მოზარდის ბლოგი ჩვენზე და თქვენზე
ნიკოლოზ გოგოლაძე - დამწყები ხატმწერი მხატვრების ოჯახიდან

14 წლის ნიკოლოზის სამუშაო კუთხე ფერადია. მაგიდა სავსეა ფანქრებით, საღებავებით, ფურცლებით, დაუსრულებელი თუ უკვე დასრულებული ნახატებით.

ხატვით 10 წლის ასაკში დაინტერესდა, იქამდე დარწმუნებული იყო, რომ სპორტსმენი იქნებოდა.

,,თავიდან არ მაინტერესებდა ხატვა. სულ მეგონა, რომ ფეხბურთელი ვიქნებოდი. ხშირად ვთამაშობდი მეგობრებთან ერთად“ - გვიყვება ნიკოლოზი.

ნიკოლოზ გოგოლაძე 14 წლისაა, ჭობისხევის საჯარო სკოლის მერვე კლასში სწავლობს. ხატვით დაინტერესება ოჯახმა განაპირობა. ნიკოლოზის ოჯახის წევრები მხატვრები არიან.

„ჩემს ოჯახში რადგან, მამა მხატვარი იყო, ჩემი ძმებიც მხატვრები არიან, ამიტომ დავინტერესდი. თავიდან მამა მასწავლიდა, შემდეგ ძმები. ახლაც ვსწავლობ, ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზე ვარ“

სწავლობს და  ძმებისგან, რომლებმაც სამხატვრო აკადემია უკვე დაამთავრეს, შენიშვნებს და რეკომენდაციებს იღებს. ხშირად მათ მნიშვნელოვან საქმეებშიც ეხმარება.

„ჩემ ძმებს 3 ეკლესიის მოხატვაში დავეხმარე. ვეხმარები ხატების მოხატვაში. ერთად ვასხავთ ფერებს და ვადებთ ოქროს.“





ხატავს მაშინ, როდესაც სახლში არავინ ხმაურობს, ან მარტოა. მაშინ საკუთარ საქმესთან პირისპირ რჩება და ნამუშევარიც უკეთესი გამოსდის. ბოლო პერიოდში ძირითადად ხატებზე მუშაობს. ერთი ხატის დაწერას საშუალოდ 6-7 დღე სჭირდება.

,,ხატის დაწერა არც ძნელია და არც ადვილი. ხატწერა ის საქმეა, როცა მხოლოდ ღვთის იმედი უნდა გქონდეს და მისი დახმარების რწმენა გაგაჩნდეს. მთავარია გულით მოინდომო“

ნიკოლოზს საყვარელი მხატვარიც ჰყავს, დავით ხიდაშელი.

„ძალიან ლამაზ ფერებს იყენებს ხატვისას. რის გამოც ჩემი ფავორიტი გახდა“

გარდა მხატვრობისა ნიკოლოზი ლითონზე  ჭედვითაც არის დაინტერესებული.

„ეს ძალიან ლამაზი, საინტერესო და საოცარი პროცესია“ - ამბობს ნიკოლოზი.

უკვე რამდენიმე ნამუშევარიც აქვს. „მუსიკოსი“ დაარქვა ლითონზე ნაჭედ პირველ ნამუშევარს. შემდეგ იყო ღვთისმშობლის ხატი.



ყველაზე დიდი დრო მოანდომა წმ. გიორგის ხატის მოჭედვას. ძველი სვანური მიდგომით.


სკოლაში მისთვის ყველაზე საყვარელი საგანი ქართულია.

„მიყვარს ისეთი დავალებები სადაც საჭიროა ჩემი ფანტაზია, სადაც შემიძლია გამოვხატო რას ვფიქრობ, როგორ წარმომიდგენია. მაგალითად მიყვარს, როდესაც, რომელიმე მოთხრობიდან, რომელიმე პერსონაჟის დღიურს ვწერ“

იმის აფიშირება, რომ ხატავს ნიკოლოზს არ უყვარს. მის გარშემოც ბევრმა არ იცის როგორ ფერად სამყაროში ცხოვრობს. არც მის მიზნებზე იციან, მისი გეგმები ისევ ხატვას უკავშირდება.

,,ჩემი მიზანია ჩემი ძმების და მამის მსგავსად კარგი მხატვარი გავხდე. დამოუკიდებლად მოვხატო ეკლესია-მონასტრები და დავამთვრო სამხატვრო აკადემია“




ავტორი: მარიამ სამსონაშვილი, 13 წლის


New მედია კლუბის წევრი



 

Print