კლიმატ ამბები
კლიმატის კრიზისის წინაშე გეგმის გარეშე
როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც სულ უფრო მეტია ანთროპოგენური კლიმატის ცვლილების მიზეზით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფები. მყინვარების დნობა, უხვი ნალექი და წყალდიდობები, გაუსაძლისი სიცხე, თოვლის გარეშე დარჩენილი ზამთრის კურორტები, ტყის ხანძრები და სეტყვით განადგურებული მოსავალი, ჩვენი ყოველდღიურობა გახდა. საქართველოს მრავალფეროვანი კლიმატური ზონები, შესაბამისად ბევრ სხვადასხვა ტიპის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ რისკებს წარმოშობენ.

დაზიანებული ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური ზარალის გარდა, სამწუხაროდ სულ უფრო იზრდება დაშავებულ და გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვიც. ექსტრემალური ამინდები და ბუნებრივი კატასტროფები ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკური ჯანმრთელობაზე.





როგორ გავუმკლავდეთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საფრთხეებს?


იმისათვის, რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საფრთხეების შემცირება შევძლოთ, საჭიროა შესაბამისი ეროვნული გეგმა, რომელსაც კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნულ გეგმას უწოდებენ. გეგმის მთავარიმიზანია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების პრევენცია და შემცირება.


მიტიგაცია(შერბილება) vs ადაპტაცია(შეგუება)


მიტიგაცია - კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის აირების შემცირება.
ადაპტაცია - კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზიანის შემცირება/პრევენცია.


მსოფლიოს მრავალ ქვეყანას უკვე აქვს მსგავსი გეგმები. მაგალითისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ათეული წლებია მუშაობენ რათა მომზადებული დახვდნენ გახშირებულ ექსტრემალურ ამინდებს. ბევრ ქვეყანას უკვე აქვს, როგორც ეროვნული, ასევე მუნიციპალური კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის განახლებული სტრატეგიები და გეგმები.

2010 წელს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) მსოფლიო კონფერენციაზე (COP 16) განიხილეს ადაპტაციის ეროვნული გეგმების (NAP) შემუშავების აუცილებლობა. დარგის ექსპერტებმა ქვეყნებს მოუწოდეს დაეწყოთ მუშაობა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. კონფერენციამ ჩამოაყალიბა კანკუნის ადაპტაციის ჩარჩო, ასევე ადაპტაციის კომიტეტი და მოუწოდა მხარეებს გაეძლიერებინათ და საჭიროების შემთხვევაში შეექმნათ რეგიონული ადაპტაციის ცენტრები და ქსელები.

მიუხედავად მსგავსი მოწოდებებისა, 2022 წელს კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელის (IPCC), რომელიც 1300-ზე მეტ მეცნიერს აერთიანებს, მეექვსე შეფასების ანგარიში აღნიშნულია, რომ საგანგაშოა კლიმატის საფრთხეებსა და რეაგირების მექანიზმებს შორის არსებული არაპროპორციულობა.





რატომ არ აქვს საქართველოს კლიმატის ცვილებასთან ადაპტაციის გეგმა?



ჩვენი მთავრობა წლებია ელოდება, თუ როდის მიიღებს სხვა (დონორი) ქვეყნების ფინანსურ მხარდაჭერას, იმისათვის რომ საქართველოს კლიმატის ცვილებასთან ადაპტაციის გეგმა განავითაროს. სამწუხაროდ, ქვეყნის ბიუჯეტში არ მოიძებნა თანხა ამ მნიშვნელოვანი გეგმის მოსამზადებლად, გეგმის რომლის მიზანია ჩვენი მოქალაქეების კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკებისგან დაცვა. მსგავსი დამოკიდებულება იმაზეც მეტყველებს, რომ ქვეყანაში კლიმატის ცვლილება და მასთან დაკავშირებული რისკები არ არის პრიორიტეტული.

ამჟამად ქვეყნის მთავარი კლიმატის პოლიტიკის დოკუმენტია - „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (2021)“. დოკუმენტის მე-5 თავში ვკითხულობთ ადაპტაციაზეც. ყველა წინანადადება იწყება სიტყვებით „საქართველო გეგმავს ...“, მომავალში გეგმავს:

საქართველო გეგმავს შეაფასოს კლიმატის ცვლილების ეფექტი [...]. ასევე, გეგმავს შეისწავლოს კლიმატის ცვლილების გავლენა მყინვარებზე, მთიანი და სანაპირო ზონის რეგიონების ეკონომიკურ მდგომარეობასა და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონეზე.

საქართველო გეგმავს, განავითაროს ადაპტაციის შესაძლებლობები ზამთრისა და ზაფხულის მოწყვლადი კურორტებისთვი.

საქართველო გეგმავს შეაფასოს და განავითაროს ადაპტაციის შესაძლებლობები სასოფლო-სამეურნეო წარმოებებისთვის.

საქართველო გეგმავს შეაფასოს კლიმატის ცვლილების ეფექტი მიწისქვეშა და ზედაპირული წყლის რესურსების ხელმისაწვდომობაზე.

საქართველო გეგმავს, ხელი შეუწყოს ენდემური, წითელი ნუსხით დაცული საეობების და სურრსათისა და სოფლის მეურნეობისათვის მნიშვნელოვანი აბორიგენული ჯიშების კონსერვაციას.

საქართველო გეგმავს, შეისწავლოს შერჩეული ტერიტორიებზე ტყის საფარის მოწყვლადობა.

საქართველო გეგმავს, შეაფასოს ადამიანის ჯანმრთელობაზე კლიმატის ცვლილების ეფექტი.

საქართველო გეგმავს, ხელი შეუწყოს იმ ღონისძიებების განხორციელებას, რომელთა მიზანია ექსტრემალური ამინდით გამოწვეული ზარალისა და ზიანის შემცირება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაიწყება ეროვნული ადაპტაციის გეგმის განვითარება.





როგორი უნდა იყოს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გეგმა?


საინტერესოა ევროკავშირის გამოცდილება. ევროკომისიის დოკუმენტში „მითითებები წევრი ქვეყნებისთვის ადაპტაციის სტრატეგიებისა და გეგმების განსავითარებლად“ დასახელებულია შემდეგი ძირითადი ნაბიჯები:

ინსტიტუციური ჩარჩო და დაინტერესებული მხარეების ჩართულობა

ქვეყანაში რისკის და მოწყვლადობის შეფასება

ადაპტაციის ღონისძიებების პრიორიტიზება

სამოქმედო გეგმა და განხორციელება

მონიტორინგი და შეფასება

ამ ნაბიჯების წარმატებით შესასრულებლად, საჭიროა როგორც ფინანსების, ასევე ადამიანური რესუსრსის მობილიზება. რაც მთავარია პრიორიტეტების განსაზღვრა და ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება უნდა მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით.

კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია ეხება მთელ საზოგადოებას და, შესაბამისად, მოითხოვს მმართველობის ყველა დონის და საზოგადოების ყველა სექტორის ჩართულობას. ეროვნულ და მუნიციპალურ დონეზე უნდა გამოიკვეთოს ადაპტაციის ძირითადი გამოწვევები და ბარიერები. შემდგომ კი, მოხდეს ადაპტაციის ღონისძიებების განხორციელების უწყვეტი მონიტორინგი და შეფასება.




წყარო: www.climatebasics.info
ავტორი: ნინა ჯანაშია.



Print