ევროპა ჩვენში
65 ადგილობრივი კომპანია გაზის შესყიდვისთვის ევროკავშირში პარტნიორს ეძებს
ევროკავშირში გაზის შესყიდვის სურვილსა და პოტენციურ მიმწოდებლებთან თანამშრომლობისთვის მზაობას 65 კომპანია გამოთქვამს. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" აქვეყნებს. სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული კომპანიები დარეგისტრირებულნი არიან ევროკავშირის სპეციალურ სქემაში, რომლის მიზანიც გაზის პოტენციური მყიდველებისა და მიმწოდებლების დაკავშირებაა.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირი რუსულ გაზს აღარ იღებს, გაერთიანებამ გადაწყვიტა, ერთობლივად შეისყიდოს ენერგორესურსი. ამასთან, ევროკავშირი მომავალი ზამთრისთვის ემზადება და მარაგების შევსება თითქმის სრულად სურს. მთავარი მიზანია გაზის დეფიციტის თავიდან აცილება, რათა ენერგორესურსებზე ფასები ძლიერად არ გაიზარდოს. ბუნებრივი გაზის შესყიდვის აღნიშნული პლატფორმაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ამჟამად სქემაში 101 კომპანიაა დარეგისტრირებული, რომელთაგან 65 გამოთქვამს მზაობას, შეისყიდოს გაზი.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, მაროს სეფკოვის, განცხადებით, ევროკავშირში კომპანიები გაზის პოტენციურ მიმწოდებლებს, გარდა რუსული ფირმებისა, საერთაშორისო არენაზე მოიძიებენ.

მომდევნო ეტაპი მყიდველებისა და მიმწოდებლების დაკავშირებაა: 17 მაისისთვის ევროკავშირის აღნიშნულ სქემაში შეირჩევიან გაზის პოტენციური მიმწოდებელი კომპანიები, რომელთაც მყიდველი ფირმები დაუკავშირდებიან. რაც შეეხება შესყიდვების კონტრაქტებსა და პირობებს, მიმწოდებელი და მყიდველი კომპანიები მოლაპარაკებების გზით აღნიშნულ დეტალებს თავად განსაზღვრავენ.

ამ დროისთვის ევროკავშირში გაზის მარაგების 60% სავსეა, თუმცა შესაძლო დეფიციტის შესახებ შიში კვლავაც არსებობს. ნოემბრისთვის გაზის მარაგების 90% სავსე უნდა იყოს: ევროკავშირს კი ჯამში 360 მილიარდი კუბური მეტრის გაზი სჭირდება.
Print