შემთხვევა ბორჯომში, სოფელ ყვიბისის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. ხაშურიდან ბორჯომის მიმართულებით მოძრავმა TOYOTA-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა, რომელიც სავარაუდო ინფორმაციით ადგილობრივია, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ მაშველები და სამართალდამცავები.
გავრცელებული ინფორმაციით, მანქანას 35 წლამდე ასაკის ახალგზარდა ქალი მართავდა. დაზარალებული - მგზავრების გარეშე გადაადგილდებოდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა, პრევენციის მიზნით კი მისი გადაყვანა ბორჯომის სამედიცინო ცენტრში მოხდა. ამ დრომდე ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და როგორც აცხადებენ, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
შსს-ს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ითვალისწინებს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.