ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს მასშტაბით სამეწარმეო და ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული მორიგი დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა. კერძოდ, სახელმწიფოს წინაშე არსებული მილიონობით ლარის საგადასახადო ვალდებულებისაგან თავის არიდების მიზნით, მოჩვენებითი გარიგებით, ქონების გადამალვის ფაქტზე, ათეულობით საწარმოს 13 ხელმძღვანელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
გამოძებით დადგენილია, რომ თბილისსა და სხვადასხვა რეგიონებში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტის მიერ, არსებული საგადასახადო ვალდებულებების და საგადასახადო კონტროლის ღონისძიების - ინვენტარიზაციის შედეგად დარიცხული ჯარიმების გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, სისტემატურად ხდებოდა ახალი საწარმოების რეგისტრაცია მათი ოჯახის წევრებზე და სხვა მათთან დაკავშირებული პირების სახელზე. რის შემდეგადაც, დაჯარიმებული საწარმოების ხელმძღვანელები ახლადდაფუძნებული საწარმოებით აგრძელებდნენ იგივე ბიზნეს საქმიანობას და საგადასახადო ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, საწარმოებზე მოჩვენებითი გარიგებით საქონლის გადაწერის გზით ახორციელებდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების გადამალვას, რითაც სახელმწიფოს მოუსპეს შესაძლებლობა ბიუჯეტში მიმართულიყო ჯარიმის სახით დარიცხული თანხა. უკვე გამოვლენილია აღნიშნული გზით საწარმოების ხელმძღვანელების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული 1 880 000 ლარის ოდენობის ზიანი. ინტენსიურად გრძელდება გამოძება სხვა საწარმოების ხელმძღვანელი პირების დადგენა-მხილების მიზნით, რომლებიც ანალოგიური სქემით აყენებენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანს სახელმწიფო ბიუჯეტს.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.