სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და
სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე სოფლის
მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების - სსიპ სურსათის
ეროვნული სააგენტოს და სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს
ლაბორატორიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურების თანამშრომლებს
შეხვდნენ და მათ საქმიანობას ადგილზე გაეცნენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ
სამსახურში დასაქმებულია 30-მდე სპეციალისტი, რომლებიც ყოველდღიურ
რეჟიმში სასურსათო ბაზრის კონტროლს, ცხოველთა ჯანმრთელობისა და
მცენარეთა დაცვისთვის აუცილებელ ღონისძიებებს ახორციელებენ. შესაძლო
რისკების თავიდან აცილების მიზნით, რეგიონში მნიშვნელოვნად გაზრდილია
ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლი. მიუხედავად იმისა, რომ
რეგიონში წვრილფეხა პირუტყვის ჭირი არ გამოვლენილა, დაავადების
საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაციის პირველი ეტაპი უკვე
ჩატარდა. რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს შხამ-ქიმიკატების და
აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების აღწერა და კარტოფილის
საწყობების საკარანტინო მავნებლებზე შემოწმება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი
2014 წელს გარემონტდა, კეთილმოეწყო ეზო, აშენდა ვაქცინების შესანახი
სამაცივრე საწყობი, ავტოპარკს დაემატა 5 ახალი ავტომანქანა (აქედან 3
მაღალი გამავლობის) და 4 სპეცავტომობილი სამაცივრე დანადგარით
(ვაქცინებისა და პათმასალის გადასატანად). საჭირო აღჭურვილობითა და
ინვენტარით უზრუნველყოფის შემდეგ, სურსათის ეროვნული სააგენტოს
თანამშრომელთა საქმიანობა უფრო ეფექტიანი გახდა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია 2014
წლიდან ინტენსიურად მუშაობს რეგიონულ დონეზე ლაბორატორიული კვლევების
სპექტრის გაფართოებაზე, ახალი მეთოდების ვალიდაციაზე და აკრედიტაციის
სფეროში დამატებაზე; ლაბორატორიაში დაინერგა სურსათის და წყლის
მიკრობიოლოგიური და ქიმიური კვლევები, ხორციელდება ცხოველთა
დაავადებების (მათ შორის განსაკუთრებით საშიში ინფექციების) პირველადი
და დამადასტურებელი დიაგნოსტიკა. 2015 წელს გამოკვლეული ნიმუშების
რაოდენობა წინა წლებთან შედარებით 345%-ით გაიზარდა. 2015 წლის
იანვრიდან ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ ISO 17025
საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო. ლაბორატორიაში 11 სპეციალისტია
დასაქმებული.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურების თანამშრომლებთან შეხვედრას
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და
აღნიშნული უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.