სასტუმრო ინდუსტრიის შემდგომი განვითარების მიზნით,
მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ახალი კომპონენტი
„უმასპინძლე საქართველოში“ ამოქმედდა.
1-ელ მარტს მშენებარე სასტუმროში „ინტერკონტინენტალი“ აღნიშნული
კომპონენტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ხელისუფლების,
დიპლომატიური კორპუსის, დონორი ორგანიზაციებისა და სასტუმრო
ინდუსტრიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროგრამის მონაწილეებს შეეძლებათ, ისარგებლონ ახალი სასტუმრო
ინდუსტრიის განვითარების კომპონენტით, შესაბამისად წამოიწყონ საკუთარი
ბიზნესი, მოიზიდოს მეტი დამსვენებელი, შექმნან სამუშაო ადგილები და
ხელი შეუწყონ რეგიონის განვითარებას.
პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა.
„დღევანდელი პროგრამა უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ეს პირდაპირ
კავშირშია ტურიზმის განვითარებასთან. ჩვენ გვაქვს ვიზიტორების მზარდი
რაოდენობა. უკანასკნელ რამდენიმე თვეში განსაკუთრებით პოზიტიური
დინამიკა შეინიშნება და ინფრასტრუქტურამ უნდა აუწყოს ფეხი ამ
დინამიკას. აღნიშნული პროგრამის მიხედვით, რეგიონებში ბიზნესწრეების
წარმომადგენლებს, ჩვენს მოსახლეობას ექნება საშუალება ახალი სასტუმრო
კომპლექსები დააფინანსონ სახელმწიფოსთან ერთად. სახელმწიფო მოახდენს
ამ პროექტების თანადაფინანსებას. ეს პროგრამა იწყება იმ დროს, როდესაც
ჩვენ დავაანონსეთ ახალი პროგრამა, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
კომპონენტია საქართველოს რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარება.
პროგრამა. "უმასპინძლე საქართველოში" მიხედვით, სასტუმროებს საშუალება
ექნებათ, გააფორმონ ხელშეკრულებები საერთაშორისო ბრენდებთან და
სახელმწიფო მოახდენს ამ ხელშეკრულებების თანადაფინანსებას," -
განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა მუშაობს 4-სეზონიანი კურორტების
განვითარების მიმართულებით, იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, როგორც
მთის კურორტებზე, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით, მუშავდება ახალი
ტურისტული პროდუქტები.
„მთავრობის სხდომაზე მივიღეთ დადგენილება, რომ განვავითაროთ და
კომპლექსურად შევისწავლოთ ბახმაროს კურორტის არსებული ინფრასტრუქტურა,
შესაძლებლობები და დავდოთ განვითარების გეგმა, მაგრამ ბახმარო არ
იქნება ერთადერთი მიმართულება, რომელზეც მთავრობა უახლოეს მომავალში
იმუშავებს. არსებობს უამრავი საინტერესო მიმართულება მთელი
საქართველოს მასშტაბით. ეს იქნება კურორტი ლებარდე, აბასთუმანი და
სხვადასხვა ახალი მიმართულებები, რომელზეც ჩვენ ძალიან აქტიურად
ვიმუშავებთ," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე განმარტებით, ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს
პირდაპირი ფრენების განვითარების მიმართულებით და წელს კომპანია
"ვიზეარი" საქართველოში პირველ რეგიონულ ბაზას გახსნის.
ახალი კომპონენტის - „უმასპინძლე საქართველოში" დეტალური სქემა
ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წარუდგინა. მისი
განცხადებით, აღნიშნული კომპონენტის დახმარებით, იმ კომპანიებს,
რომელთაც უნდათ სასტუმროების განვითარება, შეეძლებათ, მიიღონ
სახელმწიფოს მხრიდან კომერციულ ბანკში აღებული სესხის პროცენტის
თანადაფინანსება პირველი ორი წლის განმავლობაში, ასევე
თანაუზრუნველყოფა სესხის 50%-ის ოდენობით.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, აღნიშნული მექანიზმი მეწარმისთვის
შესაძლებელს ხდის ისარგებლოს ბიზნესისთვის აუცილებელი შეღავათიანი
საკრედიტო რესურსით და ბანკების მხრიდან უზრუნველყოფის ნაწილში
ამცირებს პროექტის შეფასების რისკებს, რითაც მეწარმეს უფრო უადვილებს
კომერციული ბანკის სესხის მიღების პროცესს.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, 2016 წლის ორი თვის მონაცემებით, წინა
წელთან შედარებით საქართველოში 16-პროცენტით მეტი საერთაშორისო
ვიზიტორი შემოვიდა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ტურიზმის წილი
მთლიან შიდა პროდუქტში შეადგენს 7%-ს, ტურიზმის სფეროსთან
დაკავშირებული დასაქმების წილი საერთო სამუშაო ადგილების რიცხვის
დაახლოებით 11 %-ს უტოლდება.
ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 2014 წელს ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმის
სფეროდან შემოსული თანხა 1.8 მილიარდ დოლარს გაუტოლდა, 2015 წლის
პირველი სამი კვარტლის მონაცემებით კი ტურისტული მომსახურებების
ექსპორტის ჯამურმა ღირებულებამ 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
2009-2014 წლების შუალედში ტურიზმის ექსპორტის საშუალო ყოველწლიური
ზრდის მაჩვენებელი 27%-ს შეადგენდა. შესაბამისად, დიმიტრი ქუმსიშვილის
შეფასებით, ტურიზმი ცალსახად წარმოადგენს საქართველოში უცხოური
ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვან წყაროს.
თავის პრეზენტაციაში ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე
ისაუბრა საქართველოს ტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე, რომელიც 2025
წლამდეა გაწერილი და კონკრეტული შედეგების მიღწევას ისახავს
მიზანს.