ბორჯომში ბოლო პერიოდში, რეინჯერებსა და ტყის მცველებზე გახშირებულ თავდასხმის ფაქტებს, სახეობათა კონსერვაციის ცენტრი ‘ნაკრესი“ განცხადებით გამოეხმაურა. „მიგვაჩნია რომ დღევანდელი ვითარება შესაბამისი უწყებებისა და სასამართლოს მხრიდან მანამდე მომხდარ შემთხვევებზე არასათანადო და არაეფექტური რეაგირების შედეგია. დამნაშავეთა დაუსჯელობა ან არასათანადოდ დასჯა ხელს უწყობს ამ ტიპის დანაშაულის წახალისებას, რეინჯერებში კი იწვევს დაუცველობის განცდას. აუცილებელია რომ თუნდაც ბოლო ფაქტი სრულად იქნას გამოძიებული, დამნაშავეები გამოვლენილნი და სათანადოდ დასჯილნი, რათა დაცული ტერიტორიების თანამშრომლებს, როგორც ბორჯომში ისე მთელ საქართველოში მიეცეთ ნორმალური მუშაობის საშუალება და მაქსიმალურად იყოს დაცული მათი უსაფრთხოება“ - ნათქვამია განცხადებაში.