ადიგენის მუნიციპალიტეტი, საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ, ამჯერადაც რელიგიური ნიშნით დაპირისპირების გამო მოექცა. სოფელ ადიგენში, მუსლიმი და ქრისტიანი მოსახლეობა, ერთმანეთს ახალი სასაფლაოს გახსნის გამო, 29 თებერვალს დაუპირისპირდა. მცირე დაზიანებები მიიღო რამდენიმე ადამიანმა, ავთანდილ იაკობაძე კი წუხელ საავადმყოფოში გადაიყვანეს და თავზე სამი ნაკერი დაადეს.
რელიგიურ ნიადაგზე თანასოფლელების დაპირისპირებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას გაუგებრობას უწოდებენ სოფელ ადიგენის ქრისტიანი მაცხოვრებლები. მომხდარში გამგებელს, ზაქარია ენდელაძეს ადანაშაულებენ. ისინი ირწმუნებიან, რომ დაზარალებული ავთანდილ იაკობაძისთვის მათ არ დაურტყამთ.
ვანდალური აქტი და მუსლიმების დისკრიმინაცია – ასე შეაფასა სამცხე–ჯავახეთის მუფთმა გუშინ, სოფელ ადიგენში მომხდარი ფაქტი. მამუკა ვაშაყმაძე და ჭელის მეჩეთის წინამძღვარი შემთხვევის ადგილზე დღეს მივიდნენ. ისინი გუშინდელი ინციდენტის მონაწილეების დაუყონებლივ დასჯასა და სასაფლაოსთვის მიწის გამოყოფას მოითხოვენ.
ქრისტიანი და მუსლიმი მოსახლეობის დაპირისპირების მიზეზი რელიგიის საბჭოს გადაწყვეტილება გახდა, რომლითაც მუსლიმებს მიეცათ უფლება, რომ სოფელში, მოქმედი სასაფლაოსგან განცალკევებით, ახალი სასაფლაო გაეკეთებინათ. რელიგიის საბჭოს, ცალკე სასაფლაოს გაკეთების თხოვნით, ადგილობრივმა მუსლიმებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც სოფელში მცხოვრები მუსლიმი, ქრისტიანულ სასაფლაოზე არ დააკრძალინეს. ისინი იძულებულები გახდნენ, რომ მიცვალებული მეზობელ სოფელში დაესაფლავებინათ.
მუსლიმი თემი სასაფლაოსთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფას ითხოვს, ადგილობრივი ქრისტიანები კი ამბობენ, რომ ამას არ დათანხმდებიან. ისინი თანასოფლელებს სთავაზობენ, რომ გარდაცვლილები ერთად დაკრძალონ.
ინციდენტის მეორე დღეს, სოფელ ადიგენში ძალოვანი უწყებისა და ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლები ჩავიდნენ. შსს–ომ გუშინ მომხდარი ფაქტის მოკვლევა დაიწყო. მომხდარს, სოცილურ ქსელში გამოეხმაურა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო და აშშ–ის ელჩი. ადიგენში ვითარებას შეისწავლიან ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლებიც.
წყარო: ტელეკომპანია "მეცხრე არხი"