ევროპა ჩვენში
ევროკავშირის ნარკოვითარების მონიტორინგის სააგენტოსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პროექტი განხორციელდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ევროკავშირის სააგენტოს „ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრს“ (EMCDDA) შორის თანამშრომლობა მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნარკოპოლიტიკის დახვეწისა და ნარკოვითარების მონიტორინგის გაძლიერების მიზნით აქტიურად მიმდინარეობს.


აღნიშნული სექტორული თანამშრომლობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარეობს და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.


სწორედ ევროპულ სააგენტოსთან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმატებული და ინტენსიური თანამშრომლობის პოზიტიურ გაგრძელებას წარმოადგენდა პირველი ორმხრივი პროექტის (EMCDDA4GE) განხორციელება, რომელიც ექსკლუზიურად მხოლოდ საქართველოსა და EMCDDA-ს შორის შედგა. ევროპულ სააგენტოს ამგვარი თანამშრომლობის გამოცდილება მესამე სახელმწიფოთაგან მხოლოდ საქართველოსთან აქვს.


აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის სააგენტოებთან სექტორული თანამშრომლობის გაძლიერებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გამყარების მიზნით 2022 წლის სექტემბერში იუსტიციის სამინისტროსა და EMCDDA-ს შორის სამუშაო შეთანხმება გაფორმდა, რომელიც ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკისა და მონიტორინგის მექანიზმების დახვეწას და გადაწყვეტილების მიმღები პირების მტკიცებულებებით ინფორმირებას ისახავს მიზნად.


პროექტის დახურვის ღონისძიება იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა გახსნა და გაწეული დახმარებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა როგორც ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში, ისე EMCDDA-სა და პროექტის გუნდს.


ღონისძიებას თემატური უწყებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


დაბალანსებული, ადამიანის უფლებების დაცვასა და კვლევა-ანალიზზე დამყარებული ნარკოპოლიტიკის განხორციელება იყო და რჩება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად. იუსტიციის სამინისტრო ამ მხრივ აქტიურ თანამშრომლობას კვლავ გააგრძელებს EMCDDA-თან.


Print