მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
ჩემი სააღდგომო ტრადიცია
გამარჯობა! მე ვარ ელენე გელაშვილი, New მედია კლუბის წევრი. სულ მალე ქრისტიანული სამყარო უდიდეს დღესასწაულს, აღდგომას იზეიმებს. ამ დღესასწაულთან დაკავშირებულია ტრადიციები: კვერცხის წითლად შეღებვა, ჯეჯილის დათესვა და ხატის პურის (პასკის) გამოცხობა.

უამრავი ვერსია თუ ლეგენდა არსებობს, კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიციასთან დაკავშირებით. თუმცა, დღეს მე მინდა გესაუბროთ საკუთარი ოჯახის მაგალითზე და არა იმ ინფორმაციაზე, რაც ინტერნეტში იძებნება და მისი წაკითხვა თავადაც შეგიძლიათ.

მე ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მზეთამზეში ვცხოვრობ. ჩემ ოჯახში, ყოველწლიურად, სააღდგომოდ ტრადიციულად კვერცხებს, დღეს, წითელ პარასკევს მზის ჩასვლამდე, დედა ღებავს. მის შესაღებად ყველასათვის ცნობილ "ენდროს" იყენებს. ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო პროცესი დედასთან ერთად კვერცხების შეღებვაა, რაც განსაკუთრებულად მიყვარს. თუმცა კიდევ შემიძლია გამოვყო კვერცხების ერთმანეთზე დაჭიდება, ეს საკმაოდ სახალისო პროცესია ჩემთვის. ასევე, აღდგომის დადგომამდე, მე და ჩემი მეგობრები, ე.წ. "ჭონაზე" დავდივართ. ვმღერით, ვუკრავთ, ვცეკვავთ და ასე დავდივართ სოფელში მეზობლებთან კარდაკარ. ეს პატარების საყვარელი ტრადიციაა. უფროსები, საღდგომო კვერცხებს, ხან ტკბილეულს გვჩუქნიან და ასე ხელდამშვენებულები ვბრუნდებით სახლებში.

ჩემს ოჯახში კვერცხების წითლად შეღებასთან ერთად ასევე ჯეჯილს და სააღდგომო ცხვრის ფორმის პასკას აცხობენ. "ჯეჯილი"- ბზობის კვირას, ძველი ქრისტიანული ჩვეულების მიხედვით ხორბალს თესავენ, ხორბალი ღვივდება და ჯეჯილად იზრდება. პასკის ყიდვა მაღაზიებშიც არის შესაძლებელი, თუმცა მე ოჯახში გამომცხვარი განსხვავებული ფორმის უფრო მელამაზება და მიყვარს.



წითელი კვერცხი, ხატის პური და ჯეჯილი - სააღდგომო სუფრის მთავარი ატრიბუტია. ტრადიციაა ისიც, რომ აღდგომის დღესასწაულზე ან მომდევნო დღეს, ყველა ადამიანი თავისი მიცვალებულის საფლავზე მიდის, მათი სულის საცხოვნებლად სანთელს უნთებს და მიწაზე კვერცხს უგორებს სიმბოლურად! პანდემიის გამო, გასულ წელს ვერ გავედით საფლავზე. შეზღუდვები წელსაც მოქმედებს. ამიტომ, თითოეული ჩვენგანი ოჯახის წევრებთან ერთად, საკუთარ სახლში აღვნიშნავთ აღდგომას.

ქრისტე აღდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!


ელენე გელაშვილი

13 წლის


New მედია კლუბის წევრი



Print