ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში SMART მონიტორინგისა და პატრულირების სისტემის დაინერგება
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო საქართველოს
დაცულ ტერიტორიებზე რეინჯერთა პატრულირების ხარისხის გაუმჯობესების
მიზნით, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას აპირებს.
ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„დაცული ტერიტორიების მართვისა და რეინჯერთა პატრულირების ხარისხის
გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა,
სადაც თავს მოიყრის ბიომრავალფეროვნების აღრიცხვისა და დაცულ
ტერიტორიებზე კანონაღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების ერთიანი
მონაცემები. დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებს გადაეცათ
SMART მოწყობილობები, სადაც ინტეგრირებულია
აღნიშნული აპლიკაცია. ახალი SMART მონიტორინგისა და პატრულირების
სისტემის დანერგვა უფრო მეტად ოპერატიულს და ეფექტიანს გახდის
რეინჯერთა პატრულირებას და, შესაბამისად, დაცული ტერიტორიების
მართვას”, - განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ,
ვალერიან მჭედლიძემ.
SMART მონიტორინგისა და პატრულირების სისტემის
დანერგვა დაცულ ტერიტორიებზე გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის
(GEF), გაეროს განვითარების პროგრამისა
(UNDP) და კავკასიის ბუნების ფონდის
(CNF) ფინანსური მხარდაჭერით, „დაცული ტერიტორიების
სისტემის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა’’ პროექტის ფარგლებში
ხორციელდება. ინიციატივის პარტნიორია ფონდი „Global
Conservation”.
SMART მონიტორინგისა და პატრულირების სისტემის პილოტირება დაცულ
ტერიტორიებზე 2019 წლიდან დაიწყო. რეინჯერებისთვის შესაბამისი
ტრენინგები სახეობათა ცენტრის „ნაკრესი“ მხარდაჭერით ტარდება.
სისტემის დანერგვა საქართველოს ყველა დაცულ ტერიტორიაზე მოხდება. ამ
ეტაპზე SMART პატრულირება განხორციელდება ბორჯომ-ხარაგაულის,
ლაგოდეხის, მტირალას, კინტრიშის და მაჭახელას დაცულ ტერიტორიებზე 118
რეინჯერის მიერ. აღნიშნულ პარკებს 2021 წლის ბოლომდე შეუერთდებიან
თუშეთის, ყაზბეგის, ალგეთის და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების
98 რეინჯერი. მიმდინარე წლის ბოლოსთვის დაცული ტერიტორიების 80%
აღჭურვილი იქნება SMART მონიტორინგისა და პატრულირების სისტემის
მოწყობილობებით.
„UNDP-ისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს უნიკალური
ბუნების დაცვა და მართვის გაუმჯობესება, რაშიც ჩვენ აქტიურად
ვეხმარებით დაცული ტერიტორიების სააგენტოს. ახალი SMART ტექნოლოგიები
ხელს შეუწყობს დაცვისა და მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვას
და, საბოლოოდ, ის უზრუნველყოფს არა მარტო უნიკალური ბუნების დაცვას,
არამედ ტურიზმის განვითარებას და შემოსავლების ზრდას“, - განაცხადა
გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა ლუიზა
ვინტონმა.
აღსანიშნავია, რომ გაეროს განვითარების პროგრამის მმართველობის
რეფორმის ფონდის (GRF) მხარდაჭერით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს
20-ვე ადმინისტრაციის რეინჯერებმა გაიარეს პირველადი სამედიცინო
დახმარების კურსები. ყველა დაცული ტერიტორია აღიჭურვა პირველადი
სამედიცინო დახმარების ყუთებით.