სოფელ დაბაში უკვე მეოთხე წელია კენკროვანი კულტურების, განსაკუთრებით კი მარწყვის უხვი მოსავალი მოჰყავთ. აქ მცხოვრებმა ირმა მაღრაძემ კენკრის მოყვანა პროექტის ფარგლებში დაიწყო და მზარდ ბიზნესად აქცია. ამ ეტაპზე 4 სხვადასხვა ჯიშის მარწყვი აქვს, 1 კილოგრამის ფასი 4 ლარიდან იწყება. მის მსგავსად ამავე სოფელში მარწყვის ბაღი კიდევ რამდენიმე ფერმერს აქვს. ისინი ერთ კოოპერატივში გაერთიანდნენ და ბიზნესის გაფართოებასაც ერთიანი ძალებით გეგმავენ.