covid-19
რესტორატორები მწვანე ბარათის გაუქმებას ითხოვენ
რესტორნების მფლობელები თვლიან, რომ "მწვანე ბარათი" ფუნქციას ვერ ასრულებს და მისი გაუქმების მოთხოვნით გამოდიან. ამის შესახებ "საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

ბურჯანაძის განმარტებით, დღეს ეპიდვითარება თვითმართვის რეჟიმზეა და ამ პირობებში მხოლოდ რესტორნებისთვის „მწვანე ბარათის“ სახით შეზღუდვების მოქმედება სფეროს და ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად აზარალებს.

„დღეს ინფიცირების 18 000-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს და აბსოლუტურად ყველაფერი გახსნილია. რაც შეზღუდულია, ეს სარესტორნო ბიზნესია, რაც ინფიცირების გავრცელების შეჩერებაში რაიმე როლს არ თამაშობს. დღეს „მწვანე პასპორტთან“ დაკავშირებული შეზღუდვები არაფრის მაქნისია და ეს ფურცელზე დაწერილი ფიქციაა. ამით მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკა ჩერდება, იხურება რესტორნები და დასაქმებულები სამუშაო ადგილებს კარგავენ, ჩვენი სფეროდან პროფესიონალი კადრების ძალიან დიდი გადინებაა, რომლებიც 20 წლის განმავლობაში პროფესიულად იზრდებოდნენ. მხოლოდ და მხოლოდ ცუდი შედეგები გვაქვს. პრობლემა ძალიან დიდია და უაზრო სანქცია, რომელიც არაფერს აკეთებს, მხოლოდ ეკონომიკას აფერხებს. თუ სფეროს შევეხებით, ძალიან ბევრი ობიექტი იხურება და ბევრი ადამიანი კარგავს სამუშაოს“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

ის თვლის, რომ სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ბურჯანაძე „მწვანე ბარათის“ იდეის მომხრეა, თუმცა ფიქრობს, რომ საქართველოში ეს იდეა სწორად არ მუშაობს. არალოგიკურად მიიჩნევს იმას, რომ „მწვანე სტატუსი“ მხოლოდ სტუმარს მოეთხოვება და არა რესტორანში დამხვედრ პერსონალს.

„მწვანე პასპორტების ისეთი შედეგები უნდა გვქონოდა, რაც იმუნიზაციას მისცემდა ბიძგს და შესაძლებელი გახდებოდა უსაფრთხო ზონების შექმნა. ამიტომ არის ეს ფიქცია, რომ რაც არ უნდა დაიცვან რესტორნებმა ვალდებულება, მაინც დაუცველი ხარ. არაფრის გამკეთებელი არ არის ეს შეზღუდვა. შეგვიძლია კომენდანტის საათიც მივიღოთ, მაგრამ შედეგს ხომ ვერ გამოიღებს? ხომ ვერ დააკავებს ვირუსის გავრცელებას. რა შეზღუდვაც მოქმედებს, ისიც ვერ აკავებს ვირუსის გავრცელებას. იმნაძემ და გამყრელიძემ დღეს იმაზე უნდა იზრუნონ, რომ იმუნიზაციის პროცესი დაჩქარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში "მწვანე პასპორტი" მხოლოდ ბარიერს ქმნის, რაც ეკონომიკას კლავს“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.



Print