ქორწინების საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო
ცვლილებების პროექტი პარლამენტში ინიცირებულია. პროექტი პარლამენტის
ბიუროს დღეს 80 დეპუტატის ხელმოწერით წარედგინა.
ხელმოწერები პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტს მათი ნამდვილობის დადგენის მიზნით გადაეცა. როგორც კი ეს
პროცესი დასრულდება, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო
განხილვის კომისია შეიქმნება.
პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის 36-ე მუხლის 1-ელი პუნქტი
შემდეგი შინაარსით ჩამოყალიბდება: - ქორწინება, რომელიც არის ოჯახის
შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, მეუღლეთა
უფლებრივ თანასწორობას ემყარება.
პროექტის ავტორი უმრავლესობაში შემავალი შემდეგი ფრაქციებია:
"ქართული ოცნება", "ქართული ოცნება - კონსერვატორები", "ქართული
ოცნება - მრეწველები", "ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმი". პროექტის
ინიციატორი კი 80 დეპუტატია – მათ შორის არიან ფრაქცია "თავისუფალი
დემოკრატების" წევრები.