გარემოს დაცვა
დაბინძურებული მდინარეები და გარემოსდაცვითი უპასუხისმგებლობა
გასულ კვირას, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ამ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბორჯომელმა მოქალაქემ თამთა დაუნჯიშვილმა საკუთარ Facebook გვერდზე ის ვიდეო ატვირთა, რომელიც ქალაქის ცენტრში გადაიღო. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ჰყრის მოქალაქე სამშენებლო ნარჩენებს მდინარეში. ნაგვით სავსე ტომრები, მშენებარე სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ეწყო. თამთამ ამ თემაზე ღიად საუბარი არ ისურვა, თუმცა გვითხრა რომ მომხდარმა გააღიზიანა და ვიდეო რომელიც სამსახურში მიმავალმა გადაიღო, ოფისში მისვლისას, მაშინვე ატვირთა სოციალურ ქსელში.





ვიდეო, 3000-მდე ინტერნეტმომხმარებელმა ნახა, მას კი მოჰყვა ნეგატიური შეფასებები: „აუცილებლად პასუხი უნდა აგოს ამ საქციელზე, სხვა ვეღარ გაბედავს მდინარის დაბინძურებას“, „თავისას ისწორებენ და ბუნება აღარ აინტერესებთ“, და ა.შ. ასეთი სახის კომენტარები დაიწერა, ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ. 



ეს სწორედ ის ტერიტორიაა, საიდანაც ვიდეოა გადაღებული. საცხოვრებელი სახლი, რომელიც დაახლოებით ერთი წელია შენდება, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზეა. ტელეკომპანია „ბორჯომმა“ დეტალების გარკვევა ადგილზე სცადა. მშენებარე ბინის მეპატრონემ მარინა წიქარიშვილმა, რომელიც ბორჯომში ერთ-ერთი ქსელური მაღაზიის წარმომადგენელია, გვითხრა, რომ შემთხვევის დროს ადგილზე არ იყო და დაზუსტებით არ იცის, ტომრები მდინარეში მისმა მშენებლებმა თუ სხვებმა გადააგდეს. წიქარიშვილი მომხდარზე წუხს და ბოდიშს იხდის.

„იმდენი სამშენებლო ნარჩენი გაგვიტანია, რომ ეს შემთხვევითი ამბავია. ეს იყო პირველი შემთხვევა, რატომ მოხდა მე თვითონაც მიკვირს. ბოდიშის მოხდის მეტი არაფერი შეგვიძლია და ყველანაირ სასჯელსაც მივიღებთ, თუ რამე გვეკუთვნის. ესეთი რამ არ მომხდარა და არც განმეორდება. მთელ ქუჩას ვგვი ხოლმე და მე თვითონ ვასუფთავებ გარემოს. რადგან მოხდა ესეთი შემთხვევა თავს დამნაშავედ ვგრძნობ. ადგილზე რადგან იმ დროს არ ვიყავი, ვინ გადააგდო, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, ჩემი ტერიტორიიდან მოხდა და ამ პასუხისმგებლობას ვიღებ” - გვითხრა მარინა წიქარიშვილმა



აღსანიშნავია ისიც, რომ ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში გვითხრეს, რეაგირება მყისიერად მოახდინეს. მათი განმარტებით, ინფორმაცია გარემოსდაცვით ზედმახედველობით დეპარტამენტს მიაწოდეს, რომელსაც უნდა მიეღო შესაბამისი ზომები.

„აღნიშნული ვიდეოს გავრცელებისთანავე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ მაშინვე მოხდა შესაბამისი უწყებისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ამ ფაქტზე მოახდენს, შესაბამის რეაგირებას და კანონის ფარგლებში მოხდება შესაბამისი ზომების გატარება“ - განაცხადეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში.



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მდგომარეობა ადგილზე შეისწავლეს. მათი ინფორმაციით, დაჯარიმდება ხელოსანი, რომელმაც მათთან განაცხადა, რომ არემონტებდა სახლს და მეპატრონესთან შეუთანხმებლად, მდინარეში გადაყარა სამშენებლო ნარჩენები. მტკვრის დაბინძურების ფაქტის სამართალდარღვევა, 200-დან 300 ლარამდე საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წყლის დაცვის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე მუხლის ნაწილი პირველით შეადგინეს ოქმი, რაც წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრას გულისხმობს. საქმის მასალები განსახილველად, ახალციხის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება. აღნიშნული სამართალდარღვევა 200-დან 300 ლარამდე საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს” - განაცხადეს გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტში



რაც შეეხება მდინარის დაბინძურების ფაქტებს. იგივე ქუჩაზე, რომელიც ბორჯომის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს, ერთ-ერთი კერძო ბიზნესის მფლობელი ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები საკმაოდ ხშირია. ნინო მამასტარაშვილის თქმით, გარემოვაჭრეები, რომლებიც ამავე ტერიტორიაზე პროდუქტს ჰყიდიან, დღის ბოლოს ნარჩენებს მტკვარში ჰყრიან.



„გარევაჭრობის ნარჩენები მთლიანად იყრება მტკვარში. ვის რა უნდა ვუთხრათ? შენიშვნა რომ მისცე, აქეთ გაგლანძღავენ და პოლიციას ხომ არ გამოიძახებ? ეტყვი და შეიძლება მეორე მომენტში იგივე გააკეთოს მაშინ, როცა შენ ვერ დაინახავ. ეს არ ხდება ერთჯერადად და ერთ ადამიანზე ჯოხის გადატეხვა, არ არის სწორი. ყველა, ვინც დააბინძურებს გარემოს, შესაბამისად ყველას უნდა მიეცეს გაფრთხილება ან დაისაჯოს. უნდა იზრუნონ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმაც და გარემოს დაცვის სამინისტრომაც, რომ ასეთი ფაქტები აღკვეთონ“ - ამბობს ტელეკომპანია „ბორჯომთან საუბრისას ნინო მამასტარაშვილი.


რაც შეეხება სტატისტიკას. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში წელს, გამოვლინდა 19 ფაქტი, საჯარიმო თანხის ოდენობამ კი 3920 ლარი შეადგინა.
Loading...

Loading...



ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, 1კუბურ მეტრამდე მოცულობის სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანება, გამოიწვევს ფიზიკური პირის 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 500 ლარით დაჯარიმებას. იგივე რაოდენობის ან მასზე მეტი მოცულობის ნარჩენით დაბინძურების შემთხვევაში კი ფიზიკურ პირს 500 ლარის, ხოლო იურიდიულ პირს 1500 ლარის გადახდა მოუწევს.



ნარჩენების მართვის კოდექსი, რომელიც 2015 წლიდან შევიდა ძალაში, CENN-ის ნარჩენების მართვის პროექტების მენეჯერი ამბობს, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, კოდექსის აღსრულების მიზნით. ნინო თევზაძის თქმით, წელს გამოწვევებით სავსე წელია, რაც გულისხმობს სეპარაციის დანერგვას და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების საკანონმდებლო აქტის მიღებას. გარემოსდაცვით არასამთავრობო სექტორში ფიქრობენ, რომ მთავარი ამ ეტაპზე არის სამოქმედო გეგმაში გაწერილი აქტივობების მიყოლა, მათი აღსრულება და შესაბამისი მონიტორინგი. იმისათვის, რომ შემცირდეს გარემოს დაბინძურების ფაქტები, ნინო თევზაძე ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომაზეც საუბრობს და საქართველოში მისი დანერგვის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.




„ნარჩენი რეალურად არის რესურსი, რომელის ეფექტიანი გამოყენება მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკის განვითარების, ისე გარემოს დანაგვიანების პრევენციის კუთხით. ამიტომ განვითარებულ ქვეყნებში სულ უფრო დიდი ყურადღება ეთმობა ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას და გადამუშავებას. ამიტომ საჭიროა, საქართველოც ამ მიმართულებით აქტიურად განვითარდეს, მოხდეს ნარჩენების ხარისხების და გადამუშავების პრაქტიკის დანერგვა, ამ ეტაპზე ეს პროცესები პილოტურ და ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს. აუცილებელია, გადამამუშავებელი სექტორის გაძლიერება, ამ ეტაპზე ეს სექტორი განვითარების საწყის ეტაპზე და მხადაჭრას საჭიროებს. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის ინფორამციის მიწოდება იმ როლის შესახებ, რაც მათ შეუძლიათ ითამაშონ, როგორც ნარჩენების შემცირების, ისე გადამუშავების ხელშეწყობის კუთხით” - განაცხადა ნინო თევძაზემ CENN-ის ნარჩენების მართვის პროექტების მენეჯერმა



გარემოს დაცვის საკითხებში, საზოგადოებრივ როლზე და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობს CSR-ის სპეციალისტი თამუნა კვარაცხელიაც. მისი თქმით, მოქალაქეებსაც და კერძო კომპანიებსაც  უნდა ჰქონდეთ სოციალური პასუხისმგებლობა, რომ დაიცვან გარემო და არ დააბინძურონ ბუნება.

"ყველა ჩვენგანმა უნდა დაიწყოს თუნდაც იქიდან, რომ არ დავყაროთ ნაგავი, გამოვიყენოთ რაც შეიძლება ნაკლები პლასტიკატი (მაგ., ცელოფნები და ა.შ.), დავზოგოთ ელექტროენერგია, წყალი... და ეს ყველაფერი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი უნდა გახდეს. ბიზნესიც, ჩვეულებრივად, ამ საზოგადოებს ნაწილია და როგორც თითოეულ მოქალაქეს, ისევე მას - როგორც კორპორაციულ მოქალაქეს - ევალება ფრთხილად მოექცეს ბუნებრივ რესურსებს და თუ გაუმჯობესებაზე არ ზრუნავს, მისი დაბინძურებისგან მაინც უნდა შეიკავოს თავი. მდინარეები ბუნების და ეკოსისტემის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. ბევრი კომპანია ცდილობს დააყენოს დამცავი სისტემები, რათა მდინარეში არ მოხდეს დაბინძურებული წყლების გაჟონვა. მაგალითად, ბევრ სასტუმროში შეხვდებით თხოვნას, ხელახლა გამოიყენოთ პირსახოცები, ვინაიდან ხშირი რეცხვა მდინარეებში მეტი სარეცხი საშუალების გაჟონვას და შესაბამისად, მეტ დაბინძურებას ნიშნავს. მსოფლიოში ძაილან ბევრი კარგი მაგალითია იმისა, როგორ უნდა მოხდეს მდინარეების დაცვა სამშენებლო თუ საყოფაცხოვრებო დამაბინძურებლებისგან" - აცხადებს თამუნა კვარაცხელია



რამდენად გრძნობენ მოქალაქეები და კერძო კომპანიები, კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას, ეს ცალკე საკითხია. ფაქტია, რომ არსებული რეალობა, განსხვავებულ სურათს გვიჩვენებს. სფეროს ექსპერტების შეფასებით, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, აუცილებელია სახელმწიფო უწყების მხრიდან მეტი კონტროლი, სამართალდამრღვევების იდენტიფიცირება და ფურცელზე დაწერილი კანონის, ეფექტურად აღსრულება.




Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.