდებარეობს და გაშენებულია ტაბაწყურის ულამაზესი ტბის ნახევარკუნძულზე.



მიუხედავად სოფლის სილამაზისა, აქ ცხოვრება ძალიან რთულია. აქ ზამთარი ხანგრძლივი და მკაცრია. ჩვენამდე მოსასვლელი გზა ბორჯომიდან დიდთოვლობის გამო იკეტება და თვეების განმავლობაში ბორჯომამდე ვეღარ მივდივართ, მარტო ახალქალაქიდან არის გზა. წარმოიდგინეთ დაახლოებით 6-7 თვე დიდი თოვლი, სიცივე და ჩაკეტილი სოფელი. ასეთია ტაბაწყური ზამთარში.



როდესაც ტბა იყინება ჩვენ ჩვეულებრივად დავდივართ გაყინულ ზედაპირზე.



წელს ჩვენ სოფელში განსაკუთრებით დიდი თოვლი მოვიდა. ახალქალაქთან დამაკავშირებელი გზაც ჩაიკეტა და დავრჩით თოვლით შემოსაზღვრულ სოფელში გარესამყაროს მოწყვეტილები. მაღაზიებში პროდუქტიც კი აღარ იყო რომ შეგვეძინა, გართულდა სოფელში გადაადგილება, სკოლაში წასვლა. ყველაზე მეტად კი იმ ადამიანებს გაუჭირდათ, ვისაც ექიმი სჭირდებოდათ, სოფლიდან ვერ გადიოდნენ და ავადმყოფობა ურთულდებოდათ.
მინდა თქვენი თვალით ნახოთ რა ხდება ტაბაწყურში ზამთარში.


Print