covid-19
რა დამატებით შეზღუდვებს შემოიღებს მთავრობა დღეს გახდება ცნობილი
პანდემიის გამო გასატარებელი დამატებითი შეზღუდვების შესახებ საზოგადოებისთვის დღეს გახდება ცნობილი.
არაოფიციალური ცნობით, აიკრძალება ყველა ტიპის მაღაზიის საქმიანობა, გარდა სურსათის მაღაზიებისა, თუმცა ონლაინვაჭრობა ნებადართული დარჩება. შეზღუდვა შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც. 

28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე იკეტება დიდი ბაზრობები, მათ შორის სამშენებლო. ასევე იკეტება საცურაო აუზები, სპორტდარბაზები, ხოლო  სილამაზისა და სპა სალონებს შეზღუდვა არ ეხება.
ბაღი, სკოლა და ინსტიტუტები სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადადიან;
რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ გატანის სერვისზე;

როგორც ცნობილია, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებთან ერთად კონსულტაციები გამართა, როგორც სამედიცინო სფეროს, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე გასატარებელი დამატებითი შეზღუდვების თაობაზე მსჯელობდნენ. არსებული ინფორმაციით, საუბარია შეზღუდვების 28 ნოემბრიდან შემოღებაზე, რომელიც 24 დეკემბრამდე იმოქმედებს. დეკემბრის ბოლოდან იანვრის დასაწყისამდე, შობა-ახალი წლის გათვალისწინებით, დაგეგმილია შეზღუდვების მოხსნა, თუმცა იანვრის დასაწყისიდან ქვეყანა კვლავ მკაცრი ზომების რეჟიმს დაუბრუნდება.

არაოფიციალური ინფორმაციით 3-დან 15 იანვრამდე ისევ ლოქდაუნი გამოცხადდება, 15 იანვრის შემდეგ ლოქდაუნი უკვე შაბათ-კვირას იმოქმედებს, ხოლო უკვე პირველი თებერვლიდან იგეგმება, გაიხსნას სავაჭრო ცენტრები და რესტორნები.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, 25 ნოემბერს განაცხადა, მთავრობა დააკვირდება ვირუსის გავრცელების ტენდენციას.

"მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ ის შეზღუდვები, რომელსაც ეპიდემიოლოგები და ექსპერტები სთავაზობენ ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობას, არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ამის შემდეგ ველოდებით ინფიცირებულების რაოდენობის მნიშვნელოვან შემცირებას. ეს იქნება ეტაპობრივი, დავაკვირდებით კლების პროცენტს, როგორი იქნება შედეგი. გარკვეული შეფასების შემდეგ, 2 - კვირიანი პერიოდის შემდეგ, ჩვენ შეიძლება შემოვიღოთ მეტად გამკაცრებული სქემა, ან პირიქით შევეცადოთ ეკონომიკური საქმიანობის მოქნილ გრაფიკზე გადაყვანა",-აცხადებს ტიკარაძე.


Print