სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოიწონა, თუმცა სოფელ კორტანეთში მოასფალტებული გზის ხარისხით უკმაყოფილო დარჩა. აკაკი მაჭუტაძემ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, რომელმაც სამუშაოები შეასრულა, შენიშვნები მისცა და ხარვეზის გამოსწორება მოსთხოვა. შესრულებული სამუშაოები დაიწუნეს ადგილობრივებმა და გამგეობის წარმომადგენლებმაც. სოფელში 680 მეტრიანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში კომპანია ჰედეფ ჯორჯია ახორციელებდა, მასთან კომენტარის ჩაწერა დღეს ვერ მოხერხდა. სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან 94 444 ლარით უნდა დაფინანსებულიყო.