ახალდაბაში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ცეცხლი დღეს 1 ჰექტრამდე ფართობს ეკიდა. ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე მობილიზებული იყო შსს ბორჯომის და ახალციხის საგანგებო სიტუაციების სამსახურის სამაშველო ბრიგადები. მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობაში ეხმარებოდნენ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერებიც. რთული რელიეფის გამო გართულდა ტექნიკის ადგილამდე მიყვანა.
"ბორჯომის სახანძრო-სამაშველო სამსახურში შეტყობინება 14:18 საათზე შემოვიდა, ჯგუფი ადგილზე მალევე გამოცხადდა. ცეცხლი ბალახს და ფოთლებს ეკიდა. რთული რელიეფი იყო და ტექნიკის ადგილამდე მიყვანა გაგვირთულდა. ცეცხლის ჩაქრობაში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორი და მისი რეინჯერებიც გვეხმარებოდნენ. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია" - განაცხადა ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას, შსს ბორჯომის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა - ლევან ხუციშვილმა.
"ცეცხლის გაჩენის შესახებ შეტყობინება ჩვენ მოსახლებისგან მივიღეთ. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური მალევა გამოცხადდა. ცეცხლი ფოთლოვან ხეებზე იყო მოდებული. აღნიშნული ტერიტორია დასახლებული ზონიდან მოშორებით მდებარეობს, შესაბამისად ცეცხლის მოსახლეობამდე გავრცელების საშიშროება გამორიცხული იყო. ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი არ ვიცით, თუმცა სავარაუდოდ მოსახლეობის მხრიდან დაუდევრობა სახელდება" - განაცხადა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორმა - ლევან თაბუნიძემ.