covid-19
მულტიორგანული ანთების სინდრომი საქართველოში 60-მდე ბავშვს აღმოაჩნდა-თამარ გაბუნია
კორონავირუსთან დაკავშირებული მულტიორგანული ანთების სინდრომი საქართველოში 60-მდე ბავშვს აღმოაჩნდა. შემთხვევების დიდი ნაწილი იყო მსუბუქი მიმდინარეობის -განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. მისი თქმით აღნიშნული სინდრომით დაავადებული ბავშვების მკურნალობას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.

„მულტიორგანული ანთების სინდრომი, რამდენიმე თვის უკან გახდა ცნობილი ზოგადად სამედიცინო საზოგადოებისთვის, როცა ბრიტანეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს შემთხვევები დაფიქსირდა.

ჩვენთან ამ სინდრომმა ახლა დაიწყო გარკვეულწილად გამოვლენა და დაახლოებით 55-დან 60 შემთხვევამდე არის დაფიქსირებული ჩვენთან. შემთხვევების დიდი ნაწილი იყო მსუბუქი მიმდინარეობის, ყველა საბედნიეროდ დამთავრდა კარგად.

პროტოკოლი 10 ნოემბერს არის მომზადებული პროფესიონალ პედიატრების მიერ, რომელიც ითვალისწინებს სწორედაც ამ სინდრომის მართვას. შემთხვევების დიდი ნაწილისთვის საკმარისია სტანდარტული მკურნალობა, საჭიროა ზოგიერთ შემთხვევაში “მონოგლობულინგი”, რომელიც აქვს იმ კლინიკებს, რომლებიც ამ მედიკამენტს იყენებდნენ მანამდეც.

გუშინ მქონდა იაშვილის კლინიკასთან საუბარი და მათთან ამ მედიკამენტის დეფიციტი არ არის და ბავშვებს როდესაც დასჭირდებათ, რა თქმა უნდა, შეუძლიათ ამის გამოყენება. რაც შეეხება დაფინანსებას, სახელმწიფო კოვიდთან და მასთან დაკავშირებულ სინდრომებთან ასოცირებულ ხარჯებს აფინანსებს ფაქტიური ანაზღაურებით.

ეს მედიკამენტი აფთიაქში არ უნდა ვეძებოთ, ეს არის საავადმყოფოს პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოს შესაბამის შემთხვევებში მედიკამენტზე წვდომა პაციენტისთვის და ხარჯების ანაზღაურება არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, ამდენად ბაზარზე და მით უფრო “შავ ბაზარზე” არავინ არ შეეცადოს მოძიებას. მოხდება მკურნალობის სრულად დაფინანსება, ხარჯებს წარმოადგენენ და მოხდება სრულად დაფინანსება”,
- განაცხადა გაბუნიამ.

Print