covid-19
თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის“ ახალი პარტია საქართველოში უკვე შემოსულია
საქართველოში "პფაიზერის" წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრები განახლდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, ქვეყანაში უკვე შემოტანილია 250 ათასი დოზა ვაქცინა.

"ვაქცინების მომარაგების ჯაჭვი იქნება უწყვეტი, მთავარია მოქალაქე მოვიდეს და მიიღოს ბუსტერ დოზა, რადგან მისი მნიშვნელობა კვლავაც ძალიან მაღალია. ასევე, თუ არ ჩაუტარებია ვაქცინაცია, პირველი და მეორე დოზა [გაიკეთოს]", - თქვა თამარ გაბუნიამ.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს "პფაიზერის" წარმოებული მილიონი დოზა ვაქცინა აქვს შეკვეთილი, დანარჩენი ნაწილი კი ეტაპობრივად შემოვა ქვეყანაში.

"პფაიზერის" წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ერთადერთია იმ ჩამონათვალში არსებული ვაქცინებიდან, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის არის ხელმისაწვდომი და აღიარებს ევროკავშირის ქვეყნებიც. თითქმის ერთი კვირაა, რაც ამ ვაქცინის გაკეთება შეუძლებელია - უკვე არსებულ დოზებს ვადა გაუვიდათ.

ამ ეტაპზე რეგისტრაცია და აცრა შესაძლებელია მხოლოდ ჩინური წარმოების ორი სახის ვაქცინით - "სინოფარმითა" და "სინოვაკით".
როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, არსებული ვაქცინების რაოდენობა საკმარისია, რათა ზაფხულის შუა რიცხვებამდე აცრის მაჩვენებელი სამიზნე ნიშნულზე - 65%-ზე ავიდეს


საქართველოში, 5 აპრილის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 862 482 აცრა.სრულად ვაქცინირებულია 18 წელს გადაცილებული 1 257 404 ადამიანი, მათგან "ბუსტერ" დოზა გაიკეთა 239 892-მა.
Print