პარტიის რიგით IV ყრილობაზე დელეგატებმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი ერთხმად აირჩიეს.
„მჯერა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ და ამის რწმენას მაძლევს ჩვენი ერთობა, განახლებული გუნდი, განახლებული ენერგია, კონკრეტული გეგმები და მკაფიო ხედვა, რომელსაც ენდობა ჩვენი ხალხი და ეჭვი არ შეაქვს, რომ ,,ქართული ოცნების“ ყველა ნაბიჯი ჩვენი სამშობლოს სიძლიერეს ემსახურება. ჩვენ მივაღწევთ დასახულ მიზანს და ქვეყნის სტაბილური განვითარებით მოვუტანთ კეთილდღეობას ყველას.
როგორც პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მე დარწმუნებული ვარ, ,,ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და ამით ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრთა განახლებული შემადგენლობა პარტიამ დღევანდელ ყრილობაზე დაამტკიცა.
პოლიტიკურ საბჭოში რჩებიან პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ვოლსკი, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ტრიპოლსკი, თემურ ჭკუასელი, დავით საგანელიძე და ნოდარ ხადური, ასევე პოლიტიკურ საბჭოს უერთდება პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.
რაც შეეხება პოლიტსაბჭოს ახალ წევრებს, ესენი იქნებიან: დავით ბაქრაძე, დავით კოღუაშვილი, მამუკა მდინარაძე, ირინე ფრუიძე, რომან კაკულია, სოფიო კილაძე, აკაკი ზოიძე და ზვიად გონაძე.