EUMM (ევროკავშირის სადამკვირვებლო
მისია საქართველოში) ევროკავშირის შეუიარაღებელი სამოქალაქო
სადამკვირვებლო მისიაა. მისია 2008 წლის სექტემბერში გამოიგზავნა, მას
შემდეგ, რაც ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა ექვსპუნქტიან
შეთანხმებას, რომელმაც რუსეთ საქართველოს აგვისტოს ომი დაასრულა.
მისიის ძირითადი ამოცანებია:
• საომარი მოქმედებების განახლების თავიდან აცილების
უზრუნველყოფა;
• აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული საზღვრების ორივე
მხარეზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალური
საცხოვრებელი პირობების აღდგენის ხელშეწყობა;
• კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენა;
• საქართველოსა და რეგიონის შესახებ ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი
სტრუქტურების ინფორმირება.
აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველომ რუსეთთან მიმართებაში ცალმხრივად
აიღო ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, რუსეთი კი უარს აცხადებს
ამგვარი ვალდებულების აღებაზე.
მას შემდეგ, რაც სადამკვირვებლო მისიამ საქმიანობა დაიწყო, იგი
ახორციელებს 24-საათიან პატრულირებას და განსაკუთრებულ ყურადღებას
სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე
ტერიტორიებს უთმობს. მისიაში 200-მდე დამკვირვებელი მუშაობს
ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნიდან. სათავო ოფისი თბილისში
მდებარეობს, ხოლო რეგიონული ოფისები – გორში, მცხეთასა და ზუგდიდში.
EUMM-ის მანდატი ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. თუმცა,
სამწუხაროდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის განხორციელების
საშუალება დღემდე არ ეძლევათ.
წყარო: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის
შესახებ.