ევროპა ჩვენში
ევროკავშირი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად 1 მილიარდ ევროს გამოყოფს
ევროკავშირმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად 1 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

თანხა “მშვიდობის ევროპული ფონდიდან” გამოიყოფა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 155 მმ საარტილერიო ჭურვებისა და საჭიროების შემთხვევაში, რაკეტების შესაძენად. მათი შეკვეთა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და ნორვეგიაში მდებარე მწარმოებლებისგან მოხდება, თუმცა კომპონენტების შეძენა სხვა ქვეყნებშიც იქნება შესაძლებელი.

“უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საბრძოლო მასალის მნიშვნელოვანი რაოდენობა სჭირდებათ უკრაინელი ხალხისა და ტერიტორიის დასაცავად. სწრაფად სჭირდებათ. წინა გადაწყვეტილებასთან ერთად, რომ არსებული მარაგებიდან ოპერატიულად მივაწოდოთ საბრძოლო მასალა, ამ მიზნებისთვის 2 მილიარდ ევროს გამოვყოფთ, რითაც უკრაინისთვის ევროკავშირის მთლიანი სამხედრო დახმარება 5.6 მილიარდ ევრომდე აგვყავს”, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა.

აღინიშნება, რომ ამ თანხით მოხდება იმ კონტრაქტების დაფინანსება, რომლებიც არაუგვიანეს 2023 წლის 30 სექტემბერს დაიდება.




Print