პრობაციის ეროვნული სააგენტოს დახმარებით, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში პრობაციონერები დასაქმდნენ.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი – სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დახმარებით, ასპინძაში, საგარეჯოში, ყვარელში, დედოფლისწყაროსა და გურჯაანში პირობით მსჯავრდებულები დასაქმდნენ.
სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს შუამდგომლობით, პრობაციონერმა ბ. ა-მ ასპინძის მუნიციპალიტეტის მელიორაციის სადგურის დარაჯად დაიწყო მუშაობა.
საგარეჯოს პრობაციის ოფისში ჩატარებული ინდივიდუალური გასაუბრებისას, პირობით მსჯავრდებულმა ვ. ნ-მ პრობაციის ოფიცერს შრომით მოწყობაში დახმარება სთხოვა. კახეთის პრობაციის ბიურომ პრობაციონერის დასაქმების რეკომენდაციით, შპს ”გაზ-ტექმშენს” მიმართა, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს. კომპანიამ ვ. ნ დაასაქმა.
ასევე, კახეთის პრობაციის ბიუროს რეკომენდაციით ყვარელში მოქმედ ხის სახერხ საამქროში გ. კ. გურჯაანში მოქმედ ავტოსამრეცხაოში- ი.კ. ხოლო დედოფლისწყაროში არსებულ ღვინის ქარხანაში ვ.ჯ. დასაქმდნენ.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით, 2016 წელს უკვე 41 პრობაციონერი დასაქმდა.