კორონავირუსის სამკურნალო
პრეპარატების - „პაქსლოვიდის“ და „რემდესივირის“ არსებულ მარაგს ვადა
გაუვიდა. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები, რომ
უახლოეს მომავალში ქვეყანაში „პაქსლოვიდის“ და „რემდესივირის“ ახალი
პარტია შემოვიდეს,- ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის
ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გარდაცვალების შემთხვევები ძალიან იშვიათი იყო იმ
პაციენტებში, რომლებმაც დროზე მიმართეს ექიმს და საჭიროების
შემთხვევაში მიიღეს აღნიშნული მედიკამენტები.
„იცით, რომ COVID-19-ის მკურნალობის უახლესი თანამედროვე მეთოდების
დანერგვის კუთხით ჩვენ მოწინავე ქვეყნების რიგში ვიყავით და ერთ-ერთმა
პირველებმა დავიწყეთ „ტოცილიზუმაბის“, „რემდესივირის“ და
„პაქსლოვიდის“ გამოყენება. საქართველო მეხუთე ქვეყანა იყო მსოფლიოში,
რომელმაც „პაქსლოვიდი“ მიიღო. სწორედ COVID-19-ს მკურნალობის
თანამედროვე მეთოდების დროულმა დანერგვამ განაპირობა ის, რომ
ერთ-ერთმა პირველმა გადავაქციეთ COVID-19 ფატალური ინფექციიდან რიგით
რესპირაციულ ინფექციად. გარდაცვალების შემთხვევები ძალიან იშვიათი იყო
იმ პაციენტებში, რომლებმაც დროზე მიმართეს ექიმს და საჭიროების
შემთხვევაში მიიღეს აღნიშნული მედიკამენტები.
„პაქსლოვიდის“ და „რემდესივირის“ არსებულ მარაგს ვადა გაუვიდა.
ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები, რომ უახლოეს
მომავალში ქვეყანაში „პაქსლოვიდის“ და „რემდესივირის“ ახალი პარტია
შემოვიდეს.
რაც შეეხება იმუნიზაციის პროცესს, იცით, რომ სამწუხაროდ, საქართველოში
მოსახლეობის COVID-19 ვაქცინაციით მოცვა ძალიან დაბალი იყო. ეს
განაპირობა მოსახლეობის სკეპტიკურმა დამოკიდებულებამ იმუნიზაციისადმი,
ასევე ანტივაქსერების მიერ გაჩაღებულმა კამპანიამ, რომელში რამდენიმე
ცნობილი ექიმიც კი იყო ჩართული, რაც ძალიან სამწუხაროა.
პირველი თაობის ვაქცინები მორგებული იყო იმ პერიოდში გავრცელებულ
შტამებზე და პრაქტიკულად ვერ იცავდა, ან ნაკლებად იცავდა „ომიკრონის“
შტამისგან. სადღეისოდ უკვე შემუშავებულია ახალი თაობის ვაქცინები,
რომლებიც „ომიკრონის“ შტამზეა მორგებული. უფრო სწორად, ეს ვაქცინები
ყველა არსებული შტამისგან იცავს პაციენტს, მათ შორის „ომიკრონის“
ქვევარიანტებისგან. ეს ვაქცინები საქართველოში ჯერ შემოტანილი არ
არის. რამდენადაც ვიცი, მოლაპარაკება მიმდინარეობს და ახალი თაობის
ვაქცინებს შემოიტანენ.
მოსახლეობისადმი ჩემი რჩევა იქნება, რომ როგორც კი ახალი თაობის
ვაქცინები შემოვა, პირველი თაობის ვაქცინებისადმი დამოკიდებულება, რომ
იყო ისეთს ნუ გამოიჩენენ, მეტი მოტივაცია გამოვამჟღავნოთ და მეტი
ადამიანი აიცრას“,- აღნიშნა ცერცვაძემ.