ახალი ამბები
როგორ სარგებლობენ ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით ბორჯომში
კლიმატის ცვლილების შესარბილებლად მსოფლიოში და საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა განახლებადი ენერგიის წყაროები.
მსოფლიო მოსახლეობის ზრდასთან ერთად განუწყვეტლივ იზრდება მოთხოვნა ენერგიაზე. ენერგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა წიაღისეული საწვავი: ნავთობი, ქვანახშირი, ბუნებრივი აირი.
მათზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, იზრდება მათი მოპოვებისას, გადამუშავებისას და გამოყენებისას გარემოზე მიყენებული ზიანიც.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის 12 საბავშვო ბაღიდან 3 უკვე მზის ელექტრო სადგურებიდან მიღებულ სუფთა ენერგიას იყენებს. გარდა იმისა რომ გარემოს ნაკლები ზიანი ადგება ხარჯსაც ამცირებს. ბორჯომის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, ბოლო წლის განმავლობაში, იმ საბავშვო ბაღებში, სადაც განახლებად ენერგიას მოიხმარენ, ენელექტრო ენერგიის გადასახადი ფაქტობრივად განულდა.

ბორჯომის საბავშვო ბაღებში მზის ელექტრული სადგურები 2022 წლიდან დამონტაჟდა არასამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, სადგურები ნეტო-აღრიცხვის ქსელში არიან ჩართულები. მონტაჟიდან დღემდე გამომუშავებული აქვს 65 მეგა ვატი ელექტრო ენერგია. გარდა საბავშვო ბაღებისა, მზის ელექტრო სადგურები ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით დამონტაჟდა კოდიანზე, გუჯარეთის ხეობასა და თორში, სადაც მოსახლეობას ალტერნატიული ენერგიის მიღების საშუალება არ ჰქონდა. კუნძულოვანი მზის სადგურებიდან მიღებულ ენერგიას ისინი ადგილზე მოიხმარენ.
გარდა მზის სადგურებისა ბორჯომში, ქვაბისხევში მცხოვრებლების ნაწილი აქტიურად მოიხმარს ენერგოეფექტურ ღუმელებს და მზის ჰელიო სისტემის წყლის გამაცხელებლებს, რომელიც მათ პროექტის ფარგლებში გადაეცათ. სოფელში ბუნებრივი აირი ჯერ-ჯერობით არ არის, ადგილობრივების თქმით ენერგოეფექტური ღუმელები ამცირებს ხარჯსაც და გარემოზე ნეგატიურ ზეგავლენასაც


განახლებადი ენერგიის წვლილი ყოველწლიურად იზრდება, როგორც ადამიანისთვის ასევე გარემოსთვის. გიორგი მუხიგულაშვილის თქმით, მზის ელ. სადგურები ბოლო პერიოდში ქვეყანაში ძალიან განვითარდა. ამას ხელი შეუწყო ნეტო აღრიცხვის სისტემის შემოღებამ, რაც გულისხმობს რომ ცალკეულ მომხმარებლებსაც შეუძლიათ გახდნენ განახლებადი ენერგიის მწარმოებლები.




Print