"ფორუმი" - ციხისჯვარში
„ფორუმს“ ამჯერად სოფელმა ციხისჯვარმა უმასპინძლა, ციხისჯვარი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან ზონაში მდებარე დასახლებაა და ეთნიკური ბერძნებით არის დასახლებული. სოფელში მიგრაციის მაღალი მაჩვენებელია. ადგილობრივები ტოვებენ საკუთარ სახლებს და ოჯახებით საცხოვრებლად საბერძნეთში მიდიან, მშობლიურ სოფელს კი ზაფხულობით სტუმრობენ. სოფელში ხელისუფლებასა და ხალხს შორის შეხვედრისათვის ერთადერთი მოწესრიგებული შენობა, სოფლის საჯარო სკოლა გამვიყენეთ.
ადგილობრივებს ბორჯომის თვითმმართველობის პირველი პირები შეხვდნენ და სოფელში არსებულ მთავარ გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრა პროექტის ფარგლებში „თანამონაწილეობა უკეთესი შედეგისათვის“ შედგა.



ციხისჯვარში მცხოვრებლების მთავარი პრობლემა სოფლის შიდა გზებია, ადგილობრივები ამბობენ, რომ გადაადგილება შეუძლებელია, განსაკუთრებით წვიმიან და თოვლიან ამინდში.
ამის გამო, ხშირად საჭირო დროს, პაციენტამდე მისვლა აგვიანდება სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.



უკვე დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება ბაკურიანიდან ციხისჯვრამდე მისასვლელი ცენტრალური გზის მოსაფალტება, რაც აქამდე ადგილობრივების მთავარი გამოწვევა იყო, ამის გამო ციხისჯვრელებმა საპროტესტო აქციაც გამართეს და მთავრობას გზის მოწესრიგება მოსთხოვეს.

სასმელი წყალი ციხისჯვარში ქუჩაში იღვრება, მოსახლეობას კი არ ჰყოფნის, ეს დაზიანებული სისტემის და ძველი წყლის მილების გამო ხდება. სოფელს არა აქვს საბავშვო ბაღი და არცერთი ციხისჯვრელი ბავშვი ბაღში არ დადის, მშობლები ამბობენ, რომ პატარებს უჭირთ სკოლაში მისვლა და აქვთ ინტეგრაციის პრობლემა.

გადაცემის ბმული სომხურ ენაზე    https://www.youtube.com/watch?v=43SRHORBN2o&t=67s

პროექტს ახორციელებს ა.ო „სამცხე ჯავახეთის მედია ცენტრი“, “ევროპის ფონდის” მხარდაჭერით, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.


Print